“ლანჩხუთისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარიამ კალანდაძე კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს და „პანათინაიკოსის“ ღირსებას დაიცავს.
მარიამი ლანჩხუთის კლუბის აღზრდილია და 10 წელია, მის ღირსებას წარმატებით იცავს. არის საქართველოს 4-გზის ჩემპიონი და მონაწილეობდა ისტორიულ მატჩებში ჩემპიონთა ლიგაზე. მისი უცხოეთში გადასვლაზე სეზონის დაწყებამდეც იყო საუბარი, თუმცა მაშინ ტრანსფერი გადაიდო.

“ლანჩხუთი“ ოფიციალურ განცხადებაში მადლობას უხდის ფეხბურთელს წარმატებული სეზონებისთვის, მას წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ განშორება დროებითია, რადგან „ადრე თუ გვიან, ოჯახში ბრუნდებიან“.
„ჩვენი კლუბის აღზრდილი, მარიამ კალანდაძე, ჩვენთან გატარებული 10 წარმატებული სეზონის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერას საბერძნეთის პანათინაიკოსში გააგრძელებს. დიდი მადლობა, კალა და დროებით, რადგან ადრე თუ გვიან ოჯახში ყოველთვის ბრუნდებიან“ _ ვკითხულობთ კლუბის „ფეისბუქ-გვერდზე“





