„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას _ „მისი პედაგოგიური მოღვაწეობა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“ _ ნიგვზიანის სკოლა ღვაწლმოსილ მასწავლებელს ემშვიდობება _ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა:
„ჩემთვის ცხოვრების მასწავლებელი და ჩემი მეგობარი, ფიქრო ჩხარტიშვილი გარდაიცვალა. მოსწავლეობის დროს ყველაზე მეტად ფიქრო მასწავლებლის მერიდებოდა და ცოტათი მეშინოდა კიდეც. ის ამ ყველაფრით ცხოვრებისთვის გვამზადებდა და ეს მართლაც გამოუვიდა.
როცა სკოლიდან წავიდა, გული დამწყდა, რადგან ძალიან უყვარდა ნიგვზიანის სკოლა, კოლეგები. ჯანმრთელობა არ აძლევდა საშუალებას და წამოვიდა. პირველი ნაბიჯები პედაგოგიკაში სწორედ მან გადამადგმევინა, როცა ჩემს გამზრდელ სკოლაში მოხალისედ სწორედ ფიქრო მასწავლებლის გვერდით დავიწყე მუშაობა. აი, მერე აღარ მეშინოდა, დავმეგობრდით და სკოლაში მისულს პირველად მის კაბინეტში შევიხედავდი.
მერეც რამდენჯერმე მოვინახულე და სიხარულით ცას ეწია, სწორედ მაშინ მინდოდა მადლობის გადახდა, მაგრამ არ დამაცადა, იმდენ შეკითხვას მისვამდა, როგორ ეფერებოდა ჩემს მიტანილ ნუგბარსა და თბილ წინდებს. მაგრამ ყველაზე მაგარი საჩუქარი იმ წუთას მისთვის მე ვიყავი.
წამოვდგებოდი თუ არა, უმალ მეუბნებოდა, ჯერ ხომ არ მიდიხარო? მეც უცებ გადავიფიქრებდი და რამდენიმე საათი ვრჩებოდი მასთან.
მინდა კოლეგებს ვთხოვო, ყველას გეყოლებათ ყოფილი მასწავლებლები და ვინახულოთ, გული გავუხაროთ, დავაფასოთ, მადლობა გადავუხადოთ.
გემშვიდობები, ჩემო ფიქრო მასწავლებელო. დიდი მადლობა ჩვენი სოფლისთვის გაწეული შრომისა და ამაგისთვის; დიდი მადლობა ცხოვრების გაკვეთილების ჩატარებისათვის, დარიგებიათვის. არასდროს დაგივიწყებთ. აი, ამის თქმა მინდოდა თქვენთან მოსვლის ყოველ ჯერზე, მაგრამ არ დამაცადეთ და მეც, მგონი, დამაგვიანდა“ _ წერს ლადო აფხაზავა „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ე.წ. ქარდის კომენტარების ველში.




