ლანჩხუთელი მასწავლებელი მამია გუჯაბიძე გარდაიცვალა. ამაგდარი პედაგოგის შესახებ ემოციურად წერს და სოფლის განათლების დიაკვანს უწოდებს მისი მოსწავლე და შემდგომში თავადაც მასწავლებელი, ზვიად მახარაძე. იგი იხსენებს მასწავლებლის სიტყვებს: „მე თქვენ, ჩემს მოსწავლეებს გაბრიელ ბერის სიტყვები მინდა მინდა გითხრათ: სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, მანამ მე ვიცოცხლებ…”
მართლაც, ასეთი სიტყვების შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამია გუჯაბიძის სახელი მშობლიურ სოფელსა და ლანჩხუთში დიდხანს ემახსოვრება.
„წავიდა ერთი სიცოცხლეზე და ადამიანებზე შეყვარებული უოატიოსნესი და უსათნოესი კაცი…
ჩვენი მამია მასწავლებელი აღარ გვყავს…
მამია გუჯაბიძე იყო უგანათლებულესი და უნიჭიერესი კაცი.
მთელი თავისი ცხოვრება პედაგოგიურ საქმიანობას შეალია.
ბატონი მამია იყო ცნობილი როგორც ცოცხალი ენციკლოპედია. მისი ნიჭი და განათლება უკიდეგანო და განუსაზღვრელი იყო.
უამრავი თაობის გამზრდელი პედაგოგი და ბევრი ადამიანის გზაზე დამყენებელი კაცი გახლდათ…
მორწმუნე, ღვთის მოშიში და მოყვარული. ასეთი ხალხი იშვიათად იბადებიან.
მან თავისი პედაგოგიური წლები ხაჯალიის საჯარო სკოლას შეალია…
სამწუხაროდ, ისე დასტოვა წუთისოფელი, რომ მას ოჯახი არ შეუქმნია და მარტოობაში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება, რაც ძალიან დასანანია.
ბოლო რამოდენიმე წელი კი მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, რასაც ძალიან განიცდიდა.
ალბათ, დრო მოვა და ჩვენი სოფლის ლამაზ ენციკლოპედიის გვერდებს შემორჩება ამ კაცის ამაგი და სახელი.
სანამ ჩვენ ვიცოცხლებთ, თქვენი მოსწავლეები, მანამდე იქნებით ცოცხალთა სიაში.
თამამად ვიტყვი, რომ ის საქართველოს, გურიას და ჩვენს კუთხეს ერთნაირად დააკლდა.
მშვიდად განისვენე, სოფლის განათლების დიაკვანო. იცოდეთ, რომ თქვენ ჩვენი სოფლის და კუთხის ოქროს ვარსკვლავი ხართ“ _ წერს ზვიად მახარაძე.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მამია გუჯაბიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ახლობლებს.





