„ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, ეწრის ეკლესიაში მსახურობდა და როგორც ჩანს, წირვიდან შინ ბრუნდებოდა… საშინელი ადგილია, ადრე აქ პოლიციელიც დაიღუპა…“ _ ჯურუყვეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

|

Loading

ავარიის ადგილი _ ჯურუყვეთის სარკინიგზო გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მომხდარ ავარიას 30 წლის ქობულეთელი ახალგაზრდის, გიორგი ცეცხლაძის სიცოცხლე შეეწირა. თავიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ გიორგი 21 წლის იყო

„გიო, ჩვენო უწესიერესო, უთბილესო… წირვიდან წამოსულს ეს რა მოგივიდა, გიო, არ ვიცი, შენს დედიკოს, მამიკოს, შენს დაიას როგორ ან რით ვანუგეშოთ, ასეთი ოჯახი ასეთი დიდი განსაცდელისთვის, როგორ და რატომ, უფალო? რა ვუთხრათ შენს ექიმ დედას, რომელიც მთელი ცხოვრება სხვების ჯანმრთელობისთვის ზრუნავს… საუკეთესო მშობლების საუკეთესო შვილი იყავი, ძალიან მწარე ხარ, გიორგი“ _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

მსუბუქ ავტომობილს სარკინიგზო გადასასვლელზე თბილისი-ოზურგეთის მატარებელი დაეჯახა. ავარია იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მემანქანემ დაახლოებით 200 მეტრში მოახერხა მატარებლის შეჩერება.

სამწუხაროდ, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ეწრის ახალგახსნილ ტაძარში მსახურობდა, მედავითნე იყო და სავარაუდოდ, კვირის წირვიდან სახლში ბრუნდებოდა.

„შეჯახების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ავტომობილი ჯურუყვეთიდან მთავარ მაგისტრალზე გადმოდიოდა, მატარებელი კი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა“ _ გვითხრმა მოქალაქემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში მივიდა.

ცნობილია, რომ ჯურუყვეთში, რკინიგზის გადასასვლელი ავტომატური დაცვის სისტემით აღჭურვილი არ არის და მატარებლის გავლისას ავტომობილების მოძრაობის რეგულირებას ადგილზე მყოფი თანამშრომელი ხელით ახორციელებს.

რამ გამოიწვია ტრაგედია, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე დაწყებულია. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო გადასასვლელი ავარიის დროს დაკეტილი არ იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ სარკინიგზო გადასასვლელზე ტრაგედია მოხდა. 2012 წელს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს, ნოდარ ვენჯელაშვილს ავტომობილი გადასასვლელზე გაუჩერდა, სამწუხაროდ, კარის გაღება და გადმოსვლა ვერ მოასწრო, მატარებლის შეჯახების შედეგად, სამართალდამცავი ადგილზე დაიღუპა.

„ძალიან ცუდი ადგილია, ხილვადობა ცუდია და ხშირად ხდება შემთხვევები, როცა ადამიანები სასწაულებრივ გადაურჩნენ სიკვდილს. ზოგჯერ კი სამწუხაროდ ტრაგედიებიც ხდება. ყურადღებამისაქცევი ადგილია“ _ წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.