ეს ინფორმაცია ლანჩხუთელებს ძალიან გაახარებს _ ირაკლი ნოდია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისწავლის _ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 100%-იანი დაფინანსებით.
იგი „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელის, ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ადამიანისა და დიდი ტკივილის, არჩილ (ბაჩო) ნოდიას შვილი და ბიძის, ასევე ჩვენი ქალაქის მოუშუშებელი ტკივილის _ ირაკლი ნოდია უფროსის მოსახელეა. ორივე ძმა ნაადრევად გამოეთხოვა წუთისოფელს, თუმცა იმდენი სითბო და სიყვარული დატოვეს, განსაკუთრებით მშობლიურ ქალაქში, უმცროსი ირაკლის წარმატება მხოლოდ ოჯახის სიხარული არაა _ ეს ყველა იმ ლანჩხუთელის გახარებაა, ვინც ამ გემრიელ ბიჭებს იცნობდა და მეგობრობდა მათთან.

ბაჩო და პატარა ირაკლი | 2018 წ.
ეს კობა ნოდიას და ნარგიზ სიმონიშვილის ნაცნობ-მეგობრების სიხარულიცაა. ბატონ კობას ძველი თაობის წარმომადგენლები კარგად იცნობენ, როგორც სიყვარულისა და მეგობრობის ადამიანს.
ქალბატონი ნარგიზი კი სამაგალითოა თავისი პროფესიული თუ ადამიანური თვისებებით _ ამხელა ტრაგედიების მიუხედავად, დღემდე რჩება სუფსის სამუსიკო სკოლის გამორჩეულ, წარმატებულ და საჩვენებელ პედაგოგად. რა თქმა უნდა, მის გულს ვერაფერი გაამთელებს, მაგრამ ეს დიდსულოვანი ქალბატონი არ დაეცა და მომავალი თაობების აღზრდაში ნახა ნუგეში.
მისი ნუგეში, იმედი და ცხოვრების აზრია ირაკლი არჩილის ძე ნოდია. ეს მის მიერ დაწერილ ერთ წინადადებიან მილოცვაში ჩანს: „შენ, ჩვენო სიხარულო და ბედნიერებავ“.
„გურია თუდეი“ ულოცავს ყველას, ვისაც გაუხარდა ნოდიების გვარის გამგრძელებლის ეს წარმატება!
მამუკა ქანთარია




