„გურია თუდეი“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ზედიზედ მესამედ ბესიკ ტაბიძე გახდება. სახელისუფლო კულუარებში მის კონკურენტად მოაზრებული და წინა საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე ვერიკო კვირკველია ახლა პირველი მოადგილე იქნება.
თანამდებობას შეინარჩუნებს გიორგი ჩახვაძე, რომელიც წინა საკრებულოშიც მოადგილე იყო. ბესიკ ტაბიძის ახალი მოადგილე კი „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია ლომთაძე გახდება, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში პირველი მოადგილის, ემზარ თევდორაძის მეუღლეა.

ქარდი „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდიდან | ვერიკო კვირკველია, მაია ლომთაძე და გიორგი ჩახვაძე
ლანჩხუთის საკრებულოში ხუთივე კომისიას იგივე თავმჯდომარე ეყოლება. იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას ისევ გოგი ხელაძე უთავკაცებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას კი _ გიორგი იმნაიშვილი. ასევე თანამდებობებს შენარჩუნებენ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კარლო (კახა) კვიტაიშვილი და ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა წულაძე.

ქარდი „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდიდან | ალექსანდრე მახათაძე, გიორგი იმნაიშვილი, კარლო კვიტაიშვილი, გიორგი ხელაძე და ზაზა წულაძე
რაც შეეხება ფრაქციებს _ „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ისევ ია მოქია უხელმძღვანელებს. საკრებულოში „ხალხის ძალა“ შექმნის ფრაქციას და მას დარეჯან ბურჭულაძე ჩაუდგება სათავეში. ამ ეტაპზე ოპოზიცია ფრაქციას ვერ ქმნის, თუმცა ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუ სამივე წარმომადგენელი_ გოჩა ჯანაშია („ძლიერი საქართველო – ლელო“), ჯუმბერ ბლაგიძე („გახარია საქართველოსთვის“) და თორნიკე მითაიშვილი („გირჩი“) შეთანხმებას შეძლებენ.

ქარდი „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდიდან | ია მოქია და დარეჯან ბურჭულაძე
ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 30 ოქტომბერს, დილის 11 საათზე დაიწყება.


