„საშინელი დღეები გამოვიარეთ, ყველაფერი უფერული გახდა, მაგრამ იმ 13 წლის განმავლობაში, რაც დავაგროვე, ეს ლამაზი და ფერადი მოგონებებია“ _ დღეს ესე ბარამიძე 65 წლის გახდებოდა

|

Loading

ნინია, მისი მამა და ფოტო მშობლებთან ერთად

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, ემიგრანტი ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში მამის, თანარაიონელების უსაყვარლესი პიროვნების, ესე ბარამიძის გარდაცვალების მძიმე დღეებს იხსენებს და იმიერში საიუბილეო თარიღს ულოცავს.

„მამა _ 65. ძალიან მაკლია და უსასრულოდ მინდა ვწერო მამაზე.

გოგოებს მამები უფრო უყვართო, ნათქვამია და არ ვიცი, საიდან წამოვიდა პირველად ეს ნათქვამი, მაგრამ, ალბათ, ასეც არის იმიტომ, რომ დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს იმ ძლიერ სიყვარულს, რაც მამას მიმართ გამაჩნდა.

2007 წლამდე უდარდელი ბავშვობა მქონდა, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს უსამართლოდ დაჭერილი და ნაწამები მამაჩემის სიცოცხლე არ შეეწირა.

მამაჩემი საოცრად ტკბილი ადამიანი იყო, დღემდე ასე საუბრობენ მასზე: უწესიერესი, უბოროტო, კეთილი, პატიოსანი. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ მამაჩემი იყო, მართლა ასეთი იყო.

ნინია მშობლებთან ერთად

ძალიან მიყვარდა მშობლებთან ძილი. განსაკუთრებულად ერთ ღამეს გავიხსენებდი, რომელიც ლაქასავით ჩამრჩა გონებაში: ბაბუაჩემს და მამაჩემს გაღმა საბორიაზე (ადგილი, სადაც დიდი აკაციის ხეები იდგა და კარგად უბერავდა ქარი) მიწა ჰქონდათ და დამუშავებაში 2 კაცი ეხმარებოდათ. სამუშაოს დასრულების შემდეგ დაულევიათ და ცხენის მეპატრონე ცხენიდან გადმოვარდნილა. მაშინ ვიგრძენი მამას გვერდით პირველად შიში, კი გადარჩა ის კაცი, მაგრამ უცებ რომ რამე დაემართოს? მამა რომ დაიჭირონ? რა მეშველება? იმ ღამეს, ალბათ, არც მიძინია, 10 წლის ვიქნებოდი და მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რამხელა ძალა იყო მამა ჩემთვის. ვფიქრობდი, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი.

ცოტა ცელქი ბავშვი ვიყავი, შაბათ-კვირას ახლოს მდებარე დედაჩემის სოფელ შუხუთში გვიშვებდნენ მე და ჩემს ძმას. განსაკუთრებულად მაფრთხილებდა მამა, დედაჩემის მამაზე – ნერვებს ნუ მოუშლიო, მაგრამ მე მიყვარდა ბაბუაჩემის გაბრაზება: ხან რადიოს ვუფუჭებდი, ხან თუთუნს ვუყრიდი, ხან ღვინოში მარილს ჩავურიდი. ყველაზე ცუდად მაშინ გახდა, როცა სიმწრით გაზრდილ-გახარებული მსხლის ხე, ეზოს საპირფარეშოში შესულს რომ პირდაპირ საპირფარეშოს კართან „გადავურგე“. ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიშლიდი ჩემსას.

დედაჩემის მხარეს მათი პირველი შვილიშვილი ვიყავი, თან 1 გოგო და უფრო გათამამებული, ისიც სიამოვნებას მანიჭებდა, იქ მისული ბიძაშვილ ბიჭებს ნერვებს რომ ვუშლიდი და ბაბუაჩემი ჯოხით და თავშეხვეული დაგვსდევდა, უფრო მეტად მე, დაურეკავდა მერე მამაჩემს – წაიყვანეეეეეთ!

მერე მამაჩემის ლექციებს ვუსმენდი – მამა, ასე არ შეიძლება, რაღაც უნდა შევცვალოთო. 2-დღიანი დასვენების საყვედურებს როცა ისმენდა, წითლდებოდა.

ძალიან მორიდებული ადამიანი იყო მამაჩემი, დედაჩემის სახლშიც კი ყველაფერი ერიდებოდა, ბაბუაჩემი დიდხანს „კერავდა“, რომ დაელია, მაგრამ ისედაც იშვიათად სვამდა. არ ვიცი მოახლოებულ გარდაცვალებას გრძნობდა თუ რა, მაგრამ ბოლო ასვლის დროს იმდენი დალია, გაოცებული ვუყურებდით ყველა.

ზაფხულში როცა სოფელში ამირან ქურიძე, გია ბარამიძე, მიშიკო ბარამიძე და სხვები ჩამოდიოდნენ, იმედო ხელაძის სახლის პირველ სართულზე კარგ სიგრილეს იჭერდა და მიდოდა დაუმთავრებელი ჯოკრის თამაში, აქეთ კობა ვადაჭკორია, კაკო სარჯველაძე, ცხონებული თემურ ბარამიძე დაემატებოდნენ… სანამ არ მოვიდოდა „იუდას ქალის“ დრო, მამაჩემის როცა იტყოდა, „წავედი, სერიალი იწყებაო“, წყდებოდა საუბარი და იცინოდნენ.

ამირან ქურიძის ეზოში, ბალის ხის ქვეშ უყვარდა ჭადრაკის თამაში და ამირანთან საუბარიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

ჭადრაკზე გამახსენდა, სამსახურშიც, თავისუფალ დროს სულ თამაშობდა, ადამ ხუხუნაიშვილთან უყვარდა განსაკუთრებით პაექრობა.

როცა გარდაიცვალა, ცოტა ხნის შემდეგ, დედაჩემს სამსახურში მიაკითხა მამას სამსახურის დამლაგებელმა, ძალიან ვუყვარდი იმ ქალბატონს, ჩვენც მთელს ოჯახს ძალიან გვიყვარდა და  რაღაც ყუთი მიაწოდა. გაზეთებში გახვეული და დასკოჩილი იყო, რაც მამას ჭადრაკის დაფა აღმოჩნდა, ძალიან გაგვიხარდა. ხშირად ვხსნიდი და ვეფერებოდი მამას ხელშენახებს…

ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარდა, სახლში შეშის ღუმელი გვქონდა, მისაღები ოთახი უზარმაზარი გვაქვს, სიგრძითაც, სიმაღლითაც და სიგანითაც. ახალი წლის წინ დღეებში, სოფელ ორაგვიდან ერთ ასაკოვან კაცს ყოველ წელს მოჰქონდა  ბუნებრივი ნაძვის ხე, ამ კაცის მოსვლით უკვე ვგრძნობდით მოახლოებულ დღესასწაულს. ამიტომ ამ კაცს მე და ჩემმა ძმამ თოვლის ბაბუა დავარქვით.

მერე უკვე იწყებოდა ჩვენი უზარმაზარი ოჯახის საახალწლო სამზადისი.  საახალწლო სუფრასთან ჩვენი ჟრიამული.

დაბადების დღეები ისე არ ჩაივლიდა ჩვენს ოჯახში, ჩემი, მამაჩემის თუ ოჯახის ნებისმიერი წევრის, რომ მამას თანამშრომლები არ მოსულიყვნენ _  ნანა ორაგველიძე, მაია კერესელიძე, მანანა კიკვაძე და სხვები. მახსოვს, „ოქროს“ დაბადების დღე მქონდა, როცა ოქროს დაწნული სამაჯური მაჩუქეს. ძალიან მიყვარდა, მაგრამ მამა რომ დაიჭირეს, მახსოვს, სხვა ყველაფერთან ერთად ისიც გავყიდეთ.

ლხინის სუფრებზე ამ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებთან ერთად ძალიან ვილხენდით, ყველა ერთად ვერთობოდით.

მამამ გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე იყიდა შავი დანჯღრეული „21“, რომელიც ტაქსის როლს უფრო ირგებდა, რადგან სოფლიდან ქალაქამდე მიმავალი გზაზე არცერთ ფეხით მიმავალს არ ტოვებდა. დედა ცოტას კი წუწუნებდა, ვინ ვის ეჯდა მუხლებზე და ვისი ჭუჭყიანი ფეხსაცემელი ვის კაბას ალაქავებდა, ვერ ვიგებდით. სამაგიეროდ, ამდენ მგზავრს ერთი სიკეთე მოჰქონდა, სიძველისგან გაცვეთილი მანქანა როცა ჩაქვრებოდა შუა გზაზე, გადმოვიდოდით მგზავრები და ყველა მთელი ძალით ვაწვებოდით…

ესე ბარამიძე მხოლოდ 47 წლის იყო…

სანამ მანქანამდე მივიდოდით, პრინციპში, მამაჩემის დილა იწყებოდა ცხონებული მაყვალა ბარამიძის ოჯახში ღუმელზე მოდუღებული ყავით. მამა რომ არ მიდიოდა, მაყვალაც  იმ დღეს ვერ გრძნობდა კარგად თავს… დილით უყვარდა ყავაზე მამას მასთან საუბარი…

შემოდგომის პერიოდი ძალიან ბარაქიანი იყო ჩვენს ოჯახში, მამაჩემის მამა ძალიან მშრომელი კაცი იყო. არ მახსოვს ზუსტად, უყვარდა თუ არა მიწასთან მუშაობა, მაგრამ სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, გამომდინარე იქედან, რომ სახლში ძალიან ბევრი შინაური ფრინველი და ცხოველი გვყავდა, გვჭირდებოდა ტონობით სიმინდის მოყვანა. ამ ყველაფერში კი ჩვენი მეზობლების დახმარება გვჭირდებოდა, ჩვენი მოსაზღვრე მეზობელი ცხონებული დიმა შაინიძე ძალიან მშრომელი კაცი იყო, არ არსებობდა, რამეში ხელი არ შეეწყო, ოთარ იმნაძე, კობა თავისი ტრაქტორით, კაკო სარჯველაძე თავისი იუმორით, ამის გარდა კიდევ 7-დან 10 კაცამდე შეიკვრებოდა, მოტეხდნენ სიმინდს, მოჭრიდნენ ჩალას და ტრაქტორზე სიმინდზე შემომჯდარი კაცებით მოიტანდნენ მოსავალს სახლში. ეზო და სახლის პირველი სართული სავსე იყო მოსავლით, შემდეგ შუა ღამემდე გრძელდებოდა ტკბილად პურის ჭამა.

ჰო, კიდევ რა მინდა გავიხსენო, სოფელში გაგანია უშუქობის დროა და ის პერიოდია, ბაბუაჩემმა ფუტკრების სკები რომ დადგა და სცადა მომრავლება, მაშინ მამამ სერიალებს ვერ ვუყურებო და მოიტანა „დვიჯოკი“. თურმე ფუტკრები ხმაურს გაურბიან და ასე გაფრინდა ფუტკრები სკებიდან…

ბუნდოვნად მახსოვს სერიალი „ევა და პერლა“ გადიოდა მაშინ, ალბათ, სკოლაშიც არ ვიქნებოდი მაგ წლებში და ცოტა „იმნაირი ქმედებები“ როცა იყო, მეზობელი მაგული ბარამიძე ზემოთ ამახედებდა და მეტყოდა: „შეხედე, აბა, რამდენი პეპლებია ჭერშიო“.

ცოტას დედას და მამას სიყვარულზეც მოვყვები, ახლაც რომ მოჰყვება დედაჩემს, დღემდე მამაჩემის სიყვარული. საღამოა, წვიმს, საშინელი ამინდია და გადაცდა 7 საათს, ამ დროს სულ სახლში იყო და ცოტა ნერვიულობა დაეტყო დედას.

გახდა 8, გახდა 10, 11… 12….

თვალს ვერ ხუჭავდა დედა, შუა ღამეზე მეზობლის ბიჭს მიაკითხა და ფეხით დაიწყო ძებნა, რადგან პირველი იყო ასეთი შემთხვევა…

თურმე სამსახურში მძიმე დღის  შემდეგ ჩაძინებია…

ასეთი განსაკუთრებული ადამიანი მომიკლა წინა მთავრობის რეჟიმმა, 2 თვეში… სრულიად ჯანმრთელი და მთასავით კაცი.

ის შიში, რაც ზემოთ მქონდა, რამდენიმე წელში ახდა, იმ საღამოს, როცა ბლინებს ვაცხობდი, ჩემი ჭკუით მამასთვის უნდა გამეგზავნა ციხეში, უცებ მეზობლის კაკუნი გაისმა სახლში და რამდენიმე წამში ატყდა კივილი. მეგონა, წნევიანი ბებიაჩემი გარდაიცვალა, მერე ბაბუაჩემი მეგონა, ყველა წარმოვიდგინე მამას გარდა. უცებ სახლი გაივსო ხალხით,  მერე უკვე მხოლოდ ის მახსოვს, გულნარა ბებია და რიტა ბიცოლა როგორ მიმაგრებდნენ ხელებს, რომ  სახის კორტვნა არ გამეგრძელებინა…

იმ საშინელი დღის მერე მიწასთან გავსწორდით მთელი ოჯახი, გავნადგურდით, საყრდენი ძალა გამოგვეცალა.

სახლიდან გაქცევა მინდოდა დედას დაუსრულებელი კივილის და ტირილის მოსმენის დროს…

ტრაგიკული, საზარელი, საშინელი დღეები გამოვიარეთ, ყველაფერი უფერული გახდა, მაგრამ იმ 13 წლის განმავლობაში, რაც დავაგროვე, ეს ლამაზი და ფერადი მოგონებებია.

მამი, გილოცავ, 25 ივლისს 65 წლის გახდებოდი. ვიცი რომ სამოთხეში ხარ და ისვევ ჩვენს გვერდით“ _ წერს ნინია ბარამიძე.