„ღამით დადგომიან ცოლ-ქმარს, საძინებელში და იმათ გარეთ გამოუგდიათ“ _ ექს-პარლამენტარის შვილი თანასოფლელებს მოუწოდებს, საიმედოდ ჩაკეტონ ჭიშკრები: რა ხდება სუფსაში?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სოფელ სუფსის ცენტრი და ტრაფარეტი

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარის, გურამ გუჯაბიძის შვილი, ხათუნა გუჯაბიძე სოციალურ ქსელში ყურადსაღებ და შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

„მეგობრებო! მეზობლებო! ისე ვარ შეშფოთებული, ეს ინფორმაცია რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია. ახლახან სარწმუნო ადამიანებისგან და  არა ჭორის დონეზე, მივიღე ინფორმაცია, რომ ჩვენს სოფლებში (სუფსა, ქვიშიანი) დაძრწიან თურმე ვიღაც უცხოტომელები. 2-2 კაცი, სავარაუდოდ, ჯგუფებად და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუძახებლად ჩადიან ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში და ასევე დაუძახებლად  შედიან სახლებში. თუ სახლის პატრონი შეეფეთათ და ჰკითხეს:

„ვინა ხართ და რა გინდათო?!“ _ ჟესტიკულაციით პასუხობენ, რომ თითქოს შიათ და საჭმელი უნდათ“ _ წერს ქალბატონი ხათუნა და დასძენს, რომ ასეთ შემთხვევას, სუფსაში აქამდე ადგილი არ ჰქონია.

„ვინ არიან ეს უჯიშოები და რა მიზნები აქვთ, ჯერჯერობით დაუდგენელია, რადგანაც, როგორც ჩანს, მოსახლეობას ჯერ არ გამოუჩენია გონებამახვილობა, რომ მიემართა პოლიციისთვის, რათა ეს საეჭვო პირები დაეკავებიათ და გაერკვიათ ვინ არიან სინამდვილეში. ეს დიდი შეცდომაა, რადგანაც არავინ იცის „მათხოვრების“ ნიღბის ქვეშ ვინ იმალება: სადისტი მკვლელები, ქურდები თუ ბავშვების გამტაცებლები!!!  ყოველი შემთხვევისთვის წმინდა სულები არ იქნებიან, რადგანაც ასე იქცევიან. ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ და  ღამის საათებში საიმედოდ ჩავკეტოთ ჭიშკრები და სახლის კარები.  მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას კი  დაუყოვნებლივ მიმართეთ პატრულს“ _ ხათუნა გუჯაბიძე თანასოფლელებს ყურადღებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს.

მას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგისთვის ინფორმაცია ნაცნობი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა თანასოფლელმა დაწერა, რომ მისთვის ეს ამბავი 1 კვირაზე მეტია, რაც ცნობილია და 5 ისეთი ოჯახი იცის, ვისაც „ისინი სტუმრობდნენ“.

„სულაც არ არის სახუმარო საქმე. აქამდე ღამით ფანჯარას ღიას ვტოვებდი ზაფხულობით და ზოგჯერ კარებსაც არ ვკეტავ გასაღებით. შუაღამისას რომ 2- 3 უცხოტომელი შემოვიდეს ოთახში მოულოდნელად და თავზე დამადგნენ, რომც არ მითხრან რამე, ალბათ ინფაქტს მაინც ვერ ავცდები. თანაც არა მგონია, ესენი რომ კარგი მიზნით დაძრწოდნენ. ამას წინათ, ღამით ცოლ–ქმარს დადგომიან თავზე საძინებელში და იმათ გარეთ გამოუგდიათ. რატომ არ დარეკეს პოლიციაში? რას ელოდება ეს ხალხი, არ ვიცი“ _ სამართლიანად გაკვირვებულია ხათუნა გუჯაბიძე და ფიქრობს, რომ სოფლის კაცებმა მორიგეობა უნდა დააწესონ და „ღამის სტუმრები“ სადმე უნდა გამოიჭირონ: „ესენი სადღაც არიან დაბუდებული და თავშესაფარიც ექნებათ. შეიძლება, ავტობანის მუშები არიან. ადრე პატიმრები ჩამოჰყავდათ სამუშაოდ (ვინ იცის, რისი ჩამდენები). მოკლედ, პოლიცია უნდა ჩავაყენით საქმის კურსში. წესით, უნდა იცოდნენ კიდეც. მე იმ ადამიანების მიკვირს, რომლებსაც ეს „ჯოჯოხეთის მაშხალები“ საძინებელში თავზე დაადგნენ, ან დილის 5 საათზე სახლში შეეჭრნენ და როცა ზემოთ ეძინათ, პირველ სართულზე ყველაფერი ამოუბრუნეს და ამ  დაუყოვნებლივ არ მიმართეს პოლიციას. რამე საშინელს ელოდებით მერე სხვებთან ერთად რომ იყვიროთ?! ეს ეშმაკები ხომ იქნებოდნენ უკვე დაკავებული, დროზე რომ მიგემართათ პატრულისთვის? ნამდვილად ვერ ვხვდები, რა გამართლება უნდა ჰქონდეს თქვენს საქციელს“ _ წერს ხათუნა გუჯაბიძე.

[განახლება]

„გურია თუდეი“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს სუფსაში დავით გუმბარიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ პირველად ჩვენს გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გაიგო ამის შესახებ.

„წავიკითხე, მაგრამ არანაირი ინფორმაცია ჩემამდე მისული არ არის. ოფიციალური შეტყობინება არ შესულა არც პოლიციაში, თორემ რეაგირება აუცილებლად იქნებოდა. ადამიანები ლამის ნათურის გადაწვაზე რეკავენ 112-ში და თუ ეს რეალურად ხდება, უნდა დარეკონ და ზარს აუცილებლად მოჰყვება რეაგირება“ _ გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.