არის რაღაცები, რომელთა ახსნაც უბრალოდ შეუძლებელია. რა უნდა ჰქონდეს ადამიანს გულში, რომ საკუთარი ქალაქის გასალამაზებლად დარგულ ყვავილებსა და ხეებს ტოტები დაამტვრიოს?!
ლანჩხუთის სამუსიკო სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორია სკოლის ძალისხმევით გალამაზდა. დაირგო ყვავილები, შეიქმნა სასიამოვნო გარემო, რომ ამ ქუჩაზე გამვლელებიც და სკოლის მოსწავლეებიც სილამაზით დატკბნენ.
თუმცა, როგორც სკოლა წერს, ტერიტორიაზე დარგული მცენარეების თვითნებურად დაზიანების ფაქტები სისტემატურ ხასიათს ატარებს.
„ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული ხე-ყვავილების თვითნებურად დაკრეფის ფაქტები სისტემატურ ხასიათს ატარებს. აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალური საკუთრებაა და ემსახურება სასიამოვნო გარემოს შექმნას“ – ნათქვამია სკოლის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ თუ მსგავსი ფაქტის ისევ განმეორდება, შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.
როგორც ჩანს, მოტეხილ ტოტებსა და ყვავილებს მავანი თაიგულების გასაფორმებლად იყენებს. გამოდის, ვიღაცები სხვისი შრომით შექმნილ სილამაზეს ანადგურებენს, მცენარეებს მასობრივად ამტვრევენ და აზიანებენ, რათა ამით საკუთარი სარგებელი ნახონ.
რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ვიწრო და მერკანტილური დამოკიდებულება?! ყვავილი იმისთვის არ ირგვება, რომ ვიღაცამ დაამტვრიოს და წაიღოს. ის იმისთვისაა, რომ იყვავილოს, ქალაქი გაალამაზოს და ადამიანებს სიხარული მიანიჭოს.
სირცხვილია, როცა სხვისი შრომის დაფასება არ შეგვიძლია. სირცხვილია, როცა საკუთარ ქალაქში დარგულ მცენარეებს ვერ ვუფრთხილდებით. განსაკუთრებით სამარცხვინოა, როცა საერთო სივრცის სილამაზეს პირადი გამორჩენის წყაროდ ვაქცევთ.
ნუ ამტვრევთ ყვავილებს – ლანჩხუთი ჩვენი საერთო სახლია და მის სილამაზეზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა!





