“აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ” _ ქეთევან ნაკაშიძე

|

Loading

ქეთევან ნაკაშიძე

30 წლის წინ, ლანჩხუთში პირველი დამოუკიდებელი გაზეთი დაარსდა _  „ლანჩხუთმა პლუსმა“ ეპოქა შექმნა. სამწუხაროდ, იუბილეს მისი ლეგენდარული რედაქტორი ვერ მოესწრო. გთავაზობთ ქეთევან ნაკაშიძის  გამოსამშვიდობებელ სტატიას, რომელიც „ლანჩხუთი პლუსის“ ბოლო ნომერში, 2021 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნდა:

აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, რომ დღემდე კითხულობთ ჩემს გაზეთს, რომელიც, არ დაგიმალავთ და ამ ბოლო დროს თვითონაც არ მაკმაყოფილებს.

აქვე ვეცდები განგიმარტოთ რატომ.

პირველ რიგში უნდა მოგგახსენოთ, რომ ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც 50 წელზე მეტია „უძლებს“ ჩემს რთულ პროფესიას და ბოლო 23 წელია პირადად უძღვება გაზეთ „ლანჩხუთი plus“-ის მენეჯმენტს.

ქეთევან და ჯეირან ნაკაშიძეები

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, რომ ჩვენმა შვილმა, რომელსაც იმ დროს გაზეთის გამოცემა აინტერესებდა, გამოძებნა საშუალება, შეკრიბა ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები, ჩაუდგა სათავეში და, უნდა გაგიმხილოთ, ჩვენთვის მოულოდნელად საკმაოდ სოლიდური შემოქმედებითი ჯგუფი შედგა, რომლის ყოფილ წევრებს დღემდე უდიდეს პატივს ვცემ და ვემადლიერები.

რაკი მადლიერება ვახსენე, შეუძლებელია უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით არ გავიხსენო ლანჩხუთის რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელი, ბატონი მიხეილ გვარჯალაძე. მან ძალიან გულწრფელად, დაუფასებელი მხარდაჭერა გაგვიწია და შეგვაძლებინა რედაქციისთვის იმ ფართის შეძენა, სადაც დღემდე ვმუშაობთ.

ერთხანს გურიის გუბერნატორს, ბატონ მიხეილ ჭკუასელსაც ვედექით გვერდში… იმის მერე მოვდივართ და მოვდივართ ზომიერად კრიტიკულები, საკმაოდ ობიექტურები, კარგი ტექნიკური გაფორმებით…

მეამაყება, რომ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე შემოქმედებითი თუ ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულმა არაერთმა ახალგაზრდამ გადადგა პირველი ნაბიჯები მომავალი კარიერისკენ. მიხარია, რომ ჩვენთან, პირველივე ნომრებიდან გამოჩნდა გოჩა ჯანაშიას, ზვიად ნაკაიძის, ავთანდილ ხოფერიას, ნესტან დოლიძის, ნონა ლომაძის, კობა კაპანაძის, დიმიტრი ტიკარაძის, ნინო მშვიდობაძის ხელმოწერები საინტერესო საგაზეთო პუბლიკაციებზე. გადაჭარბებაში ნუ ჩამომართმევთ და ჩვენთან აიდგეს ფეხი ელიკო იმნაძემ, ნათია ურუსაძემ, დარეჯან ბურჭულაძემ, მაია კუკულაძემ, ლელა კვირკველიამ…

დაუფასებელია ხვიჩა სტეფანიას ღვაწლი, რომელიც წლების მანძილზე იყო გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი და ისეთი კვალი დატოვა, რომ მის შემდგომ მოსულებს უფლება არ მისცა თამასა ოდნავადაც დაეწიათ. თამაზ იმნაიშვილი, ბაჩანა კვაჭაძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ნაადრევად წასული აჩიკო კვაჭაძის სული, ჩვენი ნიჭიერი მიმომხილველი, პროფესიით ექიმი. ნაადრევად დავკარგეთ ლევან შალიკაშვილი, განატლებული, გაწოასწორებული კაცი, გურიაში კაცის ეტლს რომ ეძახიან…

იცით როგორი გამავრცელებლები გვყავდა სოფლებში? სოსო ბილიხოძე, რეზო ღლონტი, თამარ ნარსია... არც ახლა გვყავს ნაკლებნი.

მე ვამაყობ, რომ ჩვენი გაზეთი ინახავს ჩემი მეგობრების ამალია ხუხუას, გულნაზ ფირცხალაიშვილის ნაშრომებს, უამრავი ადგილობრივი პოეტისა და პროზაიკოსის შემოქმედებას. ჩვენი დიდი გულშემატკივარი იყო ბატონი ავთანდილ წულაძე. დღემდე მხარს გვიმაგრებს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის პირველი მოწვევის დეპუტატი ომარ ხუციშვილი, ვამაყობთ რუბრიკით „სარწმუნოება“, რაშიც ადგილობრივი მოძღვრები გვეხმარებოდნენ.

ლანჩხუ პლუსის თანამშრომლები რედაქციის შესასვლელ კიბეზე

ბოლოსთვის მოვიტოვე ჩვენი ნუგზარი, შთამომავლობით „პოლიგრაფისტი“, მისი დედაც და მამაც სტამბაში მუშაობდნენ და ალბათ მათგან გამოჰყვა გაზეთის სიყვარული, ამიტომ გახდა ჩვენი რედაქციის ბურჯი და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, შესანიშნავი დიზაინერი, ბრწყინვალე მოქართულე და უბრალოდ კარგი ქართველი, რომელიც სამ შვილს უზრდის ქვეყანას.

პატივს მივაგებდით ჩვენი ქვეყნის წარსულს, აწმყოს და მომავალს, ვცდილობდით უყურადღებოდა არ დაგვრჩენოდა არცერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენა. ვცდილობდით დაგვეფასებინა ყოველი ლანჩხუთელის მიერ გადადგმული ღირსეული ნაბიჯები, არც შეცდომებზე ვხუჭავდით თვალს.

ჩვენთვის ღირსების საქმე იყო და არის, რომ პუბლიკაციები შესრულებულია კარგი ქართულით, ტექნიკური გაფორმება შორს არის ვულგარულობისაგან.

იყო წლები, როდესაც ორი ათასს აღწევდა ჩვენი გაზეთის ტირაჟი. ჩვენ გვწერდნენ ადამიანები, ჩვენგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვდნენ.

რედაქციასთან მუშაობდა ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი „იგრიკა“, რომლის წევრები ამზადებდნენ მრავალფეროვან და საინტერესო გვერდებს აქტუალურ თემებზე. არაერთმა მათგანმა მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია და მოღვაწეობენ საქართველოს ტელევიზიებში, ბეჭდურ მედიაში…

… მაგრამ დადგა 2020 წელი, თან შემოჰყვა საბედისწერო კოვიდი… დედაქალაქთან მიმოსვლა შეიზღუდა, სადაც გამოსვლის დღიდან ვბეჭდავდით ჩვენს გაზეთს. გავჩერდით და დაველოდეთ ვითარების გაუმჯობესებას. მხოლოდ 6 ივლისს შევძელით 2021 წლის პირველი ნომრის გამოცემა. ბოლოს კი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენს ეპოქაში ბეჭდური მედია ძალიან ცოტა ხალხს აინტერესებს. წლებმაც თავისი გაიტანა და გადაწყდა, რომ ვჩერდებით!

სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს გამოსათხოვარი წერილი.

მადლობას გიხდით სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, თავისუფალ, მშვიდ, ძლიერ საქართველოში დიდხანს სიცოცხლეს.

თქვენი ქეთევან ნაკაშიძე

რას ჩივი?