შუხუთის საჯარო სკოლისთვის, რომლის რეაბილიტაცია 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და წყლის გარეშეა დარჩენილი, ჭაბურღილის მოსაწყობად, 69 051 ლარზე ტენდერი გამოცხადდა

|

Loading

შუხუთის რეაბილირირებული სკოლის შენობა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლაში ჭაბურღილის მოსაწყობად 69 051 ლარზე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც წინანადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და მსურველებს 3 დღის მანძილზე შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

როგორც ცნობილია, 2026 წელს, შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლდა. მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

შუხუთში ჩატარებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 4 226 718 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლას ასევე სახურავი გამოუცვალეს, რაც 99 922 ლარი დაჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 14 მაისს დაანონსდა სამუშაოების დასრულება, ახალ სასწავლო წელს შუხუთის საჯარო სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი შენობაში წყლის მიწოდებაში არსებული პრობლემა აღმოჩნდა.

სწორედ ამის მოსაგვარებლად გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჭაბურღილის მოწყობისთვის სახსრები.

აქვე შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს სუფსის საჯარო სკოლაშიც, მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა. სასწავლო პროცესის შესაძლო შეწყვეტაზე ინფორმირებული არ იყვნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები და 227 მოსწავლე ონლაინ-სწავლებაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

რატომ არ გაიხსნა შუხუთის სკოლა, რომლის რეაბილიტაცია 4 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და რა ბედი ელით ეწრის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლებს?