„დღეს ბევრი პაციენტი ჰყოლია, არაფერი შეუმჩნევიათ… თითქმის სახლამდე იყო მისული, ცუდად გამხდარა და ტაქსს კლინიკაში წაუყვანია, მაგრამ…“ _ ლანჩხუთს „ჩვენი შვილების ნანა ექიმი“ აღარ ჰყავს

|

Loading

ნანა ქევხიშვილი

ლანჩხუთელები გამორჩეულ ბავშთა ექიმს, ნანა ქევხიშვილს ემშვიდობებიან. იგი ათწეულების მანძილზე მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში, პროფესიონალიზმით, ყურადღებითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა.

ბოლო დროს ცოტათი ავადმყოფობდა, თბილისშიც იმყოფებოდა სამკურნალოდ. ჩამოსვლისთანავე სამსახურში დაბრუნდა _ მას ხომ პატარა პაციენტები ელოდნენ… მათ მშობლებს ეიმედებოდათ მისი და ისიც ვერ გაუცრუებდა იმედს.

დღესაც ბევრი პატარა მიუღია. მისი კოლეგები ამბობენ, რომ არაფერი უთქვამს, თუ შეუძლოდ იყო, პირიქით _ მშვენივრად გამოიყურებოდაო. საღამოს, სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში ტაქსით წასულა, მაგრამ გზაში ცუდად გახდა და მძღოლს „მედალფაში“ გადაუყვანია. კოლეგები ბევრს ეცადნენ, მაგრამ სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა…

„დღეს, როგორც პაციენტმა, ბოლოჯერ ვნახე ჩემი ოჯახის ექიმი, ჩემი იმედი, ჩემი ნანა ექიმი… რას ვიფიქრებდი, ბოლოჯერ ვნახავდი. ძალიან გული დამწყდა, საუკეთესო ექიმი და საუცხოო ადამიანი იყო… მისი ნომერი ჩაწერილიც არ მქონდა, ზეპირად ვიცოდი, ძალიან მეწყინა, უაღრესად ყურადღებიანი იყო…“
_ ამბობენ ნანა ექიმის გარდაცვალებით დამწუხრებული ლანჩხუთელები.

გამორჩეულ ექიმს ემშვიდობება კოლეგა, ასევე ღვაწმოსილი მედიკოსი ვარდო ჩხარტიშვილი: „ჩემო ნანა… როგორ უეცრად და მოულოდნელად დაგვტოვე… უდროოდ გამოაკლდი ჩვენს გუნდს. ძალიან მიჭირს გაფიქრება, რომ ყოველ დილით შენი ლამაზი ღიმილით არ მომესალმები ჩვენს კაბინეტში. ჩვენ ხომ ყოველთვის მშვიდად, ლამაზად ვუზიარებდით ერთმანეთს პროფესიულ თუ ოჯახურ ამბებს. ჩემო გოგო, შენ საუკეთესო ექიმი იყავი. შენს სახელს დავიწყება არ უწერია. ამისთვის მრავალი ტიტული გაქვს… საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო კოლეგა, საუკეთესო შვილების, მონაგარის ულამაზესი დედა და ბებია. კიდევ უამრავი სიყვარულის დატოვება შეგეძლო. ჩვენს დროში ძალიან ძნელია შენნაირი ადამიანის პოვნა… ძალიან მატკინა გული შენმა გარდაცვალებამ. 5 წუთის დაშორებულები ვიყავით. ლამაზი ღიმილი დამიტოვე და ბედნიერი უქმე დღეები მისურვე… სახლამდე ვეღარ მიაღწიე. არადა, რა ყოჩაღად გამოიყურებოდი იმ დღეს. ჩემო საყვარელო, სულით მდიდარო, დინჯო, მშვიდო და ძალიან ნიჭიერო ქალბატონო… იძინე მშვიდად… მუდამ მემახსოვრები… გემშვიდობები, ჩემო „ნანიკო“_ წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ექიმის, ნანა ქევხიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?