გურიაში, სოფელ ნასაკირალში, გუშინ დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, რომელიც საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.
როგორც მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი გამოცემა „ბათუმელებს“ უყვება, მარგო ზოიძეს ძარცვამდე ტელეფონზე დარეკვა უცდია – „ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია“.
„მეზობლებთან უთქვამს, 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო. მისი მეუღლე მთელი ზაფხული გომისმთაზე მუშაობდა, მკვლელობის ღამეს ქალი სახლში მარტო იყო.
28 აგვისტოს, გვიან ღამე, ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები. გაუგია მარგოს, როგორ ცდილობდნენ მეტალოპლასტმასის ფანჯრის შემტვრევას, ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია. სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა თურმე. ეუბნებოდა, არ მაქვს ფული, არაფერს მოგცემთო. ერთი მარგოს იჭერდა, ორი სახლში ფულს ეძებდა. მარგოს უბრძოლია – ვინც იჭერდა, იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვია „გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან, არ მაქვს ფულიო“..
სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში. დანით დაჩეხეს. 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს. ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – „ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო“. მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა თურმე.
მეზობლებს იმ ღამეს გაუგიათ ხმაური. კართანაც მისულან – მარგო, მარგოო ეძახდნენ, მაგრამ ხმა არ გაუცია. მეორე დღეს იპოვეს უკვე გარდაცვლილი და პოლიცია გამოიძახეს“ – ამბობს მოკლულის ახლობელი.
შსს-ში გამოცემას არ დაუდასტურეს ინფორმაცია, რაიმე ჩანაწერის არსებობაზე, რომელიც მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა, რომ შესაძლოა ერთ-ერთი თავდამსხმელის ამოცნობას უკავშირდებოდეს, ადასტურებს გარდაცვლილის ახლობელი.
„ჩვენი გვარის საამაყო რძალო, ვაჟკაცო და უდრეკო-უშიშარო, გამორჩეული იყავ შენი სტუმართმოყვარეობით. ადამიანი არ არსებობდა ფინანსურად ხელი არ გაგემართა, ყველას ეხმარებოდი, მეზობლის ბანკის ვალი გადაიხადე 10 000 ლარი. უნაკლო და უბადლო იყავი ყველაფერში. დღედაღამ შრომაში ატარებდი, რომ შვილებსა და შვილიშვილებს არაფერი მოკლებოდათ, ყველას ტკივილის გამზიარებელი იყავი. შენი ვაჟკაცობით დაიცავი თავი, ნიღაბი ჩამოგლიჯე, ამოიცანი და სასიკვდილოდ გაგიმეტეს, 60 დანის ჭრილობით, კართან შველას ითხოვდი, დამხმარე არავინ დარჩა. მკვლელის თმები ხელში გეჭირა, მხოლოდ დანის გამოყენებით გაჯობა. ჩვენ გულში ცოცხლად დარჩები, ჩვენი დიდი ტკივილი ხარ“ _ წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
ასევე წაიკითხეთ: „საშინელი სურათი დაგვხვდა, 63 წლის ქალს 60-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული“ _ გურიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ამბობენ სოფელში?




