„მადლიერება გურული ფენომენის ძიებაში თმაშევერცხლილ ირაკლი მახარაძეს“ _ ზოია ტუღუში წიგნის „გამომძიებელი ვარლამ ჩავლეიშვილი: ორი საქმე” შესახებ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ზოია ტუღუში, ირაკლი მახარაძე და მისი ახალი წიგნის ყდა

„ფირალის ქვრივმა ნანიკო ჭანუყვაძემ თავისი ღირსების შემავიწროვებელ კაპიტან ჩიგოგიძის მკვლელობა ჩაიფიქრა, რათა ეს მკვლელობა თავის ზნედაცემულ მაზლს, მიხაკო ჭანუყვაძეს დაბრალებოდა, რომელიც გოგიას გაფირალებისთანავე მოსვენებას არ აძლევდა უმწეო რძალს, აშანტაჟებდა ერთადერთი შვილის მოკვლის მუქარით, თუ არ დანებდებოდა“

რაც უფრო მეტად ცდილობს მავანი ჩაწვდეს გურიის ლანდშაფტის „სამმუხლოვან სივრცე-გაშლის სინთეზს”, გურულების ხასიათის სპეციფიკას, მათი ცხოვრების ნირის აჩქარებულ რიტმს, საუბრის, ქმედების სისწრაფეს, ენაკვიმატ „მიგნებებს”, იუმორით გაჯერებულ მეტყველებას, გასაკილ-და-საცინ-გასამასხარავებლად ჩასაფრებულ ირონიულ ღიმილს, თავის გამოსაჩენად და სხვათათვის თავმოსაწონებლად მუდმივ მზადყოფნას, „ბედაურობის” მაძიებლობას, მოჯირითე მხედრების სიჩაუქეს, პოლიტიკური სივრცის დაუფლების ამბიციას, მისი „თოფის წამალივით აფეთქებას”, უცებ მოხიბვლას და მალევე განხიბვლას, დაუდეგარ, გაუჩერებელ, მუდმივი ძიებისთვის შემართებას, მასში არსებული ჯანყისა და პროტესტის სულს და კიდევ ბევრ რასმე, რასაც გურული ფენომენი ჰქვია… რომელიც გაგირბის და არ გემორჩილება, სამაგიეროდ, ტოვებს ცხოველ ინტერესს არდანებების, მრავალგზის მიახლების და კვლავ და კვლავ ძიებებისა…

მე-19 საუკუნიდან დღემდე გურიის მრავალი სახელოვანი შვილი ცდილობდა სხვადასხვა კუთხით გამოეკვლია და შეესწავლა გურია მთელი თავისი „სიგრძე-სიგანით”… ყველა მათგანის ღვაწლი შემორჩება ისტორიას, მათ დავიწყება არ უწერიათ.

ერთია, საკითხი გამოიკვლიო და ჩაწვდე მის არსს, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სხვასაც მიაწვდინო შენი კოლეგებისა და საკუთრივ შენი ნაკვლევის შედეგები, დააინტერესო და უცხოელთათვისაც მნიშვნელოვანი გახადო პატარა გურიის დიდი ამბიციები.

გურული ფენომენის მკვლევართა შორის დღეს გამორჩეული გახლავთ ირაკლი მახარაძე, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, მრავალი წიგნის ავტორი, სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე გადაცემების წამყვანი ამერიკული კინოს, კულტურის, თანამედროვე მუსიკის თემებზე.

ბატონი ირაკლი არის ავტორი დოკუმენტური ფილმებისა: „შალვა ქიქოძე”, „უაილდ ვესტის მხედრები”, „იტალიური ოპერა თბილისში”, „დიმიტრი შევარდნაძე”, „ბენია” და ა.შ.

მისი შემოქმედება, რომელიც ეყრდნობა დოკუმენტურ მასალებს (სხვადასხვა ავტორთა ნაკვლევებს და საკუთარი ძიების შედეგებს), მოიცავს ფრიად საინტერესო ინტერპრეტაციებს, რომლებიც მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს განაწყობს სიახლის აღსაქმელად, გასაცნობიერებლად და სიამაყის გრძნობას აღძრავს მათში.

ავტორის წიგნებიდან მხოლოდ რამდენიმეს შემოთავაზებაც საკმარისია: „გურული ფირალები”, „გურიის რესპუბლიკა”, „ქართველები ამერიკაში”, „ველური დასავლეთის მხედრები”, „დიადი მუნჯი  – ქართული მუნჯი კინოს ისტორია”, რომელმაც ლიტერატურული პრემიის, „საბას” ლაურეატობა მოუტანა ავტორს; „ბენია ჩხიკვიშვილი – მემორიალური ალბომი”, „150 ამბავი გურიასა და გურულებზე” და ა.შ.

ვხედავთ, რამხელა ძიებების, მიგნების, აღმოჩენების სიამაყეა მისი შემოქმედება… და ყოველივე ეს არა მარტო ქართველთათვის, არამედ უცხოელებისთვისაც განკუთვნილი – სასურველი და განსაკუთრებული ინტერესების აღმძვრელი ქართული სულის, ქართული ბუნების, ქართველის ღირებულებების, მისი მიმართებების გამოხატულება სამყაროსადმი, თავისუფლების იდეალებისადმი, სიცოცხლის არსისადმი ტრფიალების დადასტურებაა.

ბატონი ირაკლის ბოლო გამოცემა გახლავთ „გამომძიებელი ვარლამ ჩავლეიშვილი: ორი საქმე” (თბ., 2026 წ.). კრებულში ორი დეტექტიური მოთხრობაა შეტანილი.

ერთ-ერთი მათგანია „ორი კურდღლის მადევარი”, რომელიც ასევე, მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულის გურიის სინამდვილეს დასტრიალებს თავს. მოთხრობის პერსონაჟებს გააჩნიათ პროტოტიპები, რომლებიც იმჟამინდელ გურიაში ცხოვრობდნენ და რომელთა შესახებაც მასალები იბეჭდებოდა მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში.

მაგალითად, მოთხრობაში მოხსენიებული დათულია გობრონიძის პროტოტიპია დათულია სურგულაძე, ფირალ გოგია ჭანუყვაძის პროტოტიპი _ ხარის ქურდი ლომჯარია, დადიანის დამხმარე „პომოშნიკის”, ანტონ გუგუნავასი _ ანტონ ნაკაშიძე.

ანტონ და მელიტონ ნაკაშიძეები ძმები იყვნენ, ცხოვრებაში კი, მათი პროტოტიპები გახლდნენ „სახლიკაცები”, იმავე სახელითა და გვარით (აპოლონ წულაძის მიხედვით).

მოთხრობაში მიმოხილულია ის გარემოებები, რომლებიც უბრალო, პატიოსან მუშა-კაცს ცხოვრების სახსარს უსპობდა, თავზე ხელს ააღებინებდა, გაფირალებისკენ უბიძგებდა. ამისი ნათელი მაგალითია გოგია ჭანუყვაძე _ უდანაშაულო გლეხი, რომელიც ყაჩაღად აქციეს, მრავალი ცოდვა ჩაადენინეს და ბოლოს გულის შეტევით გარდაცვლილი გოგიას ცხედარი „დახვრიტეს” და ჯილდო გამოჰყვეს „დამხვრეტი” კაპიტნისთვის გადასაცემად.

გამოყენებულია დღევანდელი ამბისა და „ფლეშბექის” (ძველი ამბის „გამოკრთომის”) ურთიერთმონაცვლეობის მეთოდი, რაც ასე ღირებულია ფილმებში და ასევე ეფექტის მომხდენია პროზაში. ურთიერთმონაცვლეობა მიმდინარე და წარსული ამბებისა რამდენჯერმე მეორდება გოგია ჭანუყვაძისა და კაპიტან ჩიგოგიძის მკვლელობის პერიპეტიებს შორის.

თითქოს უტყუარი მასალები _ გასისხლიანებული ხანჯალი, ყალიონი, მოკლული ფირალის ძმობა ანუ შურისძიების მოტივის არსებობა სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი მიხაკო ჭანუყვაძის, როგორც მკვლელის დასადასტურებლად. მას არ მოუკლავს კაპიტანი ჩიგოგიძე, არადა ყველა სამხილი მის წინააღმდეგ იყო.

გამომძიებელ ვარლამ ჩავლეიშვილს მხედველობიდან არ გამოჰპარვია არცერთი წვრილმანი, რომელთა გათვალისწინებამაც დააყენა საეჭვო ვითარებანი.

გამოკვლევის გარეშე საქმე ვერ გაიხსნებოდა. დამატებითმა ძიებებმა, გამომძიებლის შორსმჭვრეტელობამ და ადამიანური ვნებების გათვალისწინებამ, ვარლამს „ორი კურდღელი ერთად დააჭერინა” _ გახსნევინა მეტად ჩახლართული მკვლელობის საქმე. ამაში ვარლამს ეხმარება ის გარემოებაც, რომ იგი სპეციალობით ექიმი და უძლიერესი ექსპერტიც იყო.

გაიხსნა საქმე, რომელიც ჩაიდინა ფირალის ქვრივმა ნანიკო ჭანუყვაძემ. მან თავისი ღირსების შემავიწროვებელ კაპიტან ჩიგოგიძის მკვლელობა ჩაიფიქრა, რათა ეს მკვლელობა თავის ზნედაცემულ მაზლს, მიხაკო ჭანუყვაძეს დაბრალებოდა, რომელიც გოგიას გაფირალებისთანავე მოსვენებას არ აძლევდა უმწეო რძალს, აშანტაჟებდა ერთადერთი შვილის მოკვლის მუქარით, თუ არ დანებდებოდა.

როგორც იტყვიან, „სამართალმა პური ჭამა” _ მიხაკო ჭანუყვაძეს ციხიდან გაქცევის მცდელობისას ტყვიამ ბოლო მოუღო. აღსრულდა ღვთის სამართალი _ ქალს ორივე მოძალადე ჩამოშორდა. ნანიკომ შვილი თავის მშობლებს დაუტოვა, თვითონ კი საუკუნოდ მიიმალა, იმ იმედით, რომ შესაფერის დროს შვილსაც თან წაიყვანდა.

„ვარლამ ჩავლეიშვილის საქმის გახსნისთვის მადლობა გამოეცხადა და დასაჩუქრდა ერთი თვის ჯამაგირით”, _ ასე დამთავრდა ეს დეტექტივი, რომელიც 2021 წელს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გამართული ლიტერატურული კონკურსის, „წლის დეტექტივის” საუკეთესო ნიმუშად მიიჩნიეს.

მადლიერება გურიისგან _ გურული ფენომენის ძიებაში თმაშევერცხლილ ბატონ ირაკლი მახარაძეს. კიდევ მრავალი წარმატებით გაეხარებინოს მკითხველის, მაყურებლისა და მსმენელის გულები.

ზოია ტუღუში
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნინოშვილის მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი