მართლაც, “ოთარაანთ ქვრივს” ჰგავდა… დედა ტერეზასაც… სულ შრომასა და სიკეთის კეთებაში იყო… ტყუილსა და თვალთმაქცობას ვერ იტანდა, თუმცა გულში არასდროს ჩაიდებდა და ალალად ეტყოდა და თუ დასჭირდებოდათ, მათაც გვერდში დაუდგებოდა…
მოსიარულე სიკეთე იყო! სიმართლის მთქმელი და მოყვარული, ალალი, პირდაპირი…
საოცრად ნაკითხი, თუმცა ბედის უკუღმართობამ შვილმკვდარ დედად აქცია… ადამიანების დახმარება და სიყვარული იყო მისი ცხოვრების კრედო, ქვეყნის ბედი ადარდებდა და წუხდა ქართველთა სიდუხჭირეზე…
ლანჩხუთს და განსაკუთრებით ნიგვზიანს ძალიან დააკლდება მერი ტუღუში. ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავ მისი მეგობრებისა თუ უბრალოდ, ნაცნობების გულისტკივილს.
“ისეთი ტრაგიკული ამბავი გავიგე, სულიერად შემძრა. გარდაცვლილა ქალბატონი მერიკო…
გურიაში ცხოვრობდა მარტო… მარტო არ უნდა დავტოვოთ არავინ. მარტოობაში ჩვენ უნდა ავხმაურდეთ. უნდა მოვიკითხოთ ერთმანეთი. მარტოსულები. ადამიანებს არ უნდა მივცეთ მარტოობის უფლება…
ბავშვობაში მახსოვს მასზე ამბობდნენ, ძალიან მკაცრი ქალი არისო. მერე როცა გავიზარდე, ქუჩაში რომ შევხვდებოდი, სულ ვაკვირდებოდი მის თვალებს. ვცდილობდი, გამეგო რეალურად რა იმალებოდა მის სულში და ხასიათში.
ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებიდან “ოთარაანთ ქვრივს” ვადარებდი… შრომობდა ბევრს… სულ შრომობდა და რასაც ფიქრობდა, ყოველთვის იმას ამბობდა.
მისი ცხოვრების დიდი ნაწილი მარტოობაში გაატარა. ტრაგიკული ქალი იყო. გარდაცვლილი ჰყავდა ძმა, რძალი, ძმისშვილები, დედა, მამა და შვილი… როგორც თვითონ მიყვებოდა ხოლმე: “ორმეტრიანი შვილი, ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი ხელებით ჩამოვხსენი თოკიდან უკვე გარდაცვლილი, იმის მერე მე ქალად არ ვარგივარ. ისე დავდივარ, ვგრძნობ ვამძიმებ დედამიწასო”.
მისი შვილის საფლავს, როცა გურიაში ჩავდიოდი, ყოველთვის ვასუფთავებდი სარეველა ბალახებისგან, სწორედ მისი შვილის საფლავზე ვხვდებოდით ყოველ აღდგომის დღესასწაულზე.
ახლა თვითონაც იქ იქნება. ისე გარდაიცვალა მარტო ოთახში, სკამთან ჩაჩოქილი, რომ მეზობლებმა რამდენიმე დღის მერე ნახეს.
ღმერთმა იცის, ბოლო წუთს რა გაიფიქრა. ვფიქრობ, იქნებ გადარჩენილიყო, მარტო რომ არ ყოფილოყო, მაგრამ იმასაც ვფიქრობ… ღმერთმა უკეთ იცის.
ტრაგიკული ქალი იყო… მისი ტრაგიკული ცხოვრების სიღრმე წარმოუდგენელი სიძლიერეა, სხვანაირად შეუძლებელი იყო იმის ატანა, რაც ამ ქალბატონმა გადაიტანა, აიტანა, გაუძლო და ეს ტრაგედიები ატარა სულით მანამ, სანამ სკამთან არ ჩაიმუხლა მარტოსულმა.
იმ ხელებით ბოლოჯერ ჩაებღაუჭა სკამს, რომლითაც წლების წინ საკუთარი შვილი ჩამოხსნა თოკიდან“ _ წერს თინათინ ღლონტი.
მისი მეგობარი ნინო ბარამიძეც თბილი სიტყვებით ემშვიდობება.
“დავაფასოთ, სანამ ცოცხალია… სიცოცხლეში ვუთხრათ ის, რასაც მისი ხსოვნის დროს ვამბობთ… ცოცხალს გავუთბოთ გული…”
ვერ ვიჯერებ, რომ აღარ ხარ! როგორი ძლიერი ქალი იყავი, მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა. რომელ გულს შეეძლო გაძლება შენი უდიდესი ტკივილისა და მწუხარებისა. და მაინც გულით სიკეთეს დაატარებდი. ცდილობდი, ვალში არავისთან დარჩენილიყავი.
ჩემო მერი, როგორ უცებ წახვედი… წარმოუდგენელია, ასე უცებ შეჩერდეს შენი ცხოვრება! თუმცა ამბობენ, სიცოცხლე და სიკვდილი მხოლოდ ორი წამია. ღირსეულად იცხოვრე! ბევრი ადამიანის გულში ნათელი კვალი დატოვე.
ასე გვჩვევია, მაშინ ვიწყებთ დაფასებას, როცა გვიანია… შეგვიძლია გავუშვათ… მხოლოდ სიკვდილის ხილვით ვსწავლობთ ცხოვრებას…
იძინე მშვიდად მდუმარე სამყაროში, მოუსვენარო, შრომაში დაღლილო, გულდაკოდილო, ჩემო სამაგალითო უფროსო მეგობარო! თანავუგრძნობ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ქალბატონი მერის სიცოცხლე“ _ წერს ის უფროს მეგობარზე.
ძალიან დაგვაკლდები, ჩვენო მერი დეიდა, მამიდა, ბებია და ყველაფერო… შეხვედრამდე, ჩვენო კეთილო, ალალო და გამორჩეულო!
“გურია Today“ დიდ გულისტკივილს გამოთქვამს მერი მოისწრაფეშვილი-ტუღუშის გარდაცვალების გამო და თანაუგძნობს ოჯახს, ყველა ახლობელს.





