„ლანჩხუთის ქრონიკებში“ გურულების ცხოვრების შესახებ არაერთი საინტერესო ფაქტია თავმოყრილი. ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წიგნის ფურცლებიდან გურული ქორწილის შესახებ საინტერესო მოგონებებს გვიზიარებს:
გურულების საამაყო მწერალიეგნატე ნინოშვილი მოთხრობაში „პარტახი“ წერდა: ,,გავიდა შემოდგომის ორი მესამედი. სოფელმა ჭირნახული მიალაგა და გაჩნდა ქორწილები; ისე კვირა-უქმე დღე არ გავიდოდა, რომ ქორწილი არ მომხდარიყო. შემოდგომა, ჭირნახულის დალაგების შემდეგ საუკეთესო დროა სოფლელისთვის, ვისაც ჯვარის დაწერა და ქორწილი ესაჭიროება. პური, ღვინო, თავისუფალი დრო თუ აქვს, სწორედ მაშინ აქვს გლეხკაცს. გასათხოვარი ქალებიც მოუთმენლად მოელოდებიან ამ დროს”.
მადიო ანთაძე-მახარაძის თქმით, ქორწილში დასაპატიჟებლად „გუუგზანიდენ წერილს კაცს, თუ ვერ მოასრობდენ, შუუთვლიდენ, მარა შეთლა სირცხვილი იყო და თუ კაი თავმოწონე ოჯახი იყო, არც მევიდოდა შეთლით“.
რაღა საკვირველია… ქორწილი ნაირ-ნაირის ქალ-კაცთით ივსება.

ლანჩხუთში 1913 წელს გამართული ქორწილის მოსაწვევი და 1926 წელს ბაბილინასთვის შეგროვილი მძითევის სია
აუცილებელი იყო მაყარი: ,,გძელი კუდიანი კაბა – დედოფალიც, ცხენები და მაყრები! შორ თუ იყო, ცხენებით იცოდენ წასვლა. რეთი დეინტროვოდა, ვინ იცის! ნენავ, ნენავ! ქორწილი და ტირილი ძმები არიენ! წეიყვანდენ! ზოგს ქუხნა ქონდა, მეტი აფერი. ქუხნიანი ხშირა იყო! ოდა სულ არ ქონდენ. ოდას საცხა დეინახვიდი აგერ-იგერ. გაჭირვება კი იყო, მარა ქი ცხოვრობდენ და კარქა ქი იყვენ”, იუწყებოდა ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე.
მას ამირან გოგეშვილი უკრავს კვერს: ,,მაყრები იცოდენ. მაყრები შეხვდებოდენ, ერთი მახარებელი მევიდოდა ახლა, მოდის ნეფე-დედოფალიო და ახარებდა ოჯახს. ახლა აქიდან ხაზეინი და ხაზეიკა შეხთებოდენ ჭიშკართან და მიესალმებოდენ”.
და რაც უმთავრესია, ეს იყო სუფრა: ,,დაკლავდენ საკლავს, ხარი იქნებოდა თუ ძროხა, თხაი, რაც შიელო, ღომი, ხარჩო და მშრალი ხორცი, ინდოური თუ იყო, დასაცივსებულსაით იცოდენ. კიდომ რაცხას შეწუავდენ და თხელ-თხელი ლევაში იცოდენ, ფურცელსაით, იმას მეიტანდენ და პირადათ სტოლზე დააზავებდენ. ოტკას ჩამუარონიებდენ და ღვინო კაი უნდა ყოფილიყო, თავარი მაი იყო” – ისევ ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძის მონათრხობიდან.
ამირან გოგეშვილი: ,,ქორწილში თავარია ღვინო. ჩვენში იცოდენ ადესა. კაი ადესა გემბრიელიცაა და სასარგებლოც. კაი ადესას არ ჯობია აფერი, მარა კარქა უნდა იყოს დაყენებული. მაშინ სა იცოდენ ცოლიკაური, მაინცდამაინც მაშინ არ იყო მოშენებული”.

ქორწილი გურიაში | ოსკარ შმერლინგის ნახატი
მადიო ანთაძე-მახარაძე იგონებდა: ,,ახლა რაფერი იყო აი ჯრისწერა: ფატა ქონდა ქალს თავზე. ორვეს, ქალცაც და ბიჩსაც ბუკეთიანი სანთელი ხელში, ორთავეს ოთხი შაფერი ხავდა, კაბის კუდი შაფერებს იეჭირა ხელში. ახლა ჩვენ რუმ ვიყაით აი ნეფე-დედუფალი, ჯერემ გვაზიარებდენ ღვინით ორთავეს, მერე გაგვარონიებდენ ხანჯლეფს ქვეშიდან, თეფშს გასტეხთენ კიდომ, შეიძახებდენ და დეიწყებოდა სიმღერა, ცეკუა. მერე დაჟდებოდენ სტოლძე და იქეიფებდენ. აი ქეიფი გაგძელდებოდა სამს-ვოთხ დღეს; თუ მაგარი ვოჯახი იყო, – ერ კვირეს და მეც. დათრებოდენ. ნამეტანი ათრობდენ ერთქამეც. მაყრემა, აპა ჰე, რუმელი ვაჯობებთო და არცობდენ ერთქამეც ღვინით, ოტკით. ამბის მიმტანი არ გუუშვათო და იყო: დალიე და დამილიე, არ დავლევ. კი დალევ. ჩხუბიც მოყობოდა ქორწილს, ხანდისხანდაი კლელობაც კი იყო”.
ამირან გოგეშვილის გადმოცემით, „დეიწყებდენ ქორწილს. ჭამდენ, სვამდენ, მღეორდენ, ცეკვობდენ. ზოი დათრებოდა უბედურათ, თუ ხავდა პატრონი, გეიყუანდენ იქით, მოშორებით, ქლა არ მოგვჯაყოსო. ზოი იტანდა ღვინოს, ზოი მეიპარავდა და ე, ატყდებოდა ჩხუბი და გამიშვი და გაგიშოფ და ამბავი. მასპინძელი უნდა ყოფილიყო მაგარი და ხავდა მაგარი ბიჭები და გააკავებდენ, გეიყუანდენ განში; ხთებოდა ისეც, რომე შაკიონავდენ კაც, შეკრავდენ ბაწრით, რუმ ვერ მიერევოდენ და დაამწყტოვდენ. მერე მეიფხილებდა და იხთიდა ბოდიშს…”
„ლანჩხუთის ქრონიკების“ შესახებ წაიკითხეთ: გამოვიდააააა! ყველა გურულის სამაგიდო წიგნი _ „ლანჩხუთის ქრონიკების“ პირველი ნაწილი უკვე გაყიდვაშია: უნიკალური გამოცემა მიზერულ ფასად!





