„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. ერთ ეზოში გაზრდილები იყვნენ“ – რას ამბობენ ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდებზე ახლობლები

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ლაშა ქირია, მარიამ დოხნაძე, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა

„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ერთად გაზრდილები არიან, თანატოლები, მეგობრები, ერთ ეზოში გაზრდილები. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რაც მოხდა. განადგურებულები ვართ ყველანი. ასეთ დროს რა უნდა გითხრათ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები არიან. მეხის გავარდნას გავს ეს ამბავი. კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, ცეცხლი როგორ გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო. უბედურება მოხდა, როგორ უნდა მიუსამძიმრო ოჯახებს“ – გარდაცვლილთა ახლობლის კომენტარებს „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. რის შედეგადაც, ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საუბედუროდ, მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი სამი დაშავებული ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

სულისშემძვრელია ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდელები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ. დაღუპულები არიან ლაშა ქირია, ლიზი გერგედავა, თაკო შულაია და მარიამ დოხნაძე.

„თაკო, ჩემო ლამაზო უსაყვარლესო გოგო, შენზე როგორ უნდა დავწერო სამძიმრის სიტყვები, ძალიან მეტკინა გული. შენ როგორ გაგიმეტა უფალმა ასე. ვერ ვიჯერებ, სიტყვები არ მყოფნის, როგორი სიცოცხლით სავსე იყავი, მუდამ მომღიმარი, მხიარული. შენზე ამას როგორ უნდა ვწერდე, მენანები ძალიან. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, პრინცესა გოგოვ. ლიზი, მარი, გოგოებო, სულ ერთად იყავით, განუყრელად. ყოველთვის მიხაროდა თქვენი ნახვა, უამრავი დადებითი ემოციემით და პოზიტივით ავსებდით ირგვლივ ყველაფერს. რა უნდოდა თქვენთან სიკვდილს, ბავშვებო, ასე სასტიკად რატომ გაგიმეტათ უსამართლო ცხოვრებამ, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“ – წერს სოციალურ ქსელში თაკო შულაიას ახლობელი.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს.