ვის შეუჭამა ცხელი თონის პური გაკვეთილზე, რატომ ვერ იპარავდა ბავშვობაში ბალს და როგორ შერჩა რაიკომის მდივნობაზე მეოცნებე ლევან გიორგაძეს პედაგოგის გათოშილი სკამი

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ლევან გიორგაძე ახლა და ბავშვობაში დედასთან ერთად

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი მასწავლებელი ლევან გიორგაძე იუბილარია _ დიდი სიყვარულით ვულოცავთ 50 წლის შესრულებას!

ისეთი სათაური გამოვიტანეთ, ალბათ, იფიქრეთ, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და ბავშვობიდან მოყოლებული ისტორიები გავახსენებინეთ. არ დაგვჭირვებია გარჯა, ნიჭიერ და განათლებულ კაცს, რომელიც ათეული წლებია, ყველაზე რთულ საქმეს _ „გურიას“ სტატისტიკის შეგროვებასაა შეჭიდებული, სადაც ერთ ციფრსაც შეუძლია, კლუბის მთელი ისტორია გადმოაყირავოს, თავისი განვლილი გზის გადმოცემა გაუჭირდებოდა?

ჰოდა, აგერ, ბატონო, „საანგარიშო სიტყვა ნახევარი საუკუნის თავზე“:

„ყველაფერი დაბადებით იწყება…

დავიბადე უსუსური და როგორც გურულები იტყვიან, „ჭიამკვდარა“…

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჭიპი სამედიცინო დაწასებულებაში მოიჭრა, თუმცა,  ბებიაჩემის და მშობლების სურვილის მიუხედავად, ექიმი მაინც ვერ გამოვედი…

ჩემმა ბავშვობამ თვალწინ რომ გამირბინა, ბევრი გამახსენდა, მაგრამ, რამდენიმე დეტალს დავწერ:

ბავშვობაში ერთადერთი ცოდვა ჩავიდინე – მასწავლებელს ცხელი შოთის პური შევუჭამე შუა გაკვეთილზე.

ბალი არასდროს მომიპარავს. მინდოდა, მაგრამ იმოდენა ღიპ-ღაბაბი მქონდა,  ხეზე ვერ ავდიოდი.

5 წლისა შევედი სკოლაში და 16-სამ დავამთავრე ის. 

ცუდად ნამდვილად არ ვსწავლობდი _ ატესტატში ერთი 4-იანი და დანარჩენი ფრიადი მიწერია.

მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე – ფლეიტის კლასი (დაკვრა არ მახსოვს).

16 წლისამ ულვაშები დავინშვენე და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე (დაუსწრებლად ვსწავლობდი). ადრე ისტორიულს რაიკომის მდივნები ამთავრებდნენ, ხოდა, ვიფიქრე… (თუმცა გარკვეული პერიოდის მანძილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ვიყავი).

რაიკომის მდივანი არა და მასწავლებელი კი გავხდი და თბილი სავარძლის ნაცვლად,  მასწავლებლის გათოშილი სკამი და თვეობით აუღებელი ხელფასი შემრჩა ხელში…

… მაგრამ არასდროს მინანია არჩევანით. მაშინ 18 წლის ვიყავი. 1994 წლიდან სკოლაში ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ საყვარელ ხალხთან ერთად ბავშვებისთვის(ორიანების წერა არ მიყვარს).

50 წლის გადასახედიდან ზურგს უკან მიხედვა არ მეშინია…

ჩემით უკმაყოფილოები მეყოლებიან, თუმცა დედ-მამის მაგინებელი არავინ.

ლევან მასწ. სკოლის სპორტულ აქტივობებშიაქტიურადაა ჩართული

ხო, მართლა, დამავიწყდა მეთქვა, ბევრი ძუძუმტე მყავდა. ერთს, ამირან ზენაიშვილს ერთი დღით ადრე შეუსრულდა საიუბილეო თარიღი. უშველებელი კაცია. მე ახალგაზრდობაში 172 სმ. ვიყავი, ახლა უფრო პატარა ვარ

დღემდე ვაყვედრი – ცოტა ჩემთვისაც მოეტოვებინა დედამისის რძე…

ოჯახი მყავს – მეუღლე და ორი ვაჟკაცი.

ანგარიშს ერთი სტროფით ვამთავრებ (ახლობელმა მომწერა პირადში):

50? არაფერია.        

ჯერ ხომ შუადღის ჟამი დამდგარა,                                         

შუადღის მზე ხომ უფრო ცხელია,                                             

უფრო მწველი და უფრო თაკარა

P.S. არ გეგონოთ,  მშობლები და დედმამიშვილი დამავიწყდა. ღმერთს მადლი, რომ მშობლები კარგები მყავდნენ და დაიკო კიდევ მათი შვილიცაა და ჩვენნაირია…

3 აპნისი, ქრისტეს აქეთ 2026“ _ წერს ლევან გიორგაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„გურია თუდეი“ კიდევე ერთხელ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს იუბილარს, რომელიც ყოველთვის საჭირო დროს, ოპერატიულად გვაწვდის „გურიას“ სტატისტიკურ მონაცემებს.

რას ჩივი?