ლანჩხუთისთვის მხოლოდ ლეგენდა არ იყო… ბეგი სიხარულიძე ერთგულების, თავმდაბლობის და უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლოდ დარჩება

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „გურიას“ სტადიონი და ბეგი სიხარულიძე

ლანჩხუთი დღეს დიდ ტკივილს განიცდის…

მისი საპატიო მოქალაქე, „გურიას“ ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო დროს ავადმყოფობდა. მისი შვილიშვილი სოსო ჟორდანია იხსენებს ლეგენდის ბოლო დღეებს: „ეს ბოლო ღამეები, რაც შენს გვერდით გავატარე, რაც ჩემი და შენი რთული ღამეების დიალოგებიდან, ახლაც ყურში ჩამესმის: წყალი გინდა, ბაბუ? წვენი გინდა, ბაბუ? ფეხზე მასაჟი გინდა, ბაბუ? უმეტესწილად, ყველაფერზე „არა, ბაბუ“-ს მპასუხობდი. ხომ ვიცი შენი მორიდებული ხასიათი, ალბათ, მაგ დროსაც ჩემზე ფიქრობდი, არ შევაწუხო ბაღანაიო, მაგრამ რომ შემომხედავდი და მე აქ ვარ, შენს გვერდით ვრჩები-მეთქი, რომ გეუბნებოდი, ის აფორიაქებული გული უეცრად გიწყნარდებოდა. ძალიან მაგრად დამწყვიტე გული, დარწმუნებული ვიყავი, რომ იცოცხლებდი, მაგრამ სამწუხაროდ, შევცდი. ასე ინება განგებამ, შენ ჩემთვის ადამიანის ეტალონი ხარ, მე შენი სახელით, გვარით, ადამიანობით და შენი შვილიშვილობით მუდამ ვამაყობდი და ვიამაყებ. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები, მშვიდობით ბაბუ“.

ძნელია სიტყვებით გაზომო ის, რაც ბეგი სიხარულიძემ მშობლიურ კლუბსა და ქართულ ფეხბურთს გაუკეთა. ნახევარ საუკუნეზე მეტხნიანი ერთგულება _ „გურიას“ სახელთან, მის ისტორიასთან და მის სულთან შერწყმული ცხოვრება…

ის იყო კაცი, რომლისთვისაც “გურია” მხოლოდ გუნდი არ ყოფილა. ეს იყო ოჯახი, რომელსაც ერთდროულად იცავდა, აძლიერებდა და უვლიდა.

როცა საჭირო გახდა, არც შრომას მოერიდა: იმავე მინდორზე, სადაც დიდ გამარჯვებებს ქმნიდა, თავადვე კრეჭდა ბალახს, ცელავდა და ხაზავდა.

ჩუმად, თავმდაბლად, ისე, როგორც ნამდვილ ლეგენდას შეჰფერის.

და ამას აკეთებდა ადამიანი, რომელმაც „გურია“ ყველაზე დიდ სიმაღლეზე აიყვანა _ სსრ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოუტანა.

თუმცა მისი ისტორია მხოლოდ სამწვრთნელო დიდებით არ იწყება და არ მთავრდება…

12 წლის განმავლობაში „გურიას“ ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი იყო. პირველივე სეზონში თასი მოიგო. შემდეგ კიდევ ორჯერ დაეუფლა მას _ ორივე ფინალში გოლი გაიტანა.

განსაკუთრებული კი დარჩა 1971 წლის ის წამი, როცა 120-ე წუთზე გატანილმა გოლმა გუნდი გადაარჩინა და მერე, საბოლოოდ გამარჯვებამდეც მიიყვანა.

1966 და 1971 თასთან ერთად მისი ჩემპიონობის წლებიცაა.

სამი თასი და ორგზის ჩემპიონობა _ ციფრები, რომლებიც ისტორიად იქცა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ამაზე ბევრად მეტია.

1976 წელს, ფეხბურთელის კარიერა დაასრულდა და „გურიას“ მეორე მწვრთნელი გახდა.

იგი ეხმარებოდა შალვა კაკაბაძეს 1979 წელს, როცა ლანჩხუთელებმა სსრკ-ის პირველი ლიგის საგზური მოიპოვეს.

1985 წლის ბოლოს მან ლეგენდარული მწვრთნელისგან გუნდის მესაჭის ფუნქციები გადაიბარა.

მომდევნო სეზონში, მან მთავარი მწვრთნელის რანგში „გურია“ პირველად დააკომპლექტა.

და სადებიუტო სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია _ 10 ათასიანი ქალაქის გუნდი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და მილიონიანი ქალაქების საფეხბურთო მარაქაში გარია.

მაშინ ის მხოლოდ 39 წლის იყო…

წარმატებულმა მწვრთნელმა პოსტი სეზონის ბოლოს დიდსულოვნად დათმო…

შემდეგ, როცა კლუბს დასჭირდა, უყოყმანოდ დაბრუნდა. „გურიას“ პირველი წრის შემდეგ ოდენ 6 ქულა ჰქონდა. მივიდა, გადაარჩინა და ისევ სხვას დაუთმო ადგილი.

ბოლო წლების მანძილზე, სტადიონზე მუშაობდა, რიგით თანამშრომლად.

ისევ ხაზავდა 50 წლის ნაცნობ მოედანს _ ადრე სანახაობით და ახლა ცარცით…

ასეთი ადამიანები არ მიდიან. ისინი ქალაქის გულსა და სულში რჩებიან.

ბეგი სიხარულიძე ლანჩხუთისთვის უბრალოდ ლეგენდა არ იყო _ ის იყო ერთგულების, თავმდაბლობის და უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლო.

ასეთაც დარჩება თავისი ლანჩხუთისთვის, რომლის სავიზიტო ბარათად აქცია ცხოვრებამ…

ასევე წაიკითხეთ: სიხარულიძის ბევრი სიხარული: „გურიას“ ლეგენდა, რომელმაც არ ითაკილა მინდვრის მოვლა, სადაც ოდესღაც გადამწყვეტ გოლებს იტანდა და დიდ გამარჯვებებს ჭედავდა!