დღეს, გურულმა კლუბებმა წარმატებით იასპარეზეს, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს მდგომარეობა _ „გურიამ“ მესამე ლიგაში გადასასვლელად, ხოლო „მერცხალმა“ _ მეოთხეში დასარჩენად.
ლანჩხუთელებმა ამჯერად სტუმრად „გაგრა-2“ 2:0 დაამარცხეს. წინა ტურის მსგავსად, როცა „გურიას“ ბოლო წუთზე ქულა გადაურჩინა, ისევ გაიტანა ვანო წილოსანმა _ მან 55-ე წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი.
აქედან 15 წუთში კიდევ ერთი პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს სტუმრებმა და რადგან წილოსანი უკვე შეცვლილი იყო, ალექსანდრე სულაძემ დაარტყა და მანაც _ ზუსტად, 2:0.
ბოლო 4 ტურში ორივე გასვლითი (წინა შემთხვევაში უშუალო კონკურენტი „ალგეთი“ დაამარცხა) შეხვედრის მოგებით „გურია“ მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდა, თუმცა სამი ტურით ადრე ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი.
მომდევნო ტურში გურული დერბი გაიმართება და „გურიას“ მიზნის მისაღწევად, მოუგებელი საშინაო სერიის შეწყვეტა (ზედიზედ ორი ფრე) ესაჭიროება.
თავის მხრივ, ლიგაში დასარჩენად იბრძვის „მერცხალი“ _ ოზურგეთელებისთვისაც ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გურულ კლუბებს ჯერ კიდევ არაფერი აქვთ გადაწყვეტილი
ლანჩხუთში ისინი ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ ჩამოდიან. წინა ტურში, მთავარ კონკურენტ „ზესტაფონს“ სტუმრად 4:3 მოუგეს და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
ამჯერად, „მერცხალმა“ უკვე გავარდნილი „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა და გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა. თენგიზ ალიევმა და დავით ბოლქვაძემ დუბლები შეასრულეს, ხოლო 1 გოლი ნოდარ მაჭავარიანმა გაიტანა.
დარჩენილ სამ შეხვედრაში „გურია“ ორი მოგებით ინაღდებს მესამე ლიგის საგზურს, ხოლო „მერცხალს“ 1 მოგება და 1 ფრე სჭირდება, სხვა გუნდების შედეგებზე რომ არ იყოს დამოკიდებული.
05.11.25 | ოზურგეთი, „მეგობრობა | მერცხალი 5:1 მაჭახელა
1:0, 5:1 ალიევი (6, 69), 2:0, 3:0 ბოლქვაძე (12,25), 4:0 მაჭავარიანი (38), 4:1 ლაითაძე (67)
„მერცხალი“: ლომაძე, სურგულაძე, მუჯირი, მარშანიშვილი (46. ჯაფარიძე), ჭანუყვაძე, ალიევი, გოგელია, ბოლქვაძე, ანანიძე (46. ცერცვაძე), ჩხაიძე (72. წიტაიშვილი), მაჭავარიანი (76. კუნჭულია)
05.11.25 | მუხრანი, ცენტრალური | გაგრა-2 0:2 გურია
0:1 წილოსანი (55 პენ.), 0:2 სულაძე (70 პენ.)
„გურია“: ხვედელიძე, ვარდიაშვილი (85. ლომაძე), ხაჭაპურიძე, კოკაია, შარვაძე, ანდღულაძე, ზაქარაშვილი, გოგიჩაიშვილი (90. კერხანოჩიევი), სულაძე, შარაშენიძე (90. ჩხაიძე), წილოსანი (67. შანიძე)


