სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოხატავს ღვაწლმოსილი პედაგოგის, ფიქრო ჩხარტიშვილის გარდაცვალების გამო.
„ქალბატონი ფიქრო მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა განათლების სფეროსა და მშობლიურ სკოლას. მისი ცხოვრება მთლიანად უკავშირდებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას. იყო გამორჩეული პედაგოგი, რომლისთვისაც მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არასოდეს ყოფილა _ ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი ნიშა, ყოველდღიური ზრუნვა და უდიდესი პასუხისმგებლობა.
წლების განმავლობაში ფიქრო მასწავლებელმა არაერთ მოსწავლეს გაუკვალა გზა ცოდნისაკენ.
მის მიერ აღზრდილი თაობები დღეს სხვადასხვა სფეროში ღირსეულად აგრძელებენ საქმიანობას და განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებენ მასწავლებელს, რომელმაც მათ არა მხოლოდ საგანი ასწავლა, არამედ შრომის სიყვარული, დისციპლინა და ადამიანების პატივისცემაც ჩაუნერგა.
მისი პედაგოგიური მოღვაწეობა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით. კოლეგებისთვის იგი იყო ღირსეული თანამოაზრე, კეთილშობილი ადამიანი და ერთგული მეგობარი.
მისმა სახელმა დიდი ხანია, რაც ღირსეული ადგილი დაიკავა ნიგვზიანის საჯარო სკოლის ისტორიაში, როგორც პედაგოგისა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება განათლების სამსახურს მიუძღვნა.
მუდამ დარჩება კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, რომელთაც მისი სიკეთე, სიბრძნე და პედაგოგიური ღვაწლი ახსოვს. ნიგვზიანის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელად თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
ნათელი და მარადიული ხსოვნა ქალბატონი ფიქრო ჩხარტიშვილის სულს!“ _ ვკითხულობთ სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს ღვაწლმოსილი პედაგოგის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.





