ისტორიას დარჩება: პირველად იყო ლანჩხუთი! ციცების მორიგი სასწაული, ანუ გურულებმა კიდევ ერთხელ გადარიეს მთელი დუნია…

|

Loading

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზეა | ფოტო რუმინეთიდან

გურულები დუნიის გადარევას განაგრძობენ _ ლანჩხუთელმა ქალმა ფეხბურთელებმა მორიგი სასწაული შემოგვთავაზეს და კიდევ ერთი ფავორიტი კლუჟის „ოლიმპია“ მისსავე მოედანზე გამოთიშეს ასპარეზობას.

თუ აქამდე „ლანჩხუთი“ პირველი ქართული ქალთა გუნდი იყო, რომელმაც ევროსარბიელზე არათუ ეტაპი გადალახა, პირველ გამარჯვებასაც გემო გაუსინჯა, ახლა სულაც ქვეყანაში პირველია, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში რომ მოხვდა.

თუ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური ბარიერის გადალახვა სასიამოვნო მოულოდნელობად და პატარა სასწაულად მოინათლა, რუმინეთში იგივეს გაკეთებას არავინ მოელოდა… ეგ კი არა, მრავლისმნახველი ლანჩხუთელი ქომაგი იმას ფიქრობდა, ნეტავ ჩვენმა ციცებმა დიდი ანგარიშით არ წააგონო.

გულში ფიქრობდა, მაგრამ მაინც ჰქონდა კიდევ ერთი სასწაულისა და საფეხბურთო ფორტუნის იმედი, რომელმაც ეს ქალაქი არაერთხელ გაანებივრა…

და ეს სასწაული გუშინ მოხდა – „ლანჩხუთმა“ ევროპის მთავარ ლიგაზე დაიქუხა და ბებერ ევროპას ამცნო, რომ საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა.

ჩვენ არ შევუდგებით მატჩის პერიპეტიების მიმოხილვას, გუშინ საღამოს ხომ ლამის მთელი ლანჩხუთი კომპიუტერისა და ტელეფონის ეკრანს იყო მიჯაჭვული და თავადაც იხილა ჩვენი ციცების შეუპოვარი ბრძოლა…

ამდენს არ ვინერვიულებდით, მშვენიერ მსაჯებს სადავო თამაშაგრეს მოტივით ჩვენი გოლი რომ არ გაეუქმებინა, ან იქვე ხატია ჭყონიას „გასროლა“ ძელიდან კარში შესულიყო…

მაინც გავიტანეთ _ ისევ ჭყონიას მაღალი ოსტატობის ხარჯზე! „ლანჩხუთის“ მთავარმეგოლემ ისევ გამოაჩინა შიგა მაისური და გოლი გარდაცვლილ დისშვილს მიუძღვნა.

მერე იყო დროში ძალიან გაწელილი წუთები და ბოლოს გამარჯვების დიდი სიხარული…

მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთო, თქვა მატჩის წინ ჩვენებურთა მწვრთნელმა და სიტყვა შეასრულა! გიორგი ჩხაიძემ გამარჯვება გურულ ქომაგს მიუძღვნა.

ლანჩხუთი კვლავ ფეხბურთით ხდება ყურადღების ცენტრში _ ეს ქალაქი და ეს გუნდი მეტ ყურადღებას იმსახურებენ!

აუღებელი ხელფასები, არცთუ „საჩემპიონო“ პირობები და დახეული ბუცები… ესაა „ლანჩხუთის“ დღევანდელობა, მაგრამ აქვეა საქმისადმი ფანატიკური სიყვარული. ესაა ქალაქი, სადაც პრეზიდენტი მოთამაშეებს წლობით საკუთარ სახლში აცხოვრებს და ლუკმას უყოფს.

მწარედ იხუმრეს ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ ყაზახური ბარიერის გადალახვის შემდეგ _ მაინცდამაინც „ბარსელონას“ უნდა მოვუგოთ, ხელფასი რომ მოგვცეთო!

ეგ კი არა, რუმინეთში გამგზავრების წინ, საოცარ გურულ ქალებს ყოველდღიური საჭიროების ნივთების შესაძენი ფულიც არ ჰქონდათ. მცირე დაფინანსება დიდი ხანია ამოწურულია და თვეების მანძილზე უხელფასოდ დარჩენილი ქალები სასწაულებს ახდენენ…

ამიტომაც კიდევ მეტად დასაფასებელია მათი გუშინდელი სასწაული და საოცარი გამარჯვება…

„ლანჩხუთი“ მაგალითია, როგორ შეიძლება მწირი ფინანსებით, მაგრამ დიდი შემართებით, იყო წარმატებული.

მადლობა ლანჩხუთელ ქალებს და მათ მწვრთნელებს ამ დიდი სიხარულისთვის!

მადლობა მათ მთავარ მოამაგეს, დურმიშხან ჩხაიძეს _ ბოლომდე რომ იბრძოლა და ურთულეს ვითარებაშიც კი ფარხმალი არ დაყარა, მამობრივი მზრუნველობით შეიფარა გუნდი!

მადლობა ცხონებულ ავთანდილ ორმოცაძეს, რომელმაც წლების წინ, ენთუზიაზმის და ბევრი დაცინვის ატანის ხარჯზე, სკოლები ჩამოიარა და ლანჩხუთში ქალთა ფეხბურთის ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა!

იმ ჯგუფმა გუშინ ევროპაში დასჭექა…

ისტორიას დარჩება: პირველად იყო ლანჩხუთი!

მამუკა ქანთარია