გაუქმებული გოლი და გაჩერებული 100%-იანი შანსი _ რაც მსაჯებმა „გურიას“ „დააკლეს“, დაცვამ „დაუმატა“, ანუ არაგვი ისევ ვერ გადავცურეთ! და რა თქვა მერაბ ჟორდანიამ?

|

Loading

„გურია“ მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ხშირად იყო

ლანჩხუთში უკვე სათასო ფინალზე „ფიქრობდნენ“ და თითქმის ვერ წარმოედგინათ, რომ ზედალიგელი „არაგვის“ ბარიერის გადალახვა პრობლემა იქნებოდა.

ამის საფუძველს ადგილობრივ ქომაგს, წინა ეტაპზე, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის _ თბილისის „დინამოს“ სათასო მარათონიდან გამოთიშვა აძლევდა.

სწორედ დედაქალაქელებთან მატჩის სიმძიმე დაეტყო „გურიას“ დუშელებთან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით პირველ ნახევარზე, რომელიც გოჩა ტყებუჩავას გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა და ამ სეზონში მისი შეგირდების საუკეთესო ტაიმადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

პირველი 45 წუთი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა: გაცუდებულ მომენტებთან ერთად, გურულებმა ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. აქედან, ერთხელ, დათა სიჭინავას ჩაწოდებული კარში რომ წავიდა, ლაინსმენმა გააუქმა _ გურულების შემტევი თამაშგარეში იყოო.

არადა, მეტად სადავო სიტუაცია იყო: თამაშგარეც საეჭვო და ისიც იყო საკითხავი, თანამსაჯმა ვინც თამაშგარეში დაინახა, გოლზე გავლენა თუ მოახდინა.

ნახეთ ფირი: მთავარი კითხვა მაინც ესაა _ იყო თუ არა თამაშგარე?

მერე ლუკა ქოქოსაძემ გაიტანა თავით და მსაჯებს მისი გაუქმება აღარ შეეძლოთ. „გურიას“ 33-მა 33-ე წუთზე გაიტანა.

გუნდი შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.

მეორეს დასწყისშიც მიიღეს გურულებმა რამდენიმე შანსი, მაგრამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობეს.

აქეთ კი, უკვე მწვავედ იჩხვლიტებოდა „არაგვი“. თან იმ ფონზე, როცა „გურიას“ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ.

თანაც, ალბათ, შეცვლებმაც დააგვიანა… ერთი საინტერესო დეტალიც: „დინამოსთან“ მოგებული შემადგენლობა რომ არ შეიცვლებოდა, მარტივად პროგნოზირებადი იყო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, შეცვლებიც იდენტური გაკეთდა და თითქმის იმავე დროებში…

ლანჩხუთელი შაკო დვალიშვილი განსაკუთრებით აწიოკებდა გურულების დაცვას. ერთხელ ბურთი რომ არ გაქცეოდა, ალბათ, ანგარიშს სტუმრები უფრო ადრე გაქვითავდნენ.

64-ე წუთი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა _ „გურიას“ 2 ბურთით წინ გასვლაში ხელი მსაჯებმა შეუშალეს: თუ პირველ შემთხვევაში, თამაშგარეზე დავა რთულია, ამ ეპიზოდში, არბიტრის ქმედებას ახსნა არ აქვს.

„გურია“ უტევდა, ნიკა ნოზაძემ ბურთი ვანო შარვაძეს შეუყოლა, ვისაც თითქოს მცველი კარგად აზღვევდა, მაგრამ „არაგველმა“ ხაზის ბოლომდე დაცვა ვერ მოასწრო, შემტევმა კი, ბურთს ფეხი ჰკრა და თორნიკე კაპანაძეს ისეთ დროს უპასა, „ელვა“ მეტოქის თითქმის დაუცველ კართან „დინამოსთვის“ გამტან ლუკა ჩაგანავასთან ერთად აღმოჩნდა.

2:0 გარდაუვალი და წამების საქმედ ჩანდა, მსაჯმა თამაში რომ გააჩერა. მან სასტვენი მას შემდეგ მოიმარჯვა, რაც ბურთით თეთრფორმიანი დაინახა, თორემ თუ ორთაბრძოლაში აჯარიმებდა შარვაძეს, მანამდე უნდა დაესტვინა.

„გურიამ“ მეორე გოლი და დიდი ალბათობით, მეოთხედფინალის საგზური დაკარგა.

რაც მსაჯებმა „დააკლეს“ „გურიას“, უკანა ხაზმა „დაუმატა“. უპატიებელი შეცდომებით, ორი გოლი გაუშვეს ბოლო 15 წუთში. ისეთი, მსაჯის შეცდომები სალაპარაკოდაც რომ არ ღირს.

ორივე შემთხვევაში, შეტევა მეტოქის მეკარემ დაიწო…

პირველ შემთხვევაში, გეგონებოდა, „გურია“ კონტრშეტევაზე დაიჭირესო _ აბა, სხვანაირად გაუგებარია, რა უნდოდა განაპირა მცველს მეტოქის ნახევარზე და რატომ მოუწოდებდა მეტოქის საჯარიმოსთან „მიხრჩობას“ მწვრთნელი ფეხბურთელებს.

თანაც ამ დროს, გურულები დაღლილები იყვნენ და გასაკვირი სულაც არაა, დაცვაში უმცირესობაში რომ აღმოჩნდნენ. მეკარემაც დარტყმული წინ მოიგერია და… „არაგვმა“ გათანაბრება ძალიან იოლად შეძლო, 1:1.

ნახეთ ფირი: ქოქოსაძის გოლი და 15 წუთში წაგებული თამაში!

მეორე შემთხვევა კი სამაგალითოა, როგორ არ უნდა ითამაშოს უკანა ხაზმა: ფაქტობრივად, „არაგვის“ შეტევა „გურიას“ შუახაზელებმა „დაიწყეს“, მერე მცველებიც „შეეშველნენ“ და სტუმართა გურულმა შემტევმა, თორნიკე ბზეკალავამ დააგვირგვინა, 2:1.

ეს მოხდა 93-ე წუთზე და სამწუხაროზე მეტად გაუგებარი ის დარჩა: რატომ უნდა აიტკინო თავი საკუთარ საჯარიმოსთან, როცა ბურთის მოგერიება საუკეთესო გამოსავალია და ამის შანსი ბევრჯერ მოგეცემა.

თანაც, როცა იცი, რომ მატჩის დასრულებამდე წამებია დარჩენილი…

თითქოს შანსი „ამ წამებშიც“ მიეცა „გურიას“, როცა მსაჯმა, ალბათ, „დანაშაულის გამოისყიდვა“ სცადა და შეცდომას შეცდომა დაუმატა: სტუმრების წინააღმდეგ მოგონილი ჯარიმა დადო.

თუმცა რაც არ გერგებაო, დღეს, მხოლოდ გურულებზე გამოვიდა, თორემ დუშელებმა მსაჯებისა და მეტოქის მცველების შეცდომები მშვენივრად შეირგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ერთად, 10 ათასლარიანი პრემიალურიც ჩაიჯიბეს.

ნახეთ მატჩის ალბომი: გელა პატარაიას ფოტოობიექტივში მოხვედრილი საუკეთესო კადრები

„გურიამ“ „არაგვის“ ბარიერი ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა _ წინა შემთხვევაში, პლეი ოფის პირველი შეხვედრა გურულებმა დუშეთში 1:0 მოიგეს, მაგრამ შინ 0:2 წააგეს და მესამე ლიგაში დაქვეითდნენ.

თასზე კი აქამდე ერთადერთხელ, შორეულ 1992 წელს შეხვდნენ გუნდები ერთმანეთს და „გურიამ“ ორი მატჩის ჯამში აჯობა: 2:0 ლანჩხუთში, 1:3 _ დუშეთში. მაშინ ერთი გოლი გიალო ჩხაიძემ გაიტანა, რომელიც დღეს გუნდის სამწვრთნელო შტაბშია.

… შეხვედრას მერაბ ჟორდანია დაესწრო. ნამატჩევს, „გურიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დანა პირს არ უხსნიდა. გამოცდილმა საფეხბურთო მოხელემ კარგად იცის, ორ ფრონტზე ბრძოლა ძნელი რომაა, მაგრამ: „დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით და ესაა ყველაზე საწყენი. თორემ ძნელი მისახვედრი არაა, ჯერ ჩვენ არ ვართ მზად თასისთვის საბრძოლველად და ახლა მთლიანად ჩვენს მთავარ მიზანზე გადავერთვებით, მაგრამ დღეს ისეთი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, გულდასაწყვეტია ასეთი დასასრული“ _ აღნიშნა სფფ-ის ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც ლანჩხუთში საფეხბურთო ბუმი დააბრუნა.

„გურია“ უკვე მთლიანად ჩემპიონატზე გადაერთვება _ 6 აგვისტოს, ლანჩხუთში, თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

02.08.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 1:2 არაგვი

1:0 ქოქოსაძე (33′), 1:1 ამოაკო (75′), 1:2 ბზეკალავა (90+3′)

გურია: ლომიძე, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, სიჭინავა (90+2′ ხუნდაძე), შარვაძე (74′ კახაბრიშვილი), ჩოთალიშვილი (63′ გეგუჩაძე), ჩაგანავა, ქოქოსაძე (63′ კაპანაძე)