გუშინ, ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მომხდარი ავარიის შესახებ, რასაც 16 წლის გოგონას გარდაცვალება მოჰყვა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„ჩვენი მარიამი, ჩვენი ლამაზი გოგო აღარ გვყავს. ეს რა საშინელი ამბავი გავიგეთ ამ დილით. ჯერ მის სახლამდეც ვერ მივდივართ, ოჯახისთვის სამძიმარიც არ მითქვამს, რა უნდა ვუთხრა მის დედას, მისი ოჯახის წევრებს?! ვერც ვკითხულობ დეტალებს, ისე განვიცდი ამ ამბავს. ჩვენს უბანში, ნახალოვკაში დიდი თუ პატარა ყველა ტირის, ისეთი კარგი ბავშვი იყო მარიამი. ორი წლის წინ ძმა გარდაეცვალა, მას გულის მანკი ჰქონდა, ამ ტკივილით ცხოვრობდნენ და ახლა ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. ჩემი შვილის მეგობარია მარიამი, უკარგესი ცქრიალა გოგო, არ ვიცი, როგორ ვუთხრა სამძიმარი მის დედას, რომელმაც მეორე შვილი დაკარგა. სიტყვები არ მაქვს,”– ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბარში მეზობელი.
როგორც ცნობილია, „მინივენის“ ავტომობილი წვიმიან გზაზე მოსრიალდა, ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი იქვე, მაცხოვრებლის ეზოში შევარდა. ავტომობილში 5 არასრულწლოვანი იჯდა, მათგან ერთი გოგონა _ მარიამ ჩოთირიძე საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
„სოფელ გომში ყოფილა ჩამოსული ეს გოგონა სტუმრად. ის ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ისვენებდა და ეტყობა, სტუმრად წაიყვანეს მარიამი. საჭესთან ვინც იჯდა, იმას როგორც ვიცი, მართვის მოწმობა ჰქონია. სოფელ წითელმთაში მოხდა, სოფელ გომიდან 5 კილომეტრშია ეს სოფელი. მოსახვევიდან მალევეა ავარია მომხდარი, ჯერ დამცავ ჯებირს შეეჯახნენ, შემდეგ შევარდნენ იქვე მაცხოვრებელის ეზოში. ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი სიჩქარეა, ზუსტ დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. არადა ძალიან გამკაცრებულია თითქოს ყველაფერი. ხშირად დადის პატრული და მაქსიმალურად კონტროლდება გზები, რადგან ტურისტული ზონაა და ბევრი ტურისტი სტუმრობს აქაურობას. არ ვიცი, რა ვთქვა… ვიდრე კლინიკაში გადაიყვანდნენ ბავშვს, მანამდეც ითქვა, რომ ძალიან მძიმედ იყო. ფაქტობრივად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა და კლინიკაში გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს ამ დიდ ტრაგედიას. დანარჩენები გადარჩებიანო, თუმცა, მათაც აქვთ დაზიანებები და მოტეხილობები” _ უთხრა გამოცემას კიდევ ერთმა ადფილობრივმა.
„გურია Today“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.




