დღევანდელი დღე და დღევანდელი გამარჯვება თქვენს გარეშე არ იქნებოდა!
ავთანდილ ორმოცაძე!
დიახ, ეს თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი იმ დიდ სიხარულს, რომლითაც დღეს ჩვენი პატარა ლანჩხუთი და მთელი საქართველო ხარობს…
ვინ მოთვლის, რამდენი იბრძოლეთ, რამდენი იწვალეთ, რამდენი იომეთ ამ დღისთვის…
შიშველი ხელებით, ენთუზიაზმით, ყოველგვარი პირადი ინტერესის გარეშე, მხოლოდ ერთი რწმენით – რომ გოგონებსაც შეეძლოთ ფეხბურთში დიდი გამარჯვებების მოპოვება და ლანჩხუთის სახელის მთელ საქართველოში გატანა.
რამდენი დამცირება გადაიტანეთ…
რამდენი დაცინვა…
რამდენი ირონია…
გვაპატიეთ, ბატონო ავთანდილ, მაშინ ვერ ვხედავდით იმას, რასაც თქვენი კეთილი გული და შეუპოვარი ხასიათი გეუბნებოდათ. ქალთა ფეხბურთი ჩვენთვის უცხო იყო, თქვენი ოცნება კი ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.
თქვენ კი არ ნებდებოდით…
სკოლიდან სკოლაში დადიოდით…
დირექტორებს ეხვეწებოდით…
მასწავლებლებს ემუდარებოდით…
მშობლებსაც კი უჩოქებდით, ოღონდ გოგონები ფეხბურთზე გამოეშვათ…
ყინვაში, წვიმაში, თაკარა მზეში – მაინც აგროვებდით გოგონებს, მაინც ეძებდით გზას, მაინც აგრძელებდით ბრძოლას.
მერე რედაქციიდან რედაქციაში დადიოდით, ჩემი გოგონები გამოჩნდნენო, არ დაჩაგრონო, მათი ამბავი ხალხამდე მიიტანეთო…
თქვენ საკუთარ თავს ყოველთვის უკან აყენებდით. მთავარი თქვენთვის თქვენი გოგონები, მათი მომავალი და ის საქმე იყო, რომლისაც ასე გულწრფელად გჯეროდათ.
თუ ადამიანობას, თავმდაბლობასა და ზრდილობას უმაღლესი ხარისხი აქვს, თქვენ სწორედ ამ ხარისხის ადამიანი იყავით. ხედავდით, რომ ბევრს თქვენი იდეის არ სჯეროდა, მაგრამ დაცინვასაც კი იმ ჩვეული, თბილი ღიმილით პასუხობდით. არ ბრაზდებოდით, არავის ემდუროდით, არ იხევდით უკან…
და დღეს, როცა თქვენს დაწყებულ საქმეს მთელი საქართველო ზეიმობს, გვინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ: გვაპატიეთ, რომ მაშინ ბოლომდე ვერ დაგიჯერეთ!
გვაპატიეთ, როცა ვერ ვხვდებოდით, რომ ფეხბურთში თქვენი გოგონების პირველობა შემთხვევითი არ იყო…
როცა მინდვრის ჰოკეიში მათი ჩემპიონობა გვაოცებდა…
როცა რაგბიშიც ყველას აჯობეს…
თქვენ ხომ გაცილებით დიდი რამ დაიწყეთ, ვიდრე ერთი გუნდის შექმნა იყო. თქვენ ლანჩხუთს დაუტოვეთ საქმე, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო, თაობები აღზარდა და დღეს მთელი ქვეყნის სიამაყედ იქცა.
თქვენ მიერ ორი ათეული წლის წინ დაწყებულმა საქმემ საქართველო გაახარა!
ლანჩხუთი დღეს ამაყია! ამაყია თქვენით და თქვენი მემკვიდრეებით – იმ გოგონებითა და იმ ადამიანებით, რომლებმაც თქვენსავით იბრძოლეს, იშრომეს, ირწმუნეს და არასოდეს დანებდნენ.
თქვენ ლანჩხუთის ქალთა ფეხბურთისთვის ანდრო ჟორდანია ხართ!
დღეს თქვენი დაწყებული საქმით ხარობს მთელი საქართველო. გვჯერა, ხარობს თქვენი კეთილი სულიც, რადგან თქვენი თავდაუზოგავი შრომა უკვალოდ არ გამქრალა. თქვენ დათესეთ და სხვებმა მოიმკეს, მაგრამ ეს მოსავალი პირველ რიგში თქვენ გეკუთვნით.
ჩვენო კეთილო ადამიანო, გილოცავთ – თქვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეა!
რა სამწუხაროა, რომ ვერ მოესწარით თქვენი საოცნებო გუნდის ვერც ჩემპიონობას და ვერც ევროპის დიდ საფეხბურთო ასპარეზზე გაბრწყინებას. როგორ გვინდოდა, ეს დღე თქვენთან ერთად გვეზეიმა, თქვენი ბედნიერი თვალები გვენახა და ერთხელ კიდევ მოგესმინათ, რომ თქვენი გოგონები ამასაც შეძლებდნენ…
მაგრამ გვინდა გვჯეროდეს, რომ იქ, სადაც ახლა ხართ, იცით, რა ხდება ლანჩხუთში. იცით, რომ თქვენი ნაშრომი ცოცხლობს, რომ თქვენი გოგონები კვლავ იბრძვიან და თქვენი ოცნება დღეს უკვე მთელი საქართველოს სიხარულია.
დიდებულო ადამიანო, ეს გამარჯვება თქვენიცაა!
გილოცავთ, ბატონო ავთანდილ! მადლობა იმ რწმენისთვის, რომელიც არ დაკარგეთ მაშინაც კი, როცა ჩვენ მისი დაჯერება გვიჭირდა.
თქვენ ვერ მოესწარით ამ დიდ დღეს, მაგრამ ეს დღე თქვენ გეკუთვნით!
მამუკა ქანთარია
გურია Today, 19.11.2020
ასევე წაიკითხეთ: ისტორიას დარჩება: პირველად იყო ლანჩხუთი! ციცების მორიგი სასწაული, ანუ გურულებმა კიდევ ერთხელ გადარიეს მთელი დუნია…




