ლანჩხუთელი ჟურნალისტი ლალი ლომაძე სოციალურ ქსელში გია ორაგველიძის გარდაცვალების გამო ემოციურ წერილს და საინტერესო ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გია ორაგველიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ არა მარტო ოჯახი, არამედ სრულიად მთელი ლანჩხუთი ჩააგდო შოკში. ამასაც აქვს მისი ახსნა. გია ის პიროვნება გახლდათ, რომელიც ფეხადგმულ სიკეთესთან ასოცირდებოდა. მეტიც, თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა.
ალბათ, ურიგო არ იქნება თუ ბატონი გიას პიროვნების გარშემო პატარა ექსკურსს გავაკეთებთ, რომელიც ძალიან წააგავს ლამაზ და კეთილ ზღაპარს. ამიტომაც თხრობას ზღაპრის სტილში განვაგრძობ…
იყო და არა იყო რა, ჩვენს პატარა ქალაქში ცხოვრობდა ერთი ზნეკეთილი, ნიჭიერი, ქალბატონი ქსენია ორაგველიძე, რომელიც გამოცდილი პარტიული და საბჭოთა მოღვაწე გახლდათ.
იგი სხვადასხვა დროს სათავეში ედგა და უნარიანად უძღვებოდა ლანჩხუთის საქალაქო საბჭოს, საკონსერვო ქარხანას. უფრო ადრე კი სამამულო ომის პერიოდში ლაშისღელის ფრუნზეს სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო.
სწორედ იმ დროს, იმ ურთულეს პერიოდში, როცა ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, ქსენია ორაგველიძის უნარი და ადამიანური თვისებები კიდევ უფრო წარმოჩნდა. ქალბატონმა ქსენიამ კოლექტივზე დაყრდნობით, ფრონტისთვის ტანკის შესაძენად სოლიდური თანხა შეაგროვა. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა და საკუთარი დანაზოგით გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაძენი თანხა გადარიცხა!!!
ბუნებრივია, ასეთი ბიოგრაფიის პატრონ ქალბატონს შესატყვისი დაფასება და თანამოქალაქეების დიდი სიყვარულიც ჰქონდა.
ყველაზე დიდი შენაძენი კი მისთვის მაინც გია გახლდათ, რომელიც კეთილი ზღაპრების მსგავსად, ერთ მისთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ორაგველიძეების ოჯახში, ბუთხუზა, ულამაზესი ჩვილი ჩამოფრინდა, რომელსაც წინაპრის ხსოვნის საპატივცემულოდ გია დაარქვეს. ქსენია ორაგველიძისთვის გია მართლაც ღვთის საჩუქარი აღმოჩნდა. რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად ძალიან ჰგავდა გამზრდელ დედას. მასავით კეთილი და მოსიყვარულე იყო…
სამწუხაროდ, ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. უსაზღვრო სიხარულის ეიფორიაში მყოფ ოჯახის დედაბოძს ბედისწერამ ისეთ დროს დაუდო კვანტი, როცა პატარა გიას სჭირდებოდა დედის სითბო და სიყვარული.
სამწუხაროდ, გია ორაგველიძემ ადრეულ ასაკში გამოსცადა ობლობის მწარე ხვედრი, იმის მიუხედავად, რომ მას სითბოს, სიყვარულისა და თანადგომას არ აკლებდნენ ნათესავები და დედის მეგობრები. და მაინც, ძირითადი ტვირთი ქალბატონ ბაბინეზე გადავიდა, რომელიც სახელოვანი ქალიშვილის გარდაცვალებით თავზარდაცემული იყო და ამავდროულად მცირეწლოვან შვილიშვილზეც უნდა ეზრუნა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ რთულ განსაცდელს მან ღირსეულად გაართვა თავი. ცნობისთვის, ბაბინე ორაგველიძე ასევე ცნობილი პარტიული და საბჭოთა მოღვაწე გახლდათ, რომელიც ლანჩხუთის სინამდვილეში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. ასე მაგალითად, ის წლების განმავლობაში სათავეში ედგა ლანჩხუთის სადაბო საბჭოს…
ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტია, რომ ქალბატონი ბაბინე მოესწრო გიას დაოჯახებას. მეტიც, თვლიდა რომ ოჯახის მომავალს საიმედო და ღირსეული პატრონის ხელში ტოვებდა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას გულდამშვიდებული წავიდა ამ ქვეყნიდან. ღრმა რწმენით, რომ ქსენია ორაგველიძის ოჯახს, მის ჯიშსა და ჯილაგს გადაშენება არ ეწერა!!!
ეს რომ ასეა და ქსენია ორაგველიძის დედა და გიას გამზრდელი ბებია არ სცდებოდა, ამის საილუსტრაციოდ, ერთ მეტად მნიშვნელოვან ნიუანსზე გავამახვილებ ყურადღებას: გია ორაგველიძის ოჯახში, თვალსაჩინო ადგილზეა გამოფენილი, ქსენია ორაგველიძის მიერ ღირსეულად დამსახურებული, სსრ კავშირის მაშინდელი მეთაურის, იოსებ სტალინის მადლობა!!!
მთავარია, გია ორაგველიძის ოჯახს კარგად აქვს გაცნობიერებული მისი ფასი.
გვწამს და გვიხარია, კიდევ მეტიც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გია ორაგველიძის ოჯახი ღირსეულად გააგრძელებს ლამაზ ტრადიციებს და იამაყებს მისით…“ _ წერს ლალი ლომაძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი და შსს-ს დამსახურებული მუშაკი.
ასევე წაიკითხეთ: „როგორ მოეფერე გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ჩემს ოჯახს, თურმე სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდი…“ _ ლანჩხუთს გია ორაგველიძე აღარ ჰყავს



