იყო და არა იყო რა… ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…
იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი…
ერთ ქვეყანაში იყო ლამაზი სოფელი კეთილი ხალხით.
იმდენად კარგი ხალხი ცხოვრობდა ამ კარგ სოფელში, რომ ხშირად სტუმრობდნენ ზაფხულობით დიდი ქალაქებიდან… ჩამოდიოდნენ და ბავშვები რჩებოდნენ, დიდი ქალაქის მტვერს სოფლის სუფთა ჰაერზე თამაშს ამჯობინებდნენ…
გადიოდა წლები… ქვეყანაში დიდი სიდუხჭირის მიუხედავად, ქალაქი ვითარდებოდა…
სოფელს კი… კიდევ უფრო უჭირდა… უკვე ბავშვებიც ნაკლებად ჩამოდიოდნენ. ბევრი ქალაქში წავიდა უკეთესი ცხოვრების საძებნელად… ასე სოფელი თანდათან დაიცლებოდა…
მით უმეტეს, დანგრევის პირას იყო სკოლა… აღარ არსებობდა სოფლის საექიმო პუნქტი… სამლოცველოც არ ჰქონდა სოფელს…
ქვეყანა წინ კი მიდიოდა, მაგრამ პატარა სოფლისთვის მაინც ვერ იცლიდა… ჯერ სხვა ადგილებში იყო მოსაწყობი სკოლები, ამბულატორიები, გზები…


ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ლევან იოსელიანს საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა. ზედა ფოტო კი, 2017 წელს, სოფელ ჯურუყვეთშია გადაღებული
კარგი სოფლისა და მისი კარგი მაცხოვრებლების პერსპექტივა თუ მომავალი მეტად მუქ ფერებში მოჩანდა…
ამ დროს კი გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც სოფელს ტაძარი აუგო, სკოლა კეთილმოუწყო და მალე სამედიცინო პუნქტსაც გაუკეთებს…
ამით ამ კეთილმა კაცმა სოფელი დაცლის პერსპექტივას გადაარჩინა. უკვე აღარ წავლენ ქალაქებში, ბავშვებიც მეზობელ სკოლებს აღარ მიაშურებენ.
ისევ ჩამოვლენ ზაფხულობით ბავშვები, ისევ ითამაშებენ ლამაზ სოფელში… ილოცებენ და დალოცავენ მის ამგებს.
გავა წლები და უკვე მათში გამოჩნდება, ვინც მიხედავს პატარა, ლამაზ სოფელს…
ამ კეთილ ხალხს ხომ გმირები წარსულიდან მოსაძებნი არ ჰყავს _ ამ მართლაც ზღაპრული ისტორიის გმირს ისინი რეალურად ხედავენ.
ხედავენ სოფლისთვის გარჯილს…
ამ ადამიანს ლევან იოსელიანი ჰქვია.
მის ქველმოქმედებას, კეთილშობილებას, გაკეთებულ საქმეს თუ რაც გინდა დაართქვით _ ახდენილი ზღაპარი თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ.
ჯურუყვეთი ბატონ ლევანის დედულეთია. ის ბავშვობაში ხშირად ჩამოდიოდა სოფელში. ახლა ის ბიზნესმენია და უმეტესად უცხოეთში უწევს ყოფნა. შესაბამისად, ძალიან დაკავებულია…
ამის მიუხედავად, მას არ დაავიწყდა ბავშვობა, აქ გატარებული წლები…
ჯერ დედის, ნანა (ნანი) ანთაძის სახლი აღადგინა, ოღონდ პირვანდელი სახე შეუნარჩუნა…
მერე დედისვე ანდერძის შესრულება დაიწყო _ სოფელში სამლოცველო აეგო.
დღეს ჯურუყვეთს წმიდა ნინოს სახელობის ულამაზესი ტაძარი ამშვენებს.
მთელი სოფელი ემადლიერება ქველმოქმედს, რომელიც თავის გაკეთებულზე არ საუბრობს. უბრალოდ, რომ ნახავთ ბატონ ლევანს, გამოლაპარაკებაც არ გინდათ, ისეთ სიკეთეს ასხივებს მისი სახე _ მიხვდები, ეს კაცი პიარის და რეკლამის გამო არაფერს გააკეთებს.
ასე რომ არ იყოს, არცერთი პიარსმოყვარული ბიზნესმენი არ მოკიდებდა ისეთ საქმეს ხელს, რაც საშვილიშვილოა, თუმცა დიდად საპიარო _ ვერა: საუბარია სკოლაზე, სადაც დღეს მხოლოდ 30 მოსწავლე სწავლობს!

ჯურუყვეთის ეკლესიის გახსნა, 2017 წ. | ლევან იოსელიანი ქვედა ფოტოზე მარჯვნიდან მეორე, შუა ფოტოზე _ მარცხნიდან მეორე.
თუმცა ამ საქმის მთავარი ღირებულებაა ისაა, რომ ახალი სკოლა, რომელიც 150-მდე მოსწავლის მიღებას შეძლებს, იძლევა მინიმუმ იმის გარანტიას, რომ ამ სოფლის ბავშვები სხვა სკოლებსა და თუ მთლად უარესი _ ქალაქებს არ მიაშურებენ და სახავს პერსპექტივას, რომ არათუ დაიცლება, არამედ გაძლიერდება სოფელი.
ამიტომაცაა ეს საქმე საშვილიშვილო და შეუფასებელი!
ასევე ფასდაუდებელია, რომ სოფელს გამოუჩნდა და ჰყავს ასეთი მოამაგე ადამიანი _ ლევან იოსელიანს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ჯურუყვეთის „უჯამაგირო მოჯამაგირე“. ის ამ საქმიდან მოგებას, ხეირს, პიარს არ ელის და არც გეგმავს _ არც გაშუქებაზე უზრუნია ვინმეს. დაგვეთანხმებით, ასეთი შესაძლებლობის მქონე ბიზნესმენი არათუ ვიდეოგადამღების დაქირავებას, სატელევიზიო სიუჟეტების დაფინანსებასაც მოახერხებდა…
მაგრამ ეს მასში არ ზის… ასეთია უბრალოდ, რომ სიკეთე აკეთოს ყოველგვარი საზღაურის გარეშე.
რა გასაკვირია, ოჯახიც ასეთი რომ ჰყავს. მისი შვილი _ დავითი, რომელიც მამას გვერდში ედგა მთელ ამ საქმიანობაში, არის სახე მისაბაძი, კარგად აღზრდილი ახალგაზრდისა.
ბატონ ლევანს, რა თქმა უნდა, ასევე გვერდში უდგას მთელი ოჯახი _ მამა, მეუღლე და ქალიშვილი. და _ მაკა იოსელიანმა, რომელიც „ჯიპას“ ლექტორია, სკოლა თანამედროვე კომპიუტერული ბაზით აღჭურვა.
ეს ხალხი სკოლის გახსნაზე ისე იქცეოდა, თითქოს ეს ყველაფერი სხვამ გააკეთა და თავად რიგითი სტუმრები იყვნენ. აშკარაა, დიდი საქმეების კეთება ისე, რომ თავად ჩრდილში დარჩნენ _ ამ ოჯახის სავიზიტო ბარათია!
ჩვენი გმირის მიერ ჯურუყვეთში დაწერილ-ახდენილი ზღაპარი არ დასრულებულა… მალე სოფელს თანამედროვე ტიპის სამედიცინო ამბულატორია ექნება…
… ლხინი იქა, ლხინი აქა, ფქვილი იქა, ფქვილი აქა…
მამუკა ქანთარია, „გურია თუდეი“, 2017 წ.






