„გურიამ” თასის გათამაშების მეორე ეტაპზე თბილისის „მერანი“ 6:1 დაამარცხა. ლანჩხუთურმა კლუბმა საშინაო მატჩი თბილისში გადაიტანა და პირველ ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაიტანა.
ლუკა ქოქოსაძემ გახსნა ანგარიში, დუბლი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, ასევე გაიტანეს ლევან კაკუბავამ, ივანე ოქროპირიძემ და დათა სიჭინავამ.
შესვენებაზე გააკეთა ოთხივე ცვლილება თემურ ლორიამ, რომელიც გოჩა ტყებუჩავას დისკვალიფიკაციის გამო, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.
ჩაგანავამ, კაკუბავამ და სიჭინავამ (2) ჩემპიონატის შეხვედრაშიც გაუტანეს დედაქალაქელებს _ იმ შეხვედრაშიც 7 გოლი გავიდა, ოღონდ ფოთში გურულებმა მშრალი ანგარიშით, 7:0 მოიგეს.
„გურიას“ სათასო გამარჯვება ისტორიული, მე-500 მოგებაა ეროვნული ჩემპიონატებსა და თასის გათამაშებაში. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემს ლევან გიორგაძე აქვეყნებს.
1990 წლიდან ლანჩხუთელებმა 1229 შეხვედრა ჩაატარეს, რომლის 41% გამარჯვებით დაასრულეს.
გურიის მთავარ კლუბს 500 მატჩის მოსაგებად 36 წელი, 2 თვე და 26 დღე დასჭირდა _ პირველი გამარჯვება 1990 წლის 31 მარტს მოიპოვა [1:0 გორის „დილასთან“].
შემდეგ ეტაპზე, „გურია“ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს _ თბილისის „დინამოს“ ლანჩხუთში, 26 ივლისს შეხვდება.
აქამდე თასზე ეს ორი გუნდი ერთმანეთს 3-ჯერ გადაეყარა _ ორჯერ დედაქალაქელები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, 1990 წელს კი, ნახევარფინალურ ეტაპზე, „გურიამ“ შეძლო წარმატების მიღწევა. მაშინ გურულები პირველ ეროვნულ თასსაც დაეუფლნენ.
26.06.2026 | თბილისი, ოლიმპიური კომპლექსი | გურია 6:1 მერანი 1:0 ქოქოსაძე (10), 2:0 კაკუბავა (12), 3:0, 6:0 ჩაგანავა (22, 57), 4:0 ოქროპირიძე (29), 5:0 სიჭინავა (44)
გურია: ლომიძე, მელიავა, იაშვილი (46′ გამბაროვი), კაკუბავა, ნოზაძე, სიჭინავა, ჩოთალიშვილი (46′ ხუნდაძე), ჩაგანავა, წილოსანი (46′ ტაბატაძე), ოქროპირიძე, ქოქოსაძე (46′ ქოქოსაძე)




