[ექსკლუზივი] ლანჩხუთის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ალექსანდრე სარიშვილს მესამედ დაასახელებს!

|

Loading

ალექსანდრე სარიშვილი

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ლაჩხუთის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს, ალექსანდრე სარიშვილს დაასახელებს. ოფიციალური წარდგენა თბილისში ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მოგეხსენებათ, 11 აგვისტო შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღეა და ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების დასახელება კვირისთვის, 10 აგვისტოსთვის გადმოიტანა.

ეს სარიშვილის მესამე წარდგენა იქნება მერის არჩევნებში და ამ მხრიც, იმ იშვიათ კოლეგებს შორის მოხვდება, რომლებიც ქალაქს/მუნიციპალიტეტს 2017 წლიდან თავკაცობენ და „ოცნება“ ისევ დაასახელებს.

აღსანიშნავია, რომ მისი კანდიდატურა თავიდანვე უალტერნატივოდ სახელდებოდა, უბრალოდ, კითხვას ერთი საკითხი ტოვებდა _ იგი უკვე იყო ორჯერ არჩეული. კულუარებში შესაძლო ალტერნატივად სახელდებოდა ერთი გვარი და ორი სახელი: შოთა ჩხაიძე გურიის გავლენიანი პროკურორია, სოსო ჩხაიძე _ თბილისში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენი, მაგრამ თუ ხელისუფლება სთხოვდა, სავარაუდოდ, ისინი დასთანხმდებოდნენ. თუმცა, როგორც გამოჩნდა, ამის საჭიროება მმართველ პარტიას არ დაურჩა.

„[სტუდენტობის დროს] ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი ვიყავი, აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი. უსამართლობას, ადამიანის ჩაგვრას ვერ ვეგუები. ბუნებით ვარ ასეთი. აქტიურად ვიყავი ჩართული აქციებშიც და რეზინის ხელკეტების სიმწარეც არაერთხელ განმიცდია.  2011 წელს წავედი ჩემს მშობლიურ გურიაში და 9 კაცმა დავაფუძნეთ საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მაშინ პარტიის [„ქართული ოცნების“] სახეც არ ჰქონდა. სხვაგვარად არ შემეძლო, რადგან ზუსტად იგივე განცდა და შესაბამისად, ისეთივე პროტესტი მქონდა, როგორც უნივერსიტეტში აბაშიძის დროს. ადამიანები ჩემთან გამოჩენას ერიდებოდნენ და იცით, რას ამბობდნენ ჩემს სოფელში ჩემი გურულები? –„ტიტუ, აი ბაღანაი, რაფერი ჭკვიანი გვეგონა, ჩამევიდა და დარბის ზეით-ქვეითო“. მერე დაიწყო მუქარები, შანტაჟები და სხვადასხვა შემოთავაზებები, რომ გავჩერებულიყავი“ _ ამბობდა სარიშვილი „გურია თუდეისთან“ ინტერვიუში 2017 წელს, როცა ლანჩხუთის მერი პირველად გახდა. მაშინ იგი 33 წლის იყო.

ამჟამად, მოქმედი მერი 41 წლისაა. 2013 წლიდან 2017 წლამდე იგი ჩოჩხათის თემის მაჟორიტარი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო ლანჩხუთის საკრებულოში. ახლა იგი „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს და დიდი ალბათობით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ისევ სახელისუფლო პარტიის შტაბის უფროსი იქნება.

„დღეს ბედნიერი ვარ, რომ ქვეყანაში უსამართლობა აღარ სუფევს და მაქვს ფუფუნება, მეამბოხე გურულის მთელი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება, მუნიციპალიტეტის განვითარებას შევალიო _ ამბობდა სარიშვილი 8 წლის წინ, „გურია თუდეისთან“ საუბარში.

რის გაკეთება შეძლო მან განვლილ 8 წელიწადში, რაც ლანჩხუთს დაეტყო. ესაა გალამაზებული ქალაქის ცენტრი და ინფრასტრუქტურული პროექტები (გზა, წყალი, ბუნებრივი აირი) მუნიციპალიტეტში, თუმცა დღესაც რჩება მიუვალი ადგილები სოფლებში და მოსახლეობა, რომელიც სარეცხის გასარეცხად წვიმის წყალს აგროვებს.

ალექსანდრე სარიშვილის (ფოტოზე შუაში) წინასაარჩევნო კამპანია, 2017 წ.

რა თქმა უნდა, მერისგან მეტს ითხოვენ, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე სარიშვილის პერსონის მიმართ ლანჩხუთში დადებითი განწყობაა და იგი მოსახლეობის სიყვარულით სარგებლობს. სარიშვილმა მერის წინა ორივე არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტული მხარდაჭერა მიიღო.

ლანჩხუთის ოპოზიციას, რომელიც მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, მერის მიმართ კორექტული დამოკიდებულება აქვს, რაც, სავარაუდოდ, სარიშვილის პიროვნული დამსახურებაცაა. ყოველ შემთხვევაში, 8 წლის განმავლობაში, იგი ერთხელაც არ გახვეულა ხმაურიან სკანდალში, მით უფრო, მისი სახელი არ დაუკავშირებიათ კორუფციასთან.

აქვე გეტყვით, რომ ლანჩხუთის მერობისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტი იქნება ყოფილი თანამებრძოლი, „ქართული ოცნების“ ძველი გვარიის წარმომადგენელი _ დავით ჩხაიძე, რომელიც კენჭს „გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრის.

„გურია თუდეის“ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ოფისში უთხრეს, რომ მერის კანდიდატურაზე მსჯელობენ. „ჯერჯერობით, არაფერია გადაწყვეტილი, შერჩევის პროცესში ვართ. უახლოეს დღეებში დავასახელებთ ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებსაც, ხელისუფლებისთვის სიურპრიზებიც გვექნება“ _ გვითხრა პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს წევრმა, გოჩა ჯანაშიამ

რაც შეეხება „გირჩს“ _ როგორც მისმა ადგილობრივმა ლიდერმა, თორნიკე მითაიშვილმა გვითხრა, პარტიას მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

ცნობილია, რომ სხვა მთავარი ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

მათე გურული

რას ჩივი?