ლანჩხუთელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ზოია ტუღუშის საინტერესო რეცენზია გურულების სამაგიდო წიგნზე _ „ლანჩხუთის ქრონიკები“:
„ამასწინათ, გამომცემლობა „ნეკერმა“ დასტამბა უაღრესად საინტერესო და საჭირო წიგნი „ლანჩხუთის ქრონიკები“. მასში თავმოყრილია ლანჩხუთის ეტიმოლოგიის განხილვიდან დაწყებული, რელიეფის, ნიადაგების, მდინარეების, ტბების, ჭაობების თავისებურებათა ამსახველი მასალები, არქეოლოგიური მონაპოვრების, ეთნოგრაფიული თავისებურებების, კულტურის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების, სკოლებისა და სამკითხველოების, პრესისა და თეატრის, ანსამბლ „შვიდკაცას“, სახალხო თამაშობების, ლანჩხუთის სახელოვანი შვილების – მამია გურიელის, ეგნატე ნინოშვილის, ნოე ჟორდანიას, საფო მგელაძის, I მსოფლიო ომის გმირის, როტმისტერ ევგენი აფხაზავას, ვალოდია გოგუაძის, გენერალ-მაიორ დავით ართმელაძის, ამერიკასა და ევროპაში ლანჩხუთელი მოჯირითეების, საამაყო სტუმრების – მარჯორი და ოლივერ უორდროპების შესახებ და სხვა მასალები, რომლებიც საინტერესოდ იკითხება, ბევრ სიახლესაც შეიცავს და რომელთა გაცნობა ყველა გურულის (და არა მარტო გურულის) სიამოვნების წყაროდ იქცევა.
კრებულში წარმოდგენილია წიგნის შემდგენლების – ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერის, ნონა იმნაძის, თანამშრომლების: თინა კალანდარიშვილის, ლალი რამიშვილის, მანანა სიხარულიძის, ინდირა მახარაძის, თამაზ ჩხაიძის, თინა გიორგაძის, ლამზირა გურგენაძის და ცნობილი რეჟისორის, მწერლისა და მკვლევარის, ირაკლი მახარაძის მიერ მოძიებული და დამუშავებული მასალები.
„ლანჩხუთის ქრონიკებში“ გამოყენებულია მე-19-20 საუკუნეებში გამოცემული პერიოდული პრესის – „ივერიის“, „კვალის“, „დროების“, „ცნობის ფურცლის“ სხვადასხვა ნომრებში დაფიქსირებული გურული მასალები. გათვალისწინებული და მითითებულია ცნობილი მეცნიერების, მკვლევართა შრომები, მხარის კვლევა-ძიების შედეგები, ინტერნეტში განთავსებული შესაბამისი მასალები (ელექტრონული ვერსიით).
წარმოდგენილ მასალებში შეიგრძნობა სიახლეების ინტერესი, ძველებური („საბჭოური აზროვნების“) პოლიტიკური მოტივით ჭეშმარიტების დამახინჯების ტენდენციისადმი კრიტიკული მიდგომა, სიმართლის – ფაქტებისა და მოვლენების სწორად დანახვისა და მართებული ანალიზის უნარი, ეროვნული პოზიცია და ჭეშმარიტების ძიებისა და პოვნის სურვილი.
მასალების ნაწილი სამეცნიერო ხასიათისაა, მუზეუმის თანამშრომელთა საკვლევაძიებო თემატიკის გარშემო, სათანადო სამეცნიერო აპარატურის დართვით, განსხვავებული ვერსიების შეჯერებით. მრავლადაა პოპულარული ხასიათის პუბლიკაცია, რომელთა ბეჭდვა გამართლებულია სხვადასხვა თვალსაზრისით:
თავის დროზე, პერიოდულ პრესაში თუ სხვადასხვა გამოცემებში დაფიქსირებული მასალები დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას შეადგენს, არადა ფრიად საინტერესოა; სხვადასხვა ვერსიის მოხმობა და განხილვა ჭეშმარიტებასთან მიახლების გზას უხსნის მკითხველს; სხვადასხვა გამოცემებსა და პერიოდიკაში მიმობნეული მასალები, ერთმანეთთან შეჯერებული და გაანალიზებული კარგი საჩუქარია ყველასთვის, ვინც საკითხის შესწავლას შეუდგება.
ამიტომ მისასალმებელია ამგვარი ნაშრომის შედგენა და მკითხველისთვის მიწოდება.
სათაური კრებულისა მარჯვედაა შერჩეული. აქ მართლაც უნიკალური ქრონიკებია წარმოდგენილი. ზოგი მათგანი შედარებით ვრცელია, ზოგიც – ლაკონური.
მოცემულ თემებზე სხვადასხვა ავტორთა პუბლიკაციების პარალელურად დღეიდან უკვე „ლანჩხუთური ქრონიკების“ მითითებებაც მოიაზრება. აქ პირველადაა წარმოდგენილი ერთად შეკრებილი, თემატურად შეკრული გურული (ლანჩხუთური) ქრონიკები, რაც ზრდის მისდამი ინტერესს.
ფართოა მკითხველთა ის სპექტრი, ვინც აუცილებლად უნდა იცნობდეს ამ მასალებს: პედაგოგები, კულტურის დარგის მუშაკები, მოსწავლე-ახალგაზრდობა,სტუდენტები, ყველა დაინტერესებული პირი.
ვულოცავ წიგნის შემდგენლებს და ყველა იმ პირს, ვისი წყალობითაც „ლანჩხუთის ქრონიკებს“ მწვანე შუქი აენთო!“





