ლანჩხუთის ქალთა გუნდის მიმართ ხმაურიანი სოლიდარობა გამოხატეს „ბათუმისა“ და „კვარტალის“ ფეხბურთელებმა. მათი ბათუმური შეხვედრა იმავე ლოზუნგით დაიწყო, რითაც „ლანჩხუთის“ და „ნიკე-ლუსოს“ 10-წამიანი მატჩი: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“
გურულებს სოლიდარობა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა სხვადასხვა კლუბიდან, განცხადებები კლუბების სახელითაც გაკეთდა, მათ შორის რაგბისტების მხრიდანაც.
„ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“ _ აღნიშნულია ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდის მხარდამჭერ წერილში, რომლითაც სოლიდარობას უცხადებს „ლანჩხუთის“ პროტესტს.
„ძალადობის ადგილი არ არის ფეხბურთში და მით უმეტეს _ ქალთა ფეხბურთში. ჩვენ ვდგავართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის წინაშე დგას და სამართლიანობისთვის იბრძვის. დღეს ჩვენი გუნდი „ლანჩხუთის“ გვერდითაა. ასეთ დროს დუმილი გამოსავალი არ არის, საჭიროა ერთიანობა, მხარდაჭერა და მკაფიო პოზიცია“ _ მეგრული კლუბი მხარდამჭერ პოსტს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს

„გურია TODAY“-ს ფეისბუკ-ქარდი | ზემოთ _ „ბათუმისა“ და „კვარტალის“ მატჩის წინ, ქვემოთ _ „ლანჩხუთის“ პროტესტი „ნიკე-ლუსოსთან“ 10-წამიან შეხვედრაში
„ლანჩხუთის“ პროტესტს უერთდება თბილისის ქალთა სარაგბო გუნდი „ლოკომოტივიც“, რომელიც ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენ სპორტი გვაერთიანებს და როცა საქმე ძალადობას ეხება, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ! დღეს ჩვენს ვუერთდებით იმ გოგონებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ დგანან.
სპორტი უნდა იყოს სივრცე, სადაც ქალები დაცულად, თავისუფლად და ღირსეულად გრძნობენ თავს. ძალადობას ადგილი არ აქვს არც მოედანზე და არც მის მიღმა. მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“ _ აღნიშნულია „ლოკომოტივის“ ფეისბუკის გვერდზე.
გურულების მიმართ სოლიდარულია სოხუმის „დინამო“, რომელიც კაცთა და ქალთა გუნდებს აერთიანებს:
„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც მთელ მსოფლიოს აერთიანებს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა თუ სხვა განსხვავებებისა. ფეხბურთი არის სპორტი, რომელმაც ომებიც კი გააჩერა! გააერთიანა ერები და ხალხები.
ფეხბურთი არის მშვიდობის და გაერთიანების სიმბოლო და იქ ძალადობის ადგილი არაა! ჩვენი კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“!!! არა ძალადობას!!!“ _ ვკითხულობთ კლუბის ფეისბუკის გვერდზე.
„ლანჩხუთის“ მიერ დაწყებულ პროტესტს კიდევ ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბი უერთდება მთავარი ლიგიდან _ თბილისის „ელიტა“ განცხადებას ავრცელებს:
„მოედანი უნდა იყოს ადგილი, სადაც ოცნებები ცოცხლდება და არა ადგილი, სადაც მათ კლავენ!!! გულსატკენია, როცა ფეხბურთელ გოგოს, რომელიც მთელი გულით ემსახურება საყვარელ საქმეს, ბრძოლა უწევს არა მოწინააღმდეგესთან, არამედ საკუთარი ღირსებისა და უსაფრთხოების გადასარჩენად.
გვესმის ყველა მშობლის შიში. გვესმის, რამდენად მყიფეა ის ნდობა, რომელსაც წლებია ასე ფრთხილად ვაშენებთ ამ ქვეყანაში. გვინდა იცოდეს ყველამ და პირველ რიგში შენ, ვინც ახლა ამ სიმძიმეს ატარებ: შენ მარტო არ ხარ. შენს ხმას ჩვენ ვაჟღერებთ!!!
ვერანაირი ფული, სტატუსი თუ ძალაუფლება ვერასდროს დადგება ადამიანის ღირსებაზე მაღლა. ძალადობას ფეხბურთში ადგილი არ აქვს. ჩვენ შენთან ვართ! ბოლომდე!“ _ წერს „ელიტა“ ინსტაგრამის გვერდზე.
შპს „ელიტა თბილისი 2021“-ს 2024 წელს შპს „ვფქ ლუსსო“ ფლობდა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეც ფეხბურთელი ქალის მიერ გაუპატიურებაში დადანაშაულებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული მეჰმეთ უიარია. ამჟამად შპს „ელიტა თბილისი 2021“-ს სხვა მესაკუთრე ჰყავს.




