გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ფეისბუქ-ჯგუფში გიორგი კაშია ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„სოფელი ჩოჩხათი, ამ დილით, 03:00-03:30 საათზე, ჩაინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში. დარეკეს სამაშველოში, 112 ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა, აუცილებლად მოვალთო“

ჩამოქცეული სახურავი ჩოჩხათში | ფოტო გიორგი კაშია
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და მიემართება სოფლებისკენ, რომლებიც დიდთოვლობის გამო მოწყვეტილია გარესამყაროს. „დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ – ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.