„გურიამ“ ამ სეზონში გამართული 11 შეხვედრიდან მეხუთედ დაკარგა ქულები, რაც ზედა ლიგაში გადასვლის მოსურნე გუნდისთვის ბევრია. აქედან ერთადერთი ფრე იყო მისაღები _ სტუმრად, ლიდერ „თბილისი 2025“-თან, რომელმაც გურულებს უკვე 6 ქულით გაასწრო.
ორი საშინაო ფრე აუტსაიდერებთან და ამდენივე წაგება კონკურენტებთან _ მეტისმეტია მესამე ლიგაში საუკეთესოდ დაკომპლექტებული, ხოლო ფინანსურად იქნებ ზედა ლიგაშიც კი, გამორჩეული გუნდისთვის.
ფაქტობრივად, „გურიამ“ ამ სეზონში „გონიოს“ გარდა, ვერ მოუგო ვერც ერთ კონკურენტს და გამოჩნდა, რომ 7:0, 9:1 და 5:0-ები სულაც არ მიუთითებენ მის უალტერნატივო ფავორიტობაზე _ ეს ლიგაში დაბალ კონკურენციას და გუნდების ძალიან არათანაბარ შესაძლებლობლებს უფრო ნიშნავს, სამწუხაროდ.
გურულებს ძალიან უჭირთ ბოლო 20 წუთი და კიდევ უფრო მეტად _ ახალგაზრდული, ე.წ. „მორბენალი“ გუნდების წინააღმდეგ…
ასე მოხდა სამ თბილისურ გუნდთან („იბერია 1999“, „დინამო-2“ და „ვიტ ჯორჯია“) შეხვედრაში…
აქედან „გურიამ“ ერთი მოიგო, მაგრამ იქაც ბეწვის ხიდზე გაიარა…

„გურიას“ ლიგაში ყველაზე მეტი (27) გოლი აქვს გატანილი და უკეთესი ბურთების სხვაობაც აქვს, რის გამოც, ცხრილში თანაბარქულიან „ვიტ ჯორჯიასთან“ უპირატესობა აქვს
დღეს „ვიტ ჯორჯიასთან“ კი რეალური ხიფათიც ვერ შექმნა და რაც ყველაზე დასაფიქრებელია, ეს არაა პირველი შემთხვევა…
შესაძლებელი იყო, აქაც 0:0 მორჩენილიყო და „გურია“ მესამე ადგილზე გადასულიყო, მაგრამ პრობლემები მაინც არ დაიმალებოდა.
თითქოს ყველაზე კარგად და ტიტულიანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, სინამდვილეში გაძლიერებას ყველაზე პოზიციაზე საჭიროებს:
„გურია“ სუსტია დამაგვირგვინებელ ფაზაში, უჭირს ნახევარდაცვას და დაცვაში პოზიციური შეცდომები გოლებად გვიჯდება.
ასე იყო ახლაც _ გაუგებარია, როცა მეტოქე კოტრშეტევაზე არ იყო, როგორ მიიღო ასეთი დიდი რიცხობრივი უპირატესობა გურულების საჯარიმოსთან…
მომდევნო ტურში, აუტსაიდერთან დიდი ანგარიშით მოგება, პრობლემებს მხოლოდ „გადაავადებს“ _ „გურია“ ნელა თამაშობს და საზაფხულო შესვენებაზე გაძლიერებას საჭიროებს…
ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობებით, გუნდის მესვეურები ამაზე უკვე მუშაობენ…
15.05.2026 | თბილისი, „შატილი“ | ვიტ ჯორჯია 1:0 გურია 1:0 ღამბარაშვილი (73′)
გურია: ისიანი, კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, სიჭინავა, შარაშენიძე (23′ შარვაძე), მელიავა, იაშვილი (86′ კახაბრიშვილი), ტაბატაძე (86′ ოქროპირიძე), ჩაგანავა, ქოქოსაძე (62′ ხუნდაძე)




