ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა გურული ქომაგი, რომ მთავარი ფავორიტი ლიგის აუტსაიდერს ვერ მოუგებდა.
მეტიც, არალანჩხუთელი ქომაგებიც ჩათვლიდნენ, რომ „გურია“ ქედის „ბეთლემთან“ იოლ გამარჯვებას მიითვლიდა, თანაც დიდი ანგარიშით…
ყველანაირ ციფრებს აქეთ „მივყავდით“: გურულებს ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა, აჭარულ კლუბს კი _ სამივე წაგებული. ლანჩხუთელების ბურთების ბალანსი +10 იყო, ხოლო ქედელების _ მინუს 10! წინა ტურში „ბეთლემი“ 0:5 დამარცხდა თბილისის „მერანთან“, რომელსაც გოჩა ტყებუჩავას გუნდმა 7:0 მოუგო…
ალბათ, თამაშზე გავლენა მეტოქის ცოტათი დაუფასებლობამაც ითამაშა, მაგრამ „გურიას“ ფეხბურთელებზე სასაყვედუროდ ენა მხოლოდ იმაზე თუ მოგიბრუნდებოდა, რომ ალბათ, ჯამში 2 ათეული მომენტიდან ყველა ქარს რომ გაატანეს.
გურულებს მცდელობა მართლაც არ დაუკლიათ და სრულ უპირატესობასაც ფლობდნენ, ფაქტობრივად, „ფაზისზე“ „ცალკარა“ გაჩაღდა, მაგრამ „ბეთლემის“ დაცვა და კარის ძელები, მთელი თამაშის მანძილზე, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ, ხოლო მეკარემ რამდენჯერმე სასწაული მოახდინა…

„გურია“ მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა 1 თამაში თადარიგში აქვს
მოგებას ვინ ამბობს, „გურია“ დაუწერელმა კანონმა რომ არ დასაჯა. არადა, მინიმუმ 3-ჯერ იყო, „არ გაიტან, გაგიტანენ“ რეალური შანსი, მაგრამ სტუმრებს, ბოლო დარტყმისას, საშემსრულებლო კლასი დააკლდათ.
ამას ყველა არ გაპატიებს: თითქოს უკონკურენტო გუნდს, რომელმაც დღეების წინ, მართალია ამხანაგურ შეხვედრაში, მაგრამ მოქმედ ვიცე-ჩემპიონ „დილას“ ფრე გაუგორა, გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა.
შესაძლოა, აჭარული ალიყური კარგიც იყოს ლიგის ფავორიტის „შესაფუცხუნებლად“.
ცოტა გაუგებარი კი იყო, ასე უკანმოუხედავად წინ წასვლა და სივრცეების დატოვება, ალბათ, მეტი ცვლილებაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვერ მოგიბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ მოედანზე ვინც იყო, ბოლომდე არ დაიხარჯა და უფრო მეტი შეიძლებოდა.
უბრალოდ, დღეს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა…
მომდევნო შეხვედრაში, „გურია“ ლიდერ „გონიოს“ ესტუმრება, რომლის ღირსებას სამი ლანჩხუთელი იცავს: ლევან ინგოროყვა, რატი იმერლიშვილი და ავთანდილ ებრალიძე. მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი 8 აპრილს, ბათუმში ჩატარდება.
02.04.2026 | ფოთი, „ფაზისი“ | გურია 0:0 ბეთლემი
გურია: ისიანი, კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, კახაბრიშვილი (59‘ კაპანაძე), მელიავა, იაშვილი, ჩაგანავა (59′ ჩოთალიშვილი), სიჭინავა, ჟორდანია, ქოქოსაძე (74′ შარვაძე)




