ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ლელა ჩახვაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და თანამემაულეების გვერდში მდგომი და დიდი იმედია, ასევე ემიგრაციაში მყოფი თანაქალაქელის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს _ ელგუჯა ანდღულაძე, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს გადიოდა, სამწუხაროდ, გასულ კვირაში გარდაიცვალა.
„ერთი მიწა-წყლის შვილები შემთხვევით აგვისტოს თვეში შევხდით ერთმანეთს, მალე გავიგე, რომ უმძიმესი იყო შენი მდგომარეობა, მეც გითხარი, ოჯახთან დაბრუნებულიყავი, მაგრამ შენ დარჩენა გადავწყვიტე. შენი ბოლო დღეების ჭირისუფალი მხოლოდ მე და დათო ვიყავით, ბოლოს შენი დედის მაგივრად რომ გადაგისვი თავზე ხელი და გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, თვალის უპეში ჩამდგარი ცრემლის მოწმეც ჩვენ ვიყავით, ელგუჯა. მხოლოდ დღეს შევძელი გამოსათხოვარი სიტყვა დამეწერა, როცა უკვე გაგაცილეთ სამშობლოში და პირნათლად შევასრულე ჩემი დანაპირები შენს მეუღლესთან და შენს გამწარებულ დედასთან, რომ შენ უპატრონო გარდაცვლილი არ იქნებოდი და მალე ჩაეხუტებოდნენ მონატრებულ შვილსა და მეუღლეს. მსუბუქი იყოს, ძმაო, შენზე დაყრილი ქართული მიწა, შენმა სულმა კი დაივანოს, სადაც მართალნი განისვენებენ“ _ წერს ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსი.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ელგუჯა ანდღულაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.


