სამი გოლი, სამი ისტორიული წამი, როცა ბესო ფრიდონაშვილმა „გურიას“ ისტორია დაწერა… და რაოდენ დიდი უნდა იყო, რომ ამ გოლების გარეშეც კლუბის ლეგენდა ხარ!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ბესო ფრიდონაშვილი, „ლოკომოტივთან“ და „ცხუმთან“ მატჩების ტაბლო, თასის მფლობელი „გურიას“ ფეხბურთელები

„გურიას“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ლეგენდა რომ თამამად ითქმის, ისეთია ბესიკ ფრიდონაშვილი. ლანჩხუთელი ქომაგების უსაყვარლეს მოთამაშედ ითვლებოდა. ის უყვარდათ ისეთი სიგიჟით, როგორი სიგიჟეც იყო სოფლის გუნდის ტრიუმფი გასული საუკუნის 80-იანებში…

მას ბევრი გაჰქონდა, მაგრამ გურულ ქომაგს გოლის გამტანის მეტი რა უნახავს. ბესო სხვანაირად უყვარდათ და არა მხოლოდ გოლების გამო…

„გურიას“ 10-იანი მაყურებლისთვის თამაშობდა, გუნდის სული და გული იყო, არასდროს ზოგავდა თავს… ამას უფასებდნენ ყველაზე მეტად და „შინაურ კაცად“ თვლიდნენ, როგორც მაგალითად, თემურ ჩხაიძეს და ვახტანგ კოპალეიშვილს.

ერთი „გურიას“ სახელოვანი კაპიტანი და საუკუნის მოთამაშეა, მეორე კი აქაურებისთვის პლატინიც იყო და კრუიფიც, მარადონაც კი. ამ ლეგენდებში რომ შემთხვევით ვერ მოხვდები, ამას თქმა არ უნდა.

ფრიდონაშვილის, ჩხაიძისა და კოპალეიშვილის გვერდით „გურიაში“ სხვა არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი თამაშობდა, თითოეულს რომ თავისუფლად შეეძლო ამა თუ იმ გადამწყვეტი გოლის გატანა, მაგრამ…

საფეხბურთო ღმერთმა ეს მისია ბესიკ ფრიდონაშვილს დააკისრა, „გურიას“ ათიანს და, ალბათ, ამით დაუფასდა კლუბისადმი თავდადება, პროფესიონალიზმი და სიყვარული.

სამი ისეთი გოლი გაიტანა, „გურიას“ ისტორიაში სამივე ოქროს ასოებით რომ ჩაიწერა:

1986 წლის 12 ნოემბერს, ბათუმში, მოსკოვის „ლოკომოტივს“ 76-ე წუთზე გაუტანა და იმ გოლმა ლანჩხუთის კლუბი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა.

სამ წელზე ცოტა მეტი იყო გასული, 1990 წლის 31 მარტს, ლანჩხუთში, ბესოს გოლი გორის „დილას“ კარში პირველი აღმოჩნდა, რომელიც „გურიამ“ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში გაიტანა.

იმავე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს თასის ფინალში, 95-ე წუთზე გაუტანა სოხუმის „ცხუმს“ და გუნდს პირველი ეროვნული თასი მოაგებინა…

აქედან ერთი გოლიც შეიყვანდა „გურიას“ ისტორიაში, მან კი სამი გაიტანა…

და წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი უნდა იყო, რომ ამ გოლების გარეშეც კლუბის ლეგენდა ხარ!

ის მხოლოდ სამი ისტორიული გოლით არ შემორჩენილა „გურიას“ ისტორიას. იმ სიყვარულით დაიმახსოვრეს, რომელსაც ვერც გოლების რაოდენობით გაზომავ და ვერც წლების გასვლით გააქრობ.

ის იყო იმ „გურიას“ ნაწილი, რომლის გახსენებაზეც დღემდე განსაკუთრებული ემოცია ეუფლება ლანჩხუთს. იყო ფეხბურთელი, რომლისთვისაც გულშემატკივარი სტადიონზე მოდიოდა და რომლის ერთგულებაც ტრიბუნიდანაც იგრძნობოდა.

სამი გოლი, სამი ისტორიული წამი და ერთი დიდი საფეხბურთო ცხოვრება, რომელიც „გურიას“ არასდროს დაავიწყდება.

ბესო, ჩვენო ძვირფასო, მადლობა იმ სიხარულისთვის, იმ ერთგულებისთვის და იმ ისტორიებისთვის, რომლებიც ლანჩხუთს აჩუქე!

მამუკა ქანთარია