„ამ ერთობით, პირველ რიგში, ვუპასუხეთ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას. დიდი ხანია, ისინი ამას არა მხოლოდ მოითხოვდნენ, არამედ გარკვეულ ზეწოლასაც ახდენდნენ პროდასავლურ ოპოზიციაზე, რომ შემდგარიყო დიდი გაერთიანება“ _ უთხრა „გურიის მოამბეს“ ოპოზიციის გაერთიანების თემაზე კომენტირებისას ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ.
მისი თქმით, მართალია ამ ეტაპისთვის ყველა პროდასავლური ოპოზიციის ერთობა ვერ მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარი მოიხურა და მორჩა: „ჩემი აზრით, ბოლოს მაინც ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლის გამართვა იმ დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ივანიშვილმა მოიტანა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ჩვენს რეგიონში ერთობას, ამას უბრალოდ, ალტერნატივა არ აქვს. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ გადავდოთ ყველაფერი გვერდით, განსაკუთრებით წარსული წყენები, გულისტკივილები და დავდგეთ ერთად, რადგან ჩვენს უკან დგას საპროტესტო ელექტორატის დიდი არმია. მათ უნდათ, ისინი ელოდებიან ჩვენს ერთად დანახვას და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ბევრთან პირადად უკვე მქონდა კომუნიკაცია, უმეტესობა, წლებია, ჩემი თანამოაზრე და თანამებრძოლია, დაწმუნებული ვარ, ჩვენს ერთად დგომას წინ ვერაფერი დაუდგება. ძალა მხოლოდ ერთობაშია!“ _ უთხრა გამოცემას წინა ხელისუფლების დროს მაღალჩინოსანმა და ახლა ოპოზიციონერმა.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ ყოფილი კოლეგის ზემოხსენებულ პოზიციას. „ნეტა, თუ გჯერა, კახა, შენი ნათქვამის“ _ დაწერა ელისო ჭიჭინაძემ, ლესის მაჟორიტარმა „ქართული ოცნებიდან“.
უფრო მწვავე იყო „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დარეჯან (მაცაცო) ბურჭულაძის კომენტარი: „ცალ-ცალკე ხო გლეჯდით ყველაფერს და გაერთიანებული??? დღევანდელ ოპოზიციას ზუსტად ერგება: გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე, ეგ შენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო“.
მას ჟურნალისტმა გიორგი მორჩილაძემ ურეპლიკა: „აბა, რა, ქალბატონო მაცაცო, ოპოზიცია „ხალხის ძალა“ რომ არის, ეგეთი უნდა“. ამაზე საკრებულოს წევრმა პასუხი დაუბრუნა: რადიკალებს ვერ დავემსგავსებით, ღმერთმა დაგვიფაროსო.




