დღეს ლანჩხუთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა კოლორიტი რევაზ იმნაძე. კაცი, რომელიც ამშვენებდა ქალაქს… შეუძლებელია, მას ვინმე ნაწყენი ჰყოლოდა. ყველას ეფერებოდა, ტკბილი, გემრიელი კაცი იყო…
ასევე ცნობილი მეუღლე ჰყავდა _ ამალია ხუხუა მარტო კარგი ექიმი არ იყო, გულშემჭირნე, რომანტიკული, ადამიანების, ქვეყნის, ჩვენი პატარა რაიონის ძალიან მოყვარული, მოკეთე, თანამდგომი, თანამოაზრე გახლდათ…
იგი ნამდვილად იყო მოღვაწე, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
მისი სახელი ლეგენდად დარჩა ლანჩხუთის ახლო ისტორიას…
ბატონ რეზოს თავისივე ლექსით ვემშვიდობებით, რომელიც მან ქალბატონ ამალიას მიუძღვნა და სამიოდ წლის წინ მოგვიტანა რედაქციაში. ძალიან დარდობდა მეუღლის გარდაცვალებას…
ვაი, რა ბოძი წამექცა, ქვეყანა თავზე დამექცა,
ანგელოზებთან დაფრინავს, ცოლი ზეცაში გამექცა.
დავრჩი ეულად ამ ქვეყნად, ვტირი დღეცა და ღამეცა,
დამტოვე წაქცეული და სისხლი რატომ არ ჩამექცა?!
შენთან რად არ წამიყვანე, ერთად გვეცხოვრა მარადის,
რომ წამიყვანოს სიკვდილმა, სანამდე ვდიო, სანამდეე!
ამოტივტივდა სულ ყველა, რაზედაც გული გატკინე,
ამიტომ ვბღავი, ვტირივარ, მეუღლევ, რისთვის გაწყინე.
ვერ დაგაფასე, ძვირფასო, ოქრო არასდროს მქონია,
მაგრამ შენ იყავ ჩემ გვერდით, თურმე რა ცოლი მყოლია.
ახლა ერთად არიან, უკვე სამუდამოდ…
ნათელში იყოს ლანჩხუთის ორი გამორჩეული ადამიანის სული…


