რაჭა, ჩემი სიყვარული… 14 ერთი ჭკუის გურული და სამეზობლო ლაშატურა ულამაზეს მხარეში [„გურია თუდეის“ რეპორტაჟი]

|

Loading

ჯერ კიდევ გაგანია კოვიდის ხანა იყო, როცა ,,ბრინჯაოს ხანის” ფოტოებს ვეძებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მაშინდელ ,,ჟამთააღმწერელს“ სადღაც გაბნევია. მაშინ იყო მსჯელობა, თუ ახალი არ დაიგეგმა, ისე არაფერი გამოვიდოდა…

დაიწყო ფიქრი, იდეები, რჩევები და მოვედით იმ დღემდე,  სადაც ყველამ ვთქვით – ეეე, გამოგვივიდა.

დილის 5 საათი იყო, როცა მზის სხივებმა მორჩილაძის ქუჩაზე კარგა გვარიანად გვაუწყა, ,,წამოდექით ყმაწვილებო,  ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე“.

ასეც მოხდა, ნამდვილების ისტორიაში პირველი ტურის დასაწყისი გვამცნო – რაჭა ჩემი სიყვარული.

,,ტაში, ბიჭო, გიორგუნას“ სამშობლოში გურულთა მარში დაიწყო. მანამდე კი პირველი შეჩერება თერჯოლა იყო. დავით კლდიაშვილის ძეგლთან ფოტოსესია და გეზი 9 ჯვარისაკენ.

ტყიბულში ნაქერალას უღელტეხილს რომ შეუდგები, ჰაერიც სხვანაირია. ციცაბო აღმართებს მიყავხარ იქ, საიდანაც ნახევარი საქართველო მაინც მოჩანს მზიან ამინდში და საიდანაც ამაყად იტყვი – თვალუწვდენელი მთებით გარშემორტყმული კოლხეთის დაბლობზე ულამაზესი სანახაობა, ალბათ, ცისქვეშეთში არაფერიაო.

მანამდე ტყიბულის წყალსაცავია, სადაც ხშირი ტყით გარშემორტყმული კუნძულები ამაზონის თუ სხვა სახელგანთქმულ მდინარეთა სამყოფელსაც დაავიწყებს მრავლისმნახველ ადამიანს. ამიტომაცაა რაჭის ტურის სიაში ეს ადგილი ერთ-ერთს აუცილებელ სანახავად შეტანილი.

ნაქერალაზე, ერთ ადგილსაც მარცხნივ გადასახვევია. მაუწყებელი იმისა, რომ სამიოდე კილომეტრის გავლის შემდგომ 9 ჯვარია. ზოგმა ფეხით გავუყვეთო, ზოგმაც ისევ ტრანსპორტით სჯობიაო და ისევ მაღლა და მაღლა. მცირე გვირაბის გავლის შემდგომ ავტომობილის სავალი გზა სრულდება. მხოლოდ საფეხმავლო და შერეულ ტყეში მიმავალი 900 მეტრიანი აღმართი. არაერთი ლეგენდაა ცნობილი 9 ჯვარის შესახებ. სჯერა ამ ლეგენდების ქართველ კაცს, რამეთუ ჩვენ ის ერი ვართ, სადაც ლეგენდები და რეალობა ერთმანეთთან შერწყმულ-არს.

ერთი ლეგენდით – 9 ვაჟკაცი ჰყოლია ერთ ქართველ გლეხს, ცხრავე ომში გაუწვევიათ. ლოცვად დამგარა თურმე ეს გლეხი, ოღონდ შვილები დამიბრუნე უვნებელი და შენს სახელზე 9 ჯვარს აღმართავო. ასეც მომხდარა და მას შემდეგ უწოდებენ ადგილს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ცხრაჯვარს.

ციცაბო აღმართებზე ჩვენ ჩვენი ტვირთი მიგვაქვს. ქვემოთ გვითხრეს, აიტანეთ, სანამდეც შეძლებთო. ზემოთ ტაძარი შენდება და ,,ხელის წაკვრა“ სჭირდება. ავდივართ 120 საფეხურს კიბეებზე და 9 ჯვარზე ვართ. ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ დღეს დიდებულ ადგილს. მზეა, თვალი სანამდეც გაწვდება ღრუბლის ჭაჭანება არ ჩანს. ლამის მთელი საქართველო შენს ქვემოთ მოჩანს: მინდვრები, ტყეები, მთები, ტბები, ქალაქები, სოფლები. საოცრებაა. სხვანაირად იმუხტები. ცოტა ხანს ჩერდები, გინდა ეს ყველაფერი სხვებს გაუზიარო და ხმამაღლა იყვირო: მე ეს გამომივიდა და დაბლა ეშვები. ცხემლისა და წიფლების გარშემორტყმულ მთებს ნაძვნარიც შერევია. ცხელა, მაგრამ ხის ჩრდილების ქვეშ სიგრილეა. დასასვენებელ ადგილებსაც ადვილად იპოვი ამ საოცარ შერწყმაში.

ჯერ კიდევ ნაქერალას უღელტეხილზე ვართ და წახემსების დროც მოვიდა. უკეთესს ადგილს, ალბათ, ვერც ნახავ. წიფლის ტყეების გარემოცვაში შაორის ტბის მიმდებარედ ვჩერდებით. ბაბუაჩემის ბაბუის სახელობის მარნიდან ორნახად ფეიჰოას არაყს ვასხამ ჭიქაში და ქვეყნის, მშვიდობის, მომავლის სადღეგრელოებს ვსვამთ. იქვე გარემოს დაცვის „პიკაპმა“ შემოგვირბინა, ალბათ, „ცეხლს“ ხომ არ ვაჩენდით აინტერესებდა ხშირი ტყის პირას. კარგად შეგვათვალიერა და უკანვე მიბრუნდა.

შაორის ტბიდან იწყება რაჭის საოცარი თავგადასავალი, თავისი მდიდარი ისტორიით და კულტურის ძეგლებით. ეს ხომ ნიკორწმინდას, ბარაკონის, მრავალძალის და ბევრი მსგავსის ნავსაყუდელია.

ქართული დიდების, ერთიანი საქართველოს დასაწყისის გამორჩეული ძეგლია ნიკორწმინდა. ბაგრატ მესამის ეპოქის დროინდელი, რომელიც 1011-1014 წლებში აუშენებია ჩვენს დიდებულ წინაპარს და დღემდე ამაყად დგას რაჭაში არაერთი ისტორიის მნახველი.

ნიკორწმინდიდან ისევ ქვემოთ ვეშვებით. ქალაქ ამბროლაურს გავივლით და სოფელ წესისკენ მივდივართ. აქ მდებარეობს კიდევ ერთი გამორჩეული ძეგლი – ბარაკონი. მდინარეების ლუხუნისა და რიონის შესართავთან აღმართული ნაგებობა, რომელსაც მეორე სვეტიცხოველსაც უწოდებენ.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში აუგია როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით ავთანდილ შულავრელს. მანამდეც ყოფილა იქ ტაძრის ნარჩენები და ძველი ისტორიის განახლება მომხდარა.

ბარაკონის ეზოში ღია მუზეუმია. რაჭველი კაცის სოფლის მეურნეობის იარაღები, სხვადასხვა ნივთები, აკვანი და ა.შ.

ეზოს კუთხეში „ყინტარო“ წყალი მოდის. სიცხეში სასიამოვნოა მისი მიღება, რამდენიმე წუთს იქვე ვჩერდებით, იქვე ცნობილი რაჭული საცეკვაოს ,,მოკლე კაბა რომ ჩაგცვამს“ მიახლოებული ვარიანტი „იჩითება“ და სანამ გურულ ქალებს მისი სერიალად განხილვა დაუწყია, ზემოთ ვიყურებით…

ზედ ბარაკონის ზემოთ ციხის ნანგრევები მოსჩანს, ადრეული ხანისა. რაჭის ერისთავების სამფლობელო ყოფილა ოდითგან ეს ადგილი. მინდა ციხის სახელით ცნობილი გალავანი ციცაბო კლდის წვერზეა და შუასაუკუნეების დიდებული ეპოქის დროინდელია. ვახუშტი ბატონიშვილი წერს ერთგან: „ლუხუნის აღმოსავლით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონის ჩრდილოთ არს ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან…“

ამბროლაურის აეროდრომის უკანა მხარეს მდინარე რიონის ხეობაში ასფალტიანი გზის დასრულებისთანავე მთელს ქვეყანაში ცნობილი სიყვარულის წყაროა. რიგი დგას, ბუნების ამ საოცრებასთან. ბევრი ამბობს, რომ ვინც ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუსრულდებაო. გულის ფორმის წყაროში შესვლა დასველების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ვრისკავთ და რამდენიმე წამით ამ პატარა გამოქვაბულს ვაფარებთ თავს. წყლის წვეთები ზურგზე რაკა-რუკად გვესხმება. არაფერია, ცოტათი დასველება ამ თაკარა მზეში პირიქით სასიამოვნოცაა. ზოგი უფრო მაღლა ადის და წყაროს სათავესთან ექცევა.

იქვე 200 მეტრში პატარძლის წყაროა. დედოფლის კაბას მოგაგონებს, ისე გადმოედინება წყალი მთის ფერდობიდან. ძალიან ლამაზი სანახავია, სახელიც შესაბამისად შეურჩენია ადგილის ნათლიას.

რიონის ხეობაში მაგიდები და სკამებია. ქართული სიმღერა ისმის. მრავლად არიან ქართველები. ჩვენც ერთ-ერთ მაგიდას ვიკავებთ და მორიგ სუფრას ვიწყებთ, ჩვენებურად, გურულად.

2 საათიანი გაჩერება ადგილზე. ვსაუბრობთ, ვიხსენებთ დღეს ნანახს და მომავალ ტურზეც ვაკეთებთ აქცენტს. რამდენიმე ვარიანტია. შეთანხმება შედგა და ამ იმედით იმნაქერალას უღელტეხილისკენ ვბრუნდებით. ისევ შაორი. მისი დიდებული  ბუნება, სამახსოვრო ფოტოები, ველური ყვავილების თაიგულები და გზა უღელტეხილზე. არც თუ მარტივი, მაგრამ ადვილად გადასალახავი.

ტყიბულში ვართ, სოლომონ მეფის ძეგლთან არსებულ ქსელურ მაღაზიებიდან ლუდის მარაგებს ვივსებთ, იქაურლები გამიგველაპარაკნენ. როგორი მაგარი ერი ვართ, ყველა კუთხეს თავისი დიალექტი აქვს, ნამდვილი, გულწრფელი…

მანამდე კი კარგ ადგილებში ვაჩერებთ და ისევ ფოტოები, ვიდეოები და შეძახილი – გამოგვივიდა.

14 ერთი ჭკუის გურული და გაგრძელება…

ამ ტურს კი ვინაიდან ერთ-ერთი  ორგანიზატორი მე გახლდით და თან რაჭა ვნახეთ, მისი გავლენით, ლაშატურა ვუწოდეთ. წინ ბევრი ეგეთი ტურიკოებია, როგორც დავგეგმეთ…

ლაშა სარჯველაძე

სპეციალურად „გურია თუდეისთვის“