„გურიამ“ ამ სეზონში მესამედ დაჩაგრა „მერანი“: პირველ შეხვედრაში, ფოთში 7 გოლი გაუტანა, დღეს კი სტუმრად _ 5. ამათ შორის თასზე 6:1 მოუგო და ერთადერთი თამაში იყო, გოლი რომ გაუშვა, საჩემპიონატო ბალანსი კი, 12:0-ზეა.
ლანჩხუთელები შეხვედრაში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, უბრალოდ, წინა ტურში, შინ განცდილ მარცხს ფსიქოლოგიურად არ უნდა გაეტეხა სტუმრები.
უკვე მესამე წუთზე გახსნეს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა ანგარიში და ამაშინ ლომის წილი სასტარტოში გამოჩენილმა ვანო წილოსანმა შეიტანა.
თურმე არ ვცდებოდით, გურულთა თავკაცს მის თამაშს რომ ვთხოვდით _ ვანოს საგოლე გადაცემა აქცია გოლად დათა სიჭინავამ, რომელმაც მორიგი შოუ მოაწყო:

„გურია“ მეორეზე დაბრუნდა _ ცხრილში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა
პირველი თავით გაიტანა, მეორე _ საჯარიმოდან, ისევ საოცრება გოლი გამოვიდა!
დავასწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ „გურიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლო გოლშიც მიიღო მონაწილეობა, შეცვლაზე შესულმა ლუკა ქოქოსაძემ სწორედ მისი შეტევა დააგვირგვინა.
ლუკა კი, სასტარტოდან რომ შეგვაჩვია გოლებს, ახლა „ოქროს შემცვლელიც“ გამოვიდა.
მანამდე წუთით ადრე ნიკა ნოზაძემ გაიტანა _ „გურიას“ შუახაზელმა ლამის ცენტრიდან იგრძნო გოლის ალღო, დაბნეულ მცველებს აართვა ბურთი და სტუმარ მეკარეს აუღებელი დაურტყა.
პირველი ტაიმშივე გახადა ანგარიში სოლიდური თორნიკე კაპანაძემ _ „ელვა“ დასარტყმელ პოზიციაზე წილოსანმა იუველირული პასით გაიყვანა.
„წილოს“ შეტევაში თამაში და გოლები გვახსოვს, ამჯერად იგი გუნდის უკანა ხაზს ეხმარებოდა და საქმეს ჩინებულად გაართვა თავი _ ფლანგზე მასპინძლები არ „გააჭაჭანა“, იქით ააწიოკა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა…
ნახეთ მატჩის ალბომი: მერანი 0:5 გურია, საუკეთესო კადრები
…
„გურიას“ ორმა მდევარმა საშინაო შეხვედრაში დაკარგა ქულები: „იბერია-1999-2“-მა „ლოკომოტივს“ ვერ მოუგო, „გონიომ“ _ ხაშურის „ივერიას“. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. მოიგეს ლანჩხუთელი ბექა ბერიძის „ორბიმ“ (3:0 „გარდაბანთან“) და ლიდერმა „თბილისი-2025“-მა (4:0 ხობის „კოლხეთთან“).
მომდევნო ტურში, „გურია“ მთავარ მდევარ „იბერია-1999-2“-ს 21 აგვისტოს, „ევგრაფ შევარდნაძეზე“ უმასპინძლებს.
…
13.08.26 | თბილისი, შრომითი რეზერვები | მერანი (თბ) 0:5 გურია
0:1, 0:2 სიჭინავა (3′, 24′), 0:3 კაპანაძე (38′), 0:4 ნოზაძე (80′), 0:5 ქოქოსაძე (81′)
„გურია“: ისიანი, კაკუბავა, წილოსანი, ნოზაძე, მაისაშვილი (57′ ტაბატაძე), კაპანაძე (74′ ქოქოსაძე), სიჭინავა, შარვაძე (78′ ხუნდაძე), ჩოთალიშვილი (74′ ოქროპირიძე), იაშვილი (57′ გეგუჩაძე), ჩაგანავა





