„ემზარიე თოხიზა და ბარიზა არ ვარგა, ჭლექიანივითაა. მაგან თუ არ ისწავლა, დეიღუპება და იგია“ – ეუბნებოდნენ მეზობლები მის მშობლებს… როგორ ჩაება ჩოჩხათელი ბიჭი მსოფლიო სპორტის ორომტრიალში

|

Loading

ემზარ ზენაიშვილი

ლანჩხუთელი ემზარ ზენაიშვილი, რომელიც 1997 წლიდან საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალური მდივანია, 81 წლის გახდა. „გურია თუდეი“ ქართული სპორტის გამორჩეულ ფუნქციონერს, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ულოცავს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს.

ემზარ ზენაიშვილი 1944 წლის 10 სექტემბერს ლანჩხუთში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, დაჯილდოებულია ღირსების ორდერით. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ ზაფხულის ხუთ და ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ირანის ახალი ისტორიის საკითხებზე.

დიდია ბატონი ემზარის წვლილი და დამსახურება ქართული სპორტის წინაშე. სამეცნიერო სფეროსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით ჩადგა ქართული სპორტის სამსახურში. 1989 წელს, სეოკის შექმნის თანამოაზრეების მცირე ჯგუფს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა და იმ დღიდან მოყოლებული, აგერ უკვე 36 წელიწადი გასრულდა ერთი დღეც არ უცხოვრია საქართველოში ოლიმპიზმის განვითარება-წინსვლაზე ზრუნვის გარეშე. ამასთან, თავი გამოიჩინა სპორტულ ჟურნალისტიკაში და, რაც მთავარია, საინტერტერსო წიგნებით გაამდიდრა ქართული სპორტული ბიბლიოთეკა.

სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იუბილეს ულოცავს | ემზარ ზენაიშვილის წიგნის – „80 წელი კითხვა-პასუხებსა და ფოტოებში“ პრეზენტაცია (2024 წ.)

მისი გამოცდილება და უნიკალური ორგანიზატორული უნარი დიდად წაადგა ახალშექმნილ სეოკს სწრაფად გამართულიყო წელში, ტემპის შეუნელებლად მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება, ღირსეულად დაემკვიდრებინა ადგილი მსოფლიო ოლიმპიურ ოჯახში.

გასულ წელს, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული სპორტის ამაგდართან ინტერვიუ პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა, „ლელომ“ გამოაქვეყნა.

„ერთხელ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილმა პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა მითხრა: „ბედნიერები ხართ, რომ ქართულ სპორტს ისეთი თავდადებული მუშაკი, ქვეყნის პატრიოტი, მშრომელი და ღირსეული პიროვნება ჰყავს, როგორიც ემზარ ზენაიშვილია. ნამდვილი სპორტის კაცია, თავმდაბალი და ყურადღებიანი კოლეგა“. ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს კი ნათქვამი აქვს: „ემზარი უღალატო კაცია. როგორც იტყვიან, მასთან ერთად შეგიძლიათ, ნებისმიერ დაზვერვაში წასვლა“. ჰოდა, ამ უღალატო პიროვნებამ, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელმა ამ დღეებში უკან მოიტოვა რვა ათეული წელი…“ _ წერს გამოცემის ჟურნალისტი ვაჟა დანელია, რომელიც ქართული სპორტის ლეგენდებთან ინტერვიუებს ხშირად აქვეყნებს.

„რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, – წერს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ემზარ ზენაიშვილი, – ფიზიკურად დიდი შესაძლებლობები არასდროს მქონია. მაგრამ, როგორც კი სიმაღლით ჩაის ბუჩქს გავუსწორდი, მისი კრეფა დამაწყებინეს და საკმაოდ კარგი მონაცემები აღმომაჩნდა – სწრაფი და მოხერხებული ვიყავი. ოჯახს ვეხმარებოდი.

– ემზარიე თოხიზა და ბარიზა არ ვარგა, ჭლექიანივითაა. მაგან თუ არ ისწავლა, დეიღუპება სევერიანე და ქეთოიე და იგია, – ეუბნებოდნენ მეზობლები მის მშობლებს…

ჩოჩხათელი ბიჭი მსოფლიო სპორტის ორომტრიალში როგორ ჩაებით-მეთქი, ვკითხე ბატონ ემზარს:

– სკოლის მერხიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა – სპორტის ჟურნალისტობა და კომენტატორობა. ჩემდა საბედნიეროდ, მალე მივხვდი, რომ ლაპარაკი ჩემი საქმე არ იყო და ტელე-რადიო კომენტატორობაზე ფიქრი თავიდან ამოვიგდე. ჟურნალისტობაზე ოცნებას კი ვერ შევეშვი, არადა, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. ენების ათვისებისკენ მიდრეკილება ნაკლებად მქონდა, თუმცა ავღანეთში თარჯიმნად მუშაობა მაინც არ ამცდა. რაც იქ თავს გადამხდა, იმის გახსენებაც არ მინდა…

უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა ვაჟა შუბლაძემ, რომელიც მაშინ სასპორტო საზოგადოება „შევარდენს““” თავკაცობდა, მკითხა – ჩემს მოადგილედ წამოხვალო? მაშინვე დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი სპორტში…“

სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/Wz69h