„გუშინ მდინარე სუფსაში, ,,თევზის ფესტივალის“ ლოკაციასთან მომხდარი ტრაგედიის გამო, სექტემბრის თვეში დაგეგმილი ,,თევზის ფესტივალი“ აღარ გაიმართება“ _ აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც ლანჩხუთის მერიამ და საკრებულომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გაავრცელეს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი თირქიას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“ _ ვკითხულობთ განცხადებაში.
„ეს არის ჩვენი გუნდის სწორი გადაწყვეტილება. წელს „თევზის ფესტივალი“ არ ჩატარდება. წელს ვერ გაიმართება გასართობი ღონისძიება იქ, სადაც ჩვენი რაიონის ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა. მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო მაშველი ჯგუფის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, ადგილზე გახლდით და უშუალოდ ვხედავდი მათ პროფესიონალიზმს, ყველაზე ბედნიერი დასასრული იქნებოდა ცოცხალი ბავშვის პოვნა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ვუსამძიმრებ ოჯახს და თანამოზიარე ვარ ამ უდიდესი მწუხარების“ _ წერს სოციალურ ქსელში სუფსის მაჟორიტარი ია მოქია, რომელიც „თევზის ფესტივალის“ დაარსების ინიციატორია.




