„თუ ასე არაა, კეთილი ინებოს [ალექსანდრე სარიშვილმა] და საჯაროდ უპასუხოს თითოეულ კითხვას“ – ლანჩხუთის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან: ალექსანდრე სარიშვილი, გია გოგუაძე, ირმა მგელაძე, კახა ასკურავა, გივი ცინცაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრები კახა ასკურავა, გია გოგუაძე, ირმა მგელაძე და გივი ცინცაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის სახელით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნულ რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებენ და მასში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებენ:

„სამწუხაროა, რომ 2024 ის  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა, რომლებიც კოალიციურ მთავრობაში მოიაზრებოდნენ (“ლელო – ძლიერი საქართველო” და ”გახარია საქართველოსთვის”), ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, არ უერთგულეს საკუთარ ამომრჩეველს და ამ არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობის მიღებით, ნებსით  თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ რუსულ მთავრობას ე.წ. არჩევნების “გაპრავებაში” _ ვკითხულობთ განცხადებაში.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ფიქრობენ, რომ ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი უნდა გამიჯვნოდა ხელისუფლებას: „[ქართული ოცნება] სათავეში მოვიდა პროდასავლური ნიღბით, ნელ-ნელა გამოაჩინა თავისი რეალური სახე და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ტოტალურად გააყალბეს, ჩამოყალიბდა “რუსულ ოცნებად”. მას შემდეგ ყველა არჩევნები მიტაცებულია. რაც შეეხება მესამე ვადით დასახელებულ მერობის კანდიდატს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს – [მას] ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ბუნებრივად გასცლოდა ამ მოღალატე რეჟიმს და დარჩენილიყო ამ ქვეყნის თავისუფალ და პროდასავლურად მოაზროვნე მოქალაქედ, თუმცა მან მაინც ამ რეჟიმის ნაწილად დარჩენა არჩია“.

ლანჩხუთელი „ნაციონალების“ განცხადებით, „[ალექსანდრე სარიშვილი] ხელისუფლების რუსულ კურსში მაშინ უნდა დარწმუნებულიყო, როცა უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სამძიმრის წერილი, კანცელარიის ერთი ზარით სამარცხვინოდ ააღებინეს მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდიდან“ და რომ „მერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს“.

„არ გვახსენდება მისგან დამოუკიდებლად მიღებული არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არადა პირდაპირი წესით არჩეული მერის ვალდებულებაა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ადგილობრივ საკრებულოსთან შეთანხმებით. თუნდაც მერიის რამდენიმე სამსახურში დღემდე უფროსების ვაკანსიებია, [რადგან] ვერ შეათანხმა “ზემოთ”. ამათგან ერთ-ერთი ინფრასტრუქტურის სამსახურია, რაც სრულიად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რადგან გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ იქ იყრის თავს კორუფციული სქემები. ასევეა მუნიციპალიტეტში დაწყებული და ბოლომდე არმიყვანილი უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ან უხარისხოდ შესრულებული, რომლებმაც ექსპლოატაციის ვადებს ვერ გაუძლო“ _ აღნიშნულია განცხადებაში და მოქმედ მერს ადანაშაულებენ, რომ მან არ უპასუხა მათი თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებს“, რაც ოპოზიციონერებს ეჭვს უჩენს, ხომ არ ხდება „არაკეთილსინდისიერი ქმედებების დაფარვა“.

„თუ ასე არაა, კეთილი ინებოს და საჯაროდ უპასუხოს თითოეულ კითხვას, რომლებიც მას მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დავუსვით _ ვკითხულობთ განცხადებაში.

ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ასევე თავიანთ მხარდამჭერებს იმედს აძლევენ, რომ „ოგორც კი ქვეყანა დაბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოში, არალეგიტიმურად გამოცხადდება 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები და ჩაინიშნება ახალი  საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნომერიც [5], რომელიც მთავარმა გამყალბებელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, რუსული მთავრობის დავალებით მიანიჭა  რომელიღაც სატელიტ პარტიას, ჩვენი ტრადიციული ამომრჩევლის დასაბნევად, ავტომატურად დაუბრუნდება პარტიას, რომელსაც იგი 22 წელია ღირსეულად ატარებს“.

„გურია თუდეი“ გამოქვეყნებს, თუ მერია ან პირადად ალექსანდრე სარიშვილი საპასუხო განცხადებას გააკეთებენ.