მის ორგანიზატორულ ნიჭზე ლეგენდები დადიოდა. საბჭოთა წყობაშიც ახერხებდა ეროვნული სულისკვეთების ღონისძიებების ჩატარებას. გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს მან ჩამოიყვანა ცნობილი ლანჩხუთელები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, იგი გახლდათ „ეგნატეობის“ ინიციატორი, რეჟისორი და სულისჩამდგმელი. ყველაზე რთულ დროს „გურიის“ პრეზიდენტის პოსტი ჩააბარეს… დღეს ჩვენ ლანჩხუთის კოლორიტს, ამირან წილოსანს გავიხსენებთ. მასთან 25 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც ჩანს, ჩვენი რაიონისთვის თუ რამდენად დიდი იყო ეს ადამიანი.
—
მთელი ცხოვრება ფულიან ადგილს ტყუილად „აფუჭებს“. იმის გამო, რომ ზოგიერთებს სახლში ფული ტომრებით არ გაატანა, ბევრი გაინაწყენა. კომპარტიის მანდატი დღესაც შენახული აქვს, შემდეგ „მოქალაქეც“ იყო, დღეს უპარტიოა. რაც მთავარია, თანამედროვეობას ფეხს იოლად უწყობს და მეტიც _ ყველა დროში მომავლის ადამიანია. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა ისტორიულზე გააგრძელა, მეცნიერიც გახდებოდა, მაგრამ ოჯახურმა პირობებმა შეუშალა ხელი…
ერთ დღეს რაიკომის მდივანიც უნდა გამხდარიყო, მაგრამ „ხალხის მტრებმა“ და სრა-სასახლემ აიძულა ცკ-ს მდივანი შევარდნაძე, დანიშვნის ბრძანება სანაგვეზე მოესროლა. რაიკომიდან გამოშვებული კონტროლის პალატისა და ხარისხის მიმნიჭებელი სამსახურების უფროსი იყო, თუმცა არცერთი „ბობოლა“ არ გაუფუჭებია. ლანჩხუთის „გურიიდან“ კი იმიტომ გაუშვეს, რომ „ჭკუამხიარული არ იყო“.
მასზე აკაკი ჩხაიძეს უთქვამს, სულ რომ არ მოვიდეს სამსახურში, ხელფასი სახლში გაუგზავნეთო… ბატონ ამირანს კაბინეტში „თერთმეტმეტრიანივით“ შევეჭარი და კითხვები „ჯარიმის ზღვარზე“ დავუსვი, რადგან სხვანაირად მისი საგაზეთოდ ალაპარაკება ძნელია.
– ბატონო ამირან, სულ „ფულიან სამსახურში“ იყავით, მუთაქები გამოტენილი გექნებათ, ჭკვიანი კაცი ხართ და გადახურდავებას მოასწრებდით…
– გამაცინე, მამუკა! სულ იმას იძახდნენ, ეს კაცი ფულიან ადგილს აფუჭებსო, გადამიყვანდნენ სხვა სამსახურში… თვითონ კი მილიონებიც იშოვეს, რაიკომშიც და კლუბშიც…
– მოდი, კარტები ბოლომდე გავხსნათ, „რაიკომსა“ და „კლუბში“ ვის გულისხმობთ?
– არ მინდა მაგის თქმა, ღმერთმა ყველას შეუნდოს.
– ლანჩხუთელთა ფულების „შეჭმას“ პატიობთ?
– მე არ ვპატიობ, მაგრამ… მახსოვს, „გურია“ რომ უმაღლეს ლიგაში იყო, რაიკომის მდივანმა მითხრა, ყოჩაღ, სამი რაიონის კგბ გითვალთვალებდა და ვერაფერი გიპოვესო.
– ჩათვალეთ, დაგიჯერეთ, მაგრამ პედაგოგი კაცი კომპარტიის მდივნად როგორ დაგნიშნეს, ვინ გეპატრონათ ობოლ ბიჭს?
– არავინ! არც ფულიანი პატრონი მყოლია და არც „კრიშა“…
– სულ მალე საორგანიზაციო განყოფილება ჩაგაბარეს, ასე „მაგარი ბიჭი“ იყავით?
– დამიჯერებ თუ არა, შენი პრობლემაა, ჩემო მამუკა, მაგრამ ასე იყო…
– ვიცი, რაიკომის მდივნად თქვენი დანიშვნის ბრძანებას ხელი შევარდნაძემ მოაწერა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. ისე უნდა გცოდნოდათ, ამხელა „სრა-სასახლეს“ რომ აგებდით, კარიერაში ხელს შეგიშლიდათ…
– (იცინის) რა მომზადებული მოსულხარ… დედაჩემმა ბანკიდან ფული გამოიტანა, სხვა სახლიც გავყიდეთ… თუმცა ვაღიარებ, ნამეტანი დიდი კი გამომივიდა. ეს გამოიყენეს ჩემმა მტრებმა და რაიკომიდან გამომიშვეს. მე არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ საიცარი შეურაცხყოფად ჩავთვალე.
– „თქვენი მტრების“ სიასაც არ მომცემთ?
– ოთხივე მკვდარია! მათზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, ასე რომ, არაფერი უნდა ვთქვა! ისე, მაშინ რაიკომის წინააღმდეგ წასვლა სიგიჟე იქნებოდა.
– თქვენ კონტროლის და ხარისხის მიმნიჭებელი სამსახურების უფროსიც იყავით, არავინ გაგიფუჭებიათ?
– ვინ უნდა „გამეფუჭებინა“?

ამირან წილოსანი „გურიას“ სტადიონზე | 1989 წ.
– რა ვიცი, მაშინ „ლევი ფული“ უცხო ხილი არ იყო და…
– რაც მაქვს, ყველაფერი პატიოსანი შრომით მომიპოვებია. ჩემი თხოვნაა, ინტრიგანობას შევეშვათ!
– თქვენზე არ მითქვამს, სხვები რომ შოულობდნენ, არ „გაგიფუჭებიათ“-მეთქი? კარგი, შევეშვათ… ინტრიგანობაზე გამახსენდა და ერთი რაღაც უნდა გკითხოთ, არ გეწყინოთ.
– (იცინის) რას ვიზამ, შეცდომა უკვე დავუშვი, როცა დაგთანხმდი ინტერვიუზე და სხვა რა გზა მაქვს?! ინტრიგანს მეძახიან ხომ ზოგიერთები? (იცინის) ვიცი, მეც გამიგია. აბა, რა გითხრა, ინტრიგა არასდროს არავისთვის დამიხლართავს. უბრალოდ, ბევრს შევუშალე ხელი, ფული ტომრებით რომ არ წაეღო სახლში!
– ბევრი არ მინდა, 2-3 დამისახელეთ…
– არა, არა… იქნებ, ვინმე გამომრჩეს და ეწყინება (იცინის)… არ ვიქნები მართალი, ვიღაცას წარსული გავახსენო. ჩემზე მკითხეთ, რაც გინდათ…
– კარგი, თქვენ მაშინ გახდით „გურიის“ პრეზიდენტი, როცა რაიონში ფეხბურთის ბუმი იყო…
– თანაც სსრკ-ში მეორე და საქართველოში პირველი დამოუკიდებელი კლუბი მე შევქმენი. მახსოვს, მოსკოვში ჩავედით ცნობილი მწვრთნელის, იური სიომინის გადმოსაბირებლად. ვუთხარი, ლანჩხუთელებს სახლებში თქვენი სურათები აქვთ გაკრული და უნდა წამოხვიდეთ-მეთქი. ისიც ავუხსენი, ჩემს უკან პარტიის რაიკომი, „აგრომრეწვი“, ცკ და შევარდნაძე დგას, მაგრამ… ვერაფრით დავითანხმე.
_ რატომ მოატყუეთ? მე არავისთან მინახავს სიომინის სურათი…
_ მხოლოდ ეს მოვატყუე, რომ მისი ფოტოები ჰქონდათ ლანჩხუთელებს სახლში, მაგრამ ეს კეთილი ტყუილი იყო, ძალიან გვინდოდა მისი გადმოყვანა.
– ამბობენ, მაშინ აგროსამრეწველო გაერთიანებამ 18 მილიონით დააფინანსა სტადიონის მშენებლობაო, მაშინ, როცა რაიონის ბიუჯეტი ამის მეოთხედი იყო. გურამ მგელაძის ღვაწლს რატომ არავინ ახსენებს?
– რას ამბობ, ვინ არ აფასებს? ბატონმა გურამმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია. მისი მადლიერი უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება.
– ამხანაგი შევარდნაძე როგორ შეხვდა „გურიას“ უმაღლეს ლიგაში გადასვლის ამბავს?
– თქმა არ უნდა, გაუხარდებოდა. აი, ჯუმბერ პატიაშვილმა ლანჩხუთში ყოფნისას გვითხრა, ეს რა ქენით, უმაღლეს ლიგაში შუაღამისას როგორ გადააბარეთო.
– ჰო, ისე, ამბობენ, „გურია“ თამაშების ნახევარზე მეტს ყიდულობდაო!
_ კლუბი ამაში ჩარეული არ ყოფილა, თუმცა გამოგიტყდებით, რომ მაშინ ყველა კლუბს დაჰყვებოდა ადამიანთა ჯგუფი… ახლა რომ გითხრათ, ჩვენ ვიცოდით, მსაჯი გვეხმარებოდა თუ რამე, ასე არ იყო. ვინც ამბობს, „გურია“ თამაშების ნახევარს, ან თუნდაც იმის ნახევარს ყიდულობდაო, მას კლუბის დისკრედიტაცია სურს. არა, უცოდველები არ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი განცხადებებით ჩვენი წარმატების დაკნინება სურთ. თუმცა, საბედნიეროდ, „გურიას“ ჩრდილი ამით ვერ მიაყენეს!
– ისიც ტყუილია, მატჩის შემდეგ ლატარიის გათამაშებას ხშირად აწყობდნენო?
– არა, რას ამბობთ! ნუ, ჩემს დროს გათამაშების 15-კაციან კომისიაში 2-3 „კაგებეშნიკი“ მაინც იქნებოდა და…
– 1990 წლის 15 თებერვლის მოვლენებს როგორ გაიხსენებთ?
– გუნდი აფხაზეთში იმყოფებოდა და მთავარი მწვრთნელი მიხეილ ფომენკო სასელექციო და მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა. სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში მეორედ უნდა გვეასპარეზა, სერიოზულ სამზადისში ვიყავით. იმ პერიოდში აგროსამრეწველო გაერთიანება, რომელიც გვერდით გვედგა, „გურიისთვის“ ბაზის ყიდვას აფხაზეთშიც აპირებდა. თუმცა, გეგმები ჩაგვეშალა, ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამ ჩვენი კლუბი ამ მხრივაც დააზარალა. ბიჭები ბაზიდან გამოიპარნენ და თბილისში ჩავიდნენ. ბაზაზე ფომენკო და არაქართველი ფეხბურთელები დატოვეს. არადა, წინა დღეს 6 მანქანა სურსათ-სანოვაგით დატვირთული გავგზავნეთ, დაკლული საქონელი და ყველაფერი იყო…

„ეგნატეობა“–1982 | ლანჩხუთის სახალხო დღესასწაული
არაპატრიოტად არ ჩამთვალოთ. ბოლოს და ბოლოს, წლების მანძილზე ეგნატეობებს ვატარებდი და სხვადასხვა ეროვნულ სულისკვეთებით გაჟღენთილი ღონისძიების ორგანიზატორი გახლდით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე… ორწლიანი მძიმე ორთაბრძოლების შემდეგ მოვიპოვეთ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, გვქონდა ამბიციაც. 10-ათასიანი ქალაქის სტადიონზე ყოველ თამაშზე 22-25 ათასი ქომაგი გვყავდა, გასვლით მატჩებზე ხალხი თვითმფრინავით დაგვყვებოდა, რაიონი ფეხბურთით ცოცხლობდა და როგორ უნდა აუხსნა ადამიანებს, რომ უარს ვამბობთ სსრკ-ის პირველობაზე.
– როგორც ვიცით, დაგემუქრნენ კიდეც…
– 15 თებერვლის წინა დღეებში თბილისში დის სახლში ვიმყოფებოდი. ტელეფონმა დარეკა. მამაკაცმა მკითხა, რა გადაწყვიტეთო. როცა კლუბის საბჭოს გადაწყვეტილება მოვახსენე, გაგიჟდა, ამას როგორ ბედავთო და დამემუქრა. შემდგომ დღეებში, უკან-უკან ვიხედებოდი, ვინმეს თავში რამე არ ჩაერტყა. თუმცა ამის გამო გადაწყვეტილებას ვერ შევცვლიდი, თანაც ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი.
მოსკოვში განაცხადი გაგზავნილი გვქონდა, სსრკ-ის ფეხბურთის ფედერაცია ბოლო დღემდე გველოდა, რას გადავწყვეტდით. ერთადერთი ეროვნული სულისკვეთება იყო, რამაც ლანჩხუთელ ქომაგს ეს ამბავი გადაატანინა. გარწმუნებთ, სხვა მიზეზს გულშემატკივრები არ მიიღებდნენ. ჩვენ რომ ველოდით, იმაზე იოლად გადაიტანეს ეს ამბავი.ფეხბურთელებმა ულტიმატუმი წამოგვიყენეს – ან ეროვნული ჩემპიონატი ან „გურიიდან“ მივდივართო. „გურიისთვის“, ალბათ, ჯობდა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ეთამაშა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. მაშინ ეროვნული მოძრაობა ზენიტში იყო და დამოუკიდებლობა მსხვერპლს მოითხოვდა. ჩავთვალოთ, ქართული საფეხბურთო სამყაროდან „გურიამ“ ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო.
– მიუხედავად იმისა, რომ „გურიას“ „ოქროს ხანა“ თქვენს დროს ჰქონდა, კლუბიდან უბოდიშოდ დაგითხოვეს…
– არეული სიტუაცია იყო. რაიონის პირველმა პირმა მითხრა, მძიმე ხასიათი გქონია და სახლში უნდა წახვიდეო. ვუთხარი, აბა, შენსავით ჭკუამხიარული ხომ არ ვიქნები-მეთქი და წავედი…
– „იძულებითი შესვენება“ 7 წელი გაგრძელდა და… თქვენ ისევ ბრუნდებით, უკვე პრეზიდენტ შევარდნაძის ჩარევით…
– ლანჩხუთიდან 15 ადამიანი „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობაზე იყო ჩამოსული. მე თბილისში ვიყავი, მიმიპატიჟეს და მივედი. ფოიეში ბატონმა ედუარდმა დამინახა, ჩემკენ წამოვიდა, მომესალმა და მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო. თუ დამჭირდებით, ისევ „გურიისთვის“-მეთქი. შემდეგ ხელკავი გამომდო და ყრილობაზე ჩამოსულ ლანჩხუთელებთან მიმიყვანა… ამათაც ლანჩხუთში ამბავი ჩამოიტანეს, ედუარდი ძმასავით შეხვდაო და მეორე დილით უკვე დანიშნული ვიყავი… (იცინის)
– ჰოდა, მეც ეგ მაინტერესებს, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტყოფილი ქვეყნის „მთავარ „მოქალაქე“ პრეზიდენტს როგორ „დაუძმობილდით“?
– ჩვენ კომპარტიაში ვმუშაობდით ერთად, ის ქალაქ ქუთაისის კომპარტიის მდივანი იყო, როცა მე ლანჩხუთში ვიყავი პირველი „კომკავშირელი“. სხვათა შორის, ედუარდთან სახლშიც ვყოფილვარ სტუმრად…
– ოჰო! როგორი მასპინძელია მსოფლიო დონის პოლიტიკოსი?
– შესანიშნავი! შესაძლოა, გარედან არ ჩანდა, მაგრამ „გურიას“ წარმატებებში მისი წვლილი დიდი იყო, რაშიც თავისი ძმის, ევგრაფის ფაქტორიც ძლიერ მოქმედებდა…
– აკაკი ჩხაიძეს „გურიის“ სპონსორობა როგორ დააწყებინეთ?
– ბატონი კაკო ჩხუბით გავიცანი, რად მინდა საბაყაყიაში ბაზაო… ხელშეკრულება დახია. მისი ბრალი არ იყო, ლანჩხუთის „უძღები შვილები“ ჩაერივნენ უშნოდ… იმდენი გავაკეთე, დავითანხმე, ოღონდ პრეზიდენტმა დამავალოსო. შუა ღამით დავშორდით ერთმანეთს, კონიაკი მაჩუქა, თავისი მანქანით გამომიშვა სახლში…
– მერე დაავალა?
_ (იცინის) აბა რა ქნა?! მის მდივანთან მივედი, შეხვედრა მინდოდა. სტუმრები ჰყავდა, მომიბოდიშა. წერილი დავუწერე და მანაც ბატონ აკაკის დააწერა, შეძლებისდაგვარად დაეხმარეო… მეც მეტი რა მინდოდა, კაკოც გახარებული იყო…
– ამხანაგ შევარდნაძეს 80 ათასი რომ დასცინცლეთ, ის როგორ იყო?
– ფული ჩვენი იყო, მისგან დახარჯვის თანხმობა მივიღეთ, გრიგოლეთში პიონერთა ბანაკი გავაკეთე იმ ფულით… შემდეგ ტყე-პარკიც…
– თქვენ ეგნატეობის ინიციატორი და რეჟისორი იყავით…
– ზედიზედ 5 წლის მანძილზე 5 სხვადასხვა სცენარი დავწერე. ძალიან კარგი რამ იყო, ყველას მოსწონდა… სხვათა შორის, ერთხელ ფესტივალიც ჩავატარეთ. ჩვენი ფოლკლორის საღამო ტელევიზიამ ორჯერ გადასცა. ხალხი სიცილით კვდებოდა. ვახუშტი კოტეტიშვილი გვყავდა ჩამოყვანილი, ხმა არ ამოვაღებინეთ! გადაირია კაცი, ასეთ ორგანიზებას ნამდვილად არ ველოდიო.
_ ის ამბავიც გაიხსენეთ, „უსაფუძვლო“ პრემია რომ დაარიგეთ და შეგეშვებით…
_ ხომ ვამბობ, მაგარი მომზადებული ხარ მოსული (იცინის). სპონსორის მოცენული პრემიალური თანხის ნაწილი დაგვრჩა. ხომ არ დავუბრუნდებდით, ან რა გვთქვა, ამდენი არ გვინდოდაო? ავდექით და გამოვწერეთ პრემია. გაუხარდათ, მაგრამ ერთი-ორი ჩაგვეძია _ ამ თვეში 4 თამაში მოვიგეთ და ოთხივეს პრემია ჩარიცხული გვაქვს და ეს რაღააო? რა მეთქვა და უცებ „მომაფიქრდა“ _ აგი თქვენი ცოლებისთვისაა, თქვენ რომ გიძლებენ-მეთქი. ყველას გაეცინა, მაგრამ ორი-სამი „ინტრიგანი“ აქაც აღმოჩნდა _ ვისაც ცოლი არ გვყავსო?
მისი გული ტკივილით იყო სავსე. შვილის დაღუპვას ბოლოს მეუღლის ტრაგედია დაემატა… თუმცა ამირან წილოსანი ამას სხვას არ აგრძნობინებდა, საკუთარ გულში ცდილობდა მწუხარების დამალვას… ყველას ეფერებოდა, მზად იყო, თავისი ნიჭი და გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინა...
ლანჩხუთში არ დაივიწყებენ ადამიანს, რომელმაც ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი გააკეთა!
მამუკა ქანთარია



