„საშინელი სურათი დაგვხვდა, 63 წლის ქალს 60-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული“ _ გურიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ამბობენ სოფელში?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | საპატრულო მანქანა, დანა

„გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოკლულ 63 წლის ქალბატონს დანით 60-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობა ადრე დილით, დაახლოებით 5 საათზე მოხდა“ _ წერს „გურიის მოამბე“ ადგილობრივების მონაყოლზე დაყრდნობით.

ასევე წაიკითხეთ: „სახლში მარტო იყო, თხილი ჩაუბარებია წინა დღეს და სავარაუდოდ, ამ ფულის გამო დაესხნენ თავს“ _ გურიაში ქალი სასტიკად მოკლეს

გამოცემას მოკლულის თანასოფლელებმა უთხრეს, რომ მკვლელმა საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ნასაკირალის მეხუთე მიკრორაიონის სამსართულიანი საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს, ფანჯრიდან შეაღწია. შესვლამდე მან ბინაში ელექტროენერგია გათიშა, მკვლელობის იარაღი – დანა, ასევე ხელთათმანები, კი ადგილზე დატოვა.

კორპუსში ხმაური მხოლოდ ერთმა მეზობელმა გაიგო, მან მეორე მეზობელს შეატყობინა, მეზობლები ბინაში მოგვიანებით, ფანჯრიდან შევიდნენ, თუმცა, ქალბატონი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „საშინელი სურათი დაგვხვდა, მოკლული დაჩეხილი იყო“ – ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი.

„ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა, მეუღლე კურორტ გომისმთაზე მუშაობდა, შვილები კი საკუთარ, სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებში, დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ძაღლები მოიყვანეს, თუმცა კვალი – მომხდარიდან ას მეტრში, ავტომაგისტრალზე გასვლისას დაიკარგა. გამოძიებამ ათეულობით ადამიანი დაკითხა, თითქმის ნახევარი სოფელი, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რაიმე ხელშესახები, პოლიციას მომხდარზე, ჯერ არა აქვს“ _ წერს „გურიის მოამბე“, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ დაბა ნასაკირალში მანიაკზე ალაპარაკდნენ.

ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ მკვლელი ადგილობრივი არ უნდა იყოს, თუმცა მსხვერპლის შერჩევა მიანიშნებს, რომ ის დასახლებას კარგად იცნობდა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულმა წინა საღამოს თხილი ჩააბარა, რაშიც დაახლოებით 5 ათასი ლარი აიღო. ამის გამო აქტიურად განიხილება ყაჩაღობის ვერსია.