„გურია თუდეიმ“ ლანჩხუთის საკრებულოში „ბომბი გახეთქა“… „იქობამდე გახაზირებული“ ბიულეტენები, „ელანძე გადანიშნული“ თავმჯდომარეები და მთავარი ინტრიგა: ვინ არ მისცა ხმა ვერიკო კვირკველიას?

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან: ია მოქია, ბესიკ ტაბიძე, მაია ლომთაძე, ვერიკო კვირკველია

ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველმა სხდომამ უხმაუროდ ჩაიარა, თუმცა ინტრიგების გარეშე _ ვერა. ყველაზე საინტერესო კითხვა, რაც დამსწრეებსა თუ ლაივში მაყურებლებს დარჩებოდათ, ისაა _ „ქართული ოცნების“ რომელმა ორმა წევრმა არ მისცა ხმა თანაგუნდელ ვერიკო კვირკველიას, როცა მას თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირჩევდნენ…

ამ დროს საერთო აპლიდისმენტებს ბესიკ ტაბიძის ტაშიც დააკლდა, რამაც ინტრიგის მოყვარულებს „საფუძველი მისცა“, ერთ-ერთად მესამედ არჩეული თავმჯდომარე მიეჩნიათ. ამ არჩევნებამდე დღეებით ადრე ხომ „გურია თუდეიმ“ „ბომბი გახეთქა“, რომ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად სამთავრობო კულუარებში მასთან ერთად სწორედ ვერიკო კვირკველია სახელდებოდა.

როგორც ჩანს, სახელისუფლო/კულუარული ომი ტაბიძემ მოიგო, ან ეს ომი „თლა ზეით“ საერთოდ არ წასულა და თემა, უბრალოდ, „შემოგდებული“ იყო. თუმცა, ფაქტია, ლამის ერთპარტიულ საკრებულოში ამან მცირე ინტრიგა შეიტანა.

არადა, ბესიკ ტაბიძემ თავისიანების 29-ვე ხმა მიიღო და მხოლოდ ჯუმბერ ბლაგიძისა („გახარია საქართველოსთვის“) და თორნიკე მითაიშვილის („გირჩი“) ხმები გაბათილდა, ხოლო გოჩა ჯანაშიას („ძლიერი საქართველო – ლელო“) კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

მას უკვე გამონაცადი ჰქონდა თანაგუნდელების დემარში ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა პირველად ირჩევდნენ. მაშინ გახსნილი 16 ბიულეტენიდან მხოლოდ 8 იყო ექს-პოლიცმაისტერის მხარეს, თუმცა დარჩენილ კონვერტებში ალბათობის თეორიაზე ძალიან დიდი აცდენით, ძირითადად ტაბიძის გასწვრივ შემოხაზული „რგოლები“ აღმოჩნდა, რამაც პირველად გახადა საკრებულოს თავმჯდომარე…

ვინ იყო მეორე ადამიანი, ვინც მის პირველ მოადგილეს ხმა არ მისცა? რა თქმა უნდა, გადაჭრით ვერც ტაბიძეზე იტყვის ვერავინ და ამ შემთხვევაშიც, თუ მაია ლომთაძეს დავასახელებთ, ესეც უფრო ვარაუდების და კულუარული ხმების გამოა _ კვირკველიამ დაიკავა ლომთაძის მეუღლის, ემზარ თევდორაძის ადგილი საკრებულოს მთავარ „პრეზიდიუმში“ და…

ამის შემდეგ, როცა უკვე მოადგილედ მაია ლომთაძეს ირჩევდნენ, მას თანაგუნდელთა ერთი ხმა რომ დააკლდა, აქ უკვე შესაძლოა, კვირკველიას „რევანში“ იყო… თუმცა ასევე 28 თავისიანის მხარდაჭერა მიიღო გიორგი ჩახვაძემაც, რომელიც ისევ თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მისი „ინტერესი“, წესით, არავის უნდა ჰქონოდა და შესაძლოა, ზემომოყვანილი ვარაუდებიც რეალობისგან შორსაა და ვიღაცებმა „გადახაზვებით“ უბრალოდ, „იმაიმუნეს“ და „ინტრიგა ჩამოაგდეს“…

ყოველ შემთხვევაში, ზემოხსენებულ პირებს ბოდიშს ვუხდით, თუ უხერხულობაში ჩავაგდეთ ჩვენი ვარაუდების გამო.

თანამდებობის პირთა არჩევამდე, უფრო სწორად, „დანიშვნამდე“, ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა მიმართა დეპუტატებს, მიულოცა მათ და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.

ლანჩხუთის საკრებულოს პირველი სხდომა | ხმების დათვლის პროცესი

სანამ უხუცეს წევრს, გიორგი ხელაძეს უხმობდა და პირველი სხდომა გახსნილად გამოცხადდებოდა, ქალბატონმა თამარმა ისეთი ეპიტეთებით შეამკო ქართული არჩევნები, ლანჩხუთის კი არა, კალიფორნიის საოლქოს თავმჯდომარე გეგონებოდათ, სადაც ოპოზიცია არც ბოიკოტის რეჟიმშია, არც ქუჩაშია გამოსული ერთი წლის წინ „გაჟონილი“ ბიულეტენების გამო და ალბათ, არც სახელისუფლო რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება.

ახლა, ხელისუფლების მხარდამჭერებმა ფაქტების დადება არ მოგვთხოვოთ _ ოპოზიცია რომ ვერ თუ ზოგი არ დებს და ღობე-ყორეს მიედ-მოედება, არაფერს ნიშნავს და ყველამ კარგად იცის, როგორც ტარდება 30 წელია (იშვიათი გამონაკლისის გარდა), არჩევნები საქართველოში და მთავარი: გაყალბება მხოლოდ ბიულეტენების ჩაყრა სულაც არაა.

იქნებ ისიც გვითხრან, რა კალიფორნიას ეტაკეთ ამ ჩვენს ოპოზიციასავითო, „დიპ სტეიტის“ დაფინანსებულებადაც ჩაგვთვალონ, მაგრამ ჯერ ერთი, არასდროს მიგვიღია ამერიკული გრანტები თუ ევროპული დაფინანსება და მეორეც: აბა, ვის შევადაროთ? ჩელიაბინსკს ჯერ მაინც ვუსწრებთ…

ლანჩხუთის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეებიც ისე „ელანძე ეირჩიეს“, გურულებსაც რომ „გოუკვირდებოდათ“. რატომაც არა _ წინასწარ არ იცოდნენ „ყოლისფერი“ და ბიულეტენებიც არ ჰქონდათ „გახაზირებული“ თუ რა? აბა, დრო რაღაში დაეხარჯებოდათ?

თუმც აქ არჩევა შეუსაბამო სიყვაა და „გადანიშნესო“ უფრო ითქმის _ საერთოდ არაფერი შეცვლილა: იგივე ხუთეულს მისცეს ხმა, რომელიც 4 წელი უკვე იყო ამ თანამდებობებზე. ეგაა, გიორგი ხელაძემ, ზაზა წულაძემ და გიორგი იმნაიშვილმა ოპოზიციონერების მხარდაჭერაც და 31-31 ხმა მიიღეს, ხოლო კახა კვიტაიშვილსა და ალექსანდრე მახათაძეს თითო ხმა დააკლდათ. როგორც ჩანს, რომელიმე ოპოზიციონერმა არ დაუჭირა მხარი, ან იქნებ იმ „ერთმა იქს ინტრიგანმა“ სახელისუფლო გუნდიდან „არია ყოლისფერი“ და ინტრიგის მოყვარულებს „საარჩევნო ბუღალტერია შემოგვტენა“.

წინდაწინვე გამოჟონა ხმებმა, ოპოზიცია ვერ თანხმდება და ფრაქციას ვერ ქმნისო. სამაგიეროდ, სახელისუფლო გუნდმა უმალ ორი ჩამოაყალიბა. ისევ ია მოქია იქნება ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მას 6-ის ნაცვლად (ასეა მინიშნებული ოფიციალურ გვერდზე) ამიერიდან 7 (!) მოადგილე ეყოლება: ძველები _ კარლო წილოსანი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, სპარტაკ კვაჭაძე, ვლადიმერ ნანაძე, ახლები _ ვანო ებრალიძე და ირაკლი ცინცაძე. ახალ ფრაქციას _ „ხალხის ძალა“ დარეჯან ბურჭულაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ერთი მოადგილე ეყოლება _ გიორგი მორჩილაძე.

ბოლოს ალექსანდრე სარიშვილმა ისეთი სიტყვა თქვა, ადამიანურად რომ გაგიხარდებოდა. მის მილოცვაში არ ყოფილა მიკერძოება სახელისუფლო კანდიდატებსა და მის ამომრჩევლებზე, მესამედ არჩეულმა მერმა ალალად მიულოცა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც და გამოაჩინა, რომ იგი მხოლოდ იმათი მერი არ იქნება, ვინც მას მისცა ხმა.

„გურია თუდეის“ მერის მეხოტბეობას ვერავინ დასწამებს, არც კრიტიკა აკლია ჩვენგან და ოპოზიციონერების ყველაზე ხმაურიანი და მისთვის, ალბათ, არასასურველი განცხადებებიც გამოვაქვეყნეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი, მაგრამ თვით ოპოზიციაშიც აღიარებენ, რომ ლანჩხუთის პირველ პირს ადამიანურად არაფერი ეშლება…

„თლა“ ქება რომ არ გამოგვივიდეს, კრიტიკაც „გამოვურიოთ“. ისევ ლანჩხუთის საკრებულოს პირველ სხდომას დავუბრუნდეთ _ 32 წევრიდან 19-ს (!!!) თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობა მიეცა, ერთიც დაემატება, თუ ოპოზიცია ფრაქციას შექმნის. მომავალი წლიდან თითოეულის ხელზე ასაღები ანაზღაურება 2 ათას ლარზე ნაკლები არ იქნება. არავის ეგონოს, ვინმეს ჯიბეში ვიყურებოდეთ, იმას მეტიც ეკუთვნის, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ვინმე დაგვარწმუნებს, რომ ლანჩხუთს 32-კაციანი საკრებულო და 19 თანამდებობის პირი სჭირდება? ან ფრაქციაში 7 მოადგილე რა უბედურებაა? დასაქმების წინააღმდეგი კი არ ვართ, ოღონდ იქ, სადაც საქმეა გასაკეთებელი.

ვინმეს შეიძლება კორუფცია მხოლოდ ის ჰგონია, მაღალჩინოსნების სახლებიდან მილიონებს და ოქროსა თუ ბრილიანტებს კილოგრამობით რომ იღებენ, კორუფციაა მხარდაჭერისთვის შტატები გამოიგონო. უხეშად დავითვალეთ და უფლებამოსილების ვადაში, 3 მილიონზე ბევრად მეტი უჯდება ბიუჯეტს მხოლოდ საკრებულოს წევრების ანაზღაურება (პრემიების გარეშე), იქ ცალკე აპარატია, აქეთ მერია ბევრი სამსახურით, ცალკე ა(ა)იპ-ებით, ორივეგან გაბერილი შტატებით და ხომ წარმოგიდგენიათ, რა თანხაზეა ლაპარაკი!

რა თქმა უნდა, საუბარია მხოლოდ უფუნქციო ადგილებზეა და ჯობია, ამ მილიონებით ისევ თუნდაც თავისიანები დაასაქმონ, მაგრამ ფუნქცია მისცენ და ისეთი რაღაც გაკეთდეს, რაც მუნიციპალიტეტს გამოადგება, თორემ კაბინეტებში ტევა რომ არაა და პარტიულ ფრაქციას 7 მოადგილეს დაუნიშნავ, მერე მოსახლეობასთან მისასვლელი პირი არ უნდა გქონდეს…

სამწუხაროა, რომ ამაზე არასდროს საუბრობს ოპოზიციაც, რადგანაც ამ მხრივ თავადაც აქვთ „პრობლემა“ _ ბოიკოტის რეჟიმში მყოფებიც არ ამბობდნენ უარს ანაზღაურების მიღებაზე და ახლაღა თქვა მათმა ერთმა ლიდერმა, კახა ასკურავამ _ როცა პირბადეების გამო აქციებზე ხალხს იჭერენ, ამ დროს შენ თბილ სავარძელში იყო და თვის ბოლოს ხელფასს ელოდებოდე, მორალურად მიუღებელიაო… არადა, ერთი თვის წინათაც იყო აქციები, პირბადეების გამო დაჭერაც და დემონსტრანტების ცემა-ტყეპაც, მაგრამ იგი და მისი კოლეგები „თვის ბოლოს ხელფასს ელოდნენ“. ახლა უბრალოდ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და საკრებულოს წევრები აღარ არიან…

რას ჩივი?