სანამ გმირებად იქცეოდნენ, ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ… ცელქობდნენ, ზოგჯერ გაკვეთილებს აცდენდნენ, ალბათ, მშობლებსაც აბრაზებდნენ. უყვარდათ, ოცნებობდნენ და საკუთარ მომავალს გეგმავდნენ…
მათ შორის იყო, ლანჩხუთელი ბიჭი რუსული გვარით მორჩილაძის ქუჩიდან – ვასილ (მიმი) სმირნოვი 1980 წელს დაიბადა, არასრული საშუალო განათლება რუსულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ლანჩხუთის კოლეჯში სწავლობდა. 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამახურში გაიწვიეს, შემდეგ კი 3 წელი ქუთაისში, „კომანდოს“ ბატალიონის საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა. 2004 წელს სამაჩაბლოში იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, დედა თხოვდა, აღარ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, რადგან სამაჩაბლოს ომის დროს, ვასილი 2 დღე დაკარგული იყო, ჯარისკაცები ალყაში ყოფილან, დაჭრილებიც ბევრი იყო, სასწრაფოც კი ვერ ახერხებდა თურმე შესვლას. 2 დღის შემდეგ კი, მოუხერხებიათ ალყიდან მათი გამოყვანა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მან კვლავ გააგრძელა კომანდოში სამსახური _ ამჯერად 4 წლიანი ხელშეკრულებით. 2007 წელს ერაყში იმყოფებოდა საბრძოლო მისიით, სადაც 7 თვე დაჰყო და 2008 წლის თებერვალში სამშობლოში დაბრუნდა. აგვისტოში კი საკუთარი სამშობლოს მიწა-წყლის დასაცავად მოუხდა ბრძოლა.
დედამ ვასილი ბოლოს 2008 წლის 3 აგვისტოს ნახა, სავარაუდოდ, ბიჭს რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა, რამდენჯერმე მობრუნდებოდა, დედას შეხედავდა და წავიდოდა…
7 აგვისტოს კი ქუთაისის 32-ე ბატალიონი ცხინვალში გადასხეს. რუსებმა ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს და საჰაერო სივრცეში ახორციელებდნენ შეტევებს. ოკუპირებული ტერიტორია ქართველმა ჯარისკაცებმა თავდაცვის სამინისტროს ბრაძანებით დატოვეს, ბევრმა ბრძოლის ველის დატოვება ვერც მოსაწრო და მტრის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ვასილი მაშინ მტრებს გადაურჩა. იგი 5 დღე იბრძოდა ცხინვალში. 12 აგვისტოს რუსებმა საჰაერო იერიში გორზე მიიტანეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი მგზავრებთან ერთად ადგილზევე გარდაიცვალა.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ვასილის დედა (შუაში) გმირის საფლავზე, 08.08.2025წ.
ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ვასილი 12 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. ისინი დილიდან უშედეგოდ ელოდნენ მის გამოჩენას. 3 დღის ძებნის შემდეგ ახლობლებმა მისი ცხედარი ხაშურის ,,მორგში~ აღმოაჩინეს სხვა დაღუპულ მეომრებს შორის.
,,ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ჩემს შვილთან. იმ დღესაც დილით დამირეკა, მოვდივარ მშიერ-მწყურვალი, დასვრილიო. მთხოვა თბილი წყალი დამეხვედრებინა მისთვის. რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, გვარი რუსის რომ აქვს, ტყვედ ხომ არ ჩავარდა-თქო, რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი შვილი უკვე აღარ იყო“ – იხსენებს ვასილის დედა, ნინო ტუღუში.
ვასილი ლანჩხუთში ჩამოასვენეს, მას ძმათა სასაფლაოზე უპირებდნენ დაკრძალვას, როგორც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირულ ვაჟკაცს. მაგრამ ოჯახმა არჩია მისი ცხედარი მშობლიურ ლანჩხუთში დაესაფლავებიათ. გაცვლის მეთაური სიცოცხლეშივე, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 2008 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას 28 წელი შეუსრულდებოდა. მაგრამ მუხანათმა დრომ ჯარისკაცს სიცოცხლე ოქროს დაბადების დღემდე მოუსწრაფა.
აგვისტოს ომში მისი ძმა და 2 ბიძაშვილი იბრძოდნენ, თუმცა დედას მხოლოდ ვასილის შიში ჰქონდა:
„გული მიგრძნობდა, რომ რაღაც დაემართებოდა. ჩემი მეორე ვაჟი მე-4 ბრიგადაში მსახურობდა თბილისში, მაგრამ არ მეშინოდა. ვასილი ქუთაისში მსახურობდა, ახალი ჩამოსულები იყვნენ ერაყიდან და ისინი შეიყვანეს წინა ხაზზე. იგი უშიშარი იყო, ბრძოლის ველს არ დატოვებდა და ამიტომ მქონდა შიში, ნამდვილად მამაცი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, 2004 წლის სამაჩაბლოს ამბების შემდეგ აღარ წავიდოდა ჯარში. ყველა აგვისტოს თვე ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ წესიერი და პატიოსანი შვილი გავზარდე. დიდი, ახოვანი ბიჭი იყო, მართლაც ტყვიის მეტი ვერაფერი წააქცევდა. თავიდან მომატყუა, ომში არ ვარო, მაგრამ ტელეფონში ისმოდა ტყვიების ზუზუნი. მე ვინ წამიყვანს ჯარშიო, მითხრა. მაგრამ რეზერვისტები, გამოუცდელი ბავშვები მიჰყავდათ და მაგას ვინ დატოვებდა?“ _ იხსენებს გმირის დედა.
ვასილის სახელობისაა უბანი, სადაც იგი ცხოვრობდა…
გმირი ბიჭი მორჩილაძის ქუჩიდან მალე 45 წლის გახდებოდა…


