დღეს ჯიხეთობაა! ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ _ მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია…

|

Loading

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი

„თურმე დედებს მეტად აწვალებდა უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი სამი მტრედისათვის მიუნდიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი – ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ“

ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი – ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.

ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 წელს ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. მიუხედავად ამისა სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასდროს შეუწყვეტია. 1989 წელს ჯიხეთის მონასტერში განწესებულ დედა საბიანას აქ ორი ღრმად მოხუცებული სამონაზვნე დახვდა: დედა ევდოკია და დედა ანასტასია.

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილია სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.

თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში.

მამა ანდრია სამება-ჯიხეთის მონასტრის ეზოში, 2025 წ. | ეთო ჭყონიას ფოტო

პირველი წინამძღვარი და დედათა მონასტრის დამფუძნებელია დედა ელენე (მგალობლიშვილი).

ჯიხეთის წინამძღვარი მონაზვნები იყვნენ: ანასტასია ლორთქიფანიძე, მარინე გოგეშვილი, ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, სქემონაზონი მარიამი, მონაზონი მართა სიხარულიძე, მონაზონი ელისაბედ ხონელია, იღუმენია თეონა თევზაძე, მონაზონი ბარბარე მახარაძე და სხვები. ღირსეული მოძღვარნი ჰყავდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს: დეკანოზი ივანე წეროძე, დეკანოზი ეპიფანე ხონელია, იღუმენი დავით ჯინჭარაძე, მღვდელ-მონაზონი მელქისედექ მიქავა, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ ღლონტი, არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარია და სხვანი.

გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი ბრმა მართა. ბევრი გაუკვირვებია ერთ-ერთი მღვდლის ცოლს. ღმრთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეფარებია.

დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ცოცვა-ვედრებით მონასტერშივე აღესრულა და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.

სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება და ზრუნვა არასდროს მოკლებია ღმრთითკურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.

მონასტრის აღმშენებლობით სამუშაოებში წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას, ლანჩხუთის მრევლს. აღსანიშნავია ლანჩხუთის რაიკომის ყოფილი მდივნის ემზარ ბერიძის, ჩაის ფაბრიკის დირექტორის, სამტრედიის რაიონის #2 საამშენებლო საწარმოს დირექტორის ნოდარ დოლიძის, ასევე მისი მოადგილის შუტა ლორიას და სხვათა წვლილი.

განსაკუთრებული და განუსაზღვრელია მონასტრის დღევანდელი წინამძღვრის არქიმანდრიტ ანდრია კბილაშვილის ამაგი ჯიხეთის დედათა მონასტრისა და მთლიანად გურიის რეგიონში ეკლესია-მონასტერების აღდგენა/მშენებლობის საქმეში.

წაიკითხეთ: „გავერანების პირას მდგარი [ჯიხეთის] კომპლექსი წალკოტად აქცია… მის სახელს უკავშირდება ჯუმათისა და უდაბნოს მონასტრების აღდგენაც…“ – გურიის „გრიგოლ ხანძთელი“, მამა ანდრია 70 წლისაა!

ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული – ჯიხეთობა.

რას ჩივი?