„სიჩქარე, ძლიერი შეჯახება, მსხვრევის ხმა, სასწრაფო დახმარების გამაყრუებელი სირენა და… უსაშველო ტკივილი ყვირილამდე…“ _ სუფსა 22 წლის ახალგაზრდას გლოვობს

|

Loading

გიორგი გუჯაბიძე

ლანჩხუთის სოფელ სუფსაში ტრაგედია დატრიალდა _ 22 წლის გიორგი გუჯაბიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მისი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

გიორგი ცნობილი მთამსვლელის, ბიძინა გუჯაბიძის ძმისშვილი იყო. ყოფილი ფეხბურთელი “გურიას” ჭაბუკთა გუნდების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა. ახლობლების თქმით, სპორტული მედიცინა აინტერესებდა, სტუდენტი გახლდათ. ავტომობილი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე შეუძენია…

ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე, მა­რი­ნე ბე­რი­ძე წერს: „მშვიდობით, შვილო! ავადმყოფობამ დამინდო და არ მომიშვა შენი მშობლების უბედურების სანახავად… ჩემი სახლიდან გაგაცილე ახალი მანქანით. 10 დღე გეყო მხოლოდ სიხარულად… ჩემგან მოუფერებელო, წესიერად ვერგაცნობილო, უცებ გაზრდილო ვაჟკაცო. ბავშვი მეგონე ისევ. ისევ შენი ბავშვური ტიკტიკი მესმის. ყველაფერი წინ მეგონა ჩვენს ურთიერთობაში. მამაშენი შენზე პატარა დამხვდა. მისი თანადგომა, მისი ფეხზე დგომა ჩემი ცხოვრების ერთი საყვარელი მოტივი იყო. ყოველთვის ღირსებით სავსემ, ნახე რა ბიჭი გაგზარდა! არ ვიცი, როგორ ვნახავ დედაშენს და რას ვეტყვი ნუგეშად. ორი ოჯახის “სანჩხვე” იყავი. შენ დარჩი მანდ სატრიალოდ, მტრის და მოყვარისთვის პასუხის გასაცემად. ნათელ გზაზე იარე, პატარა! ჩემო კულულებიანო ანგელოზო. მე კი სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა სანანებლად, რომ როგორც გეკუთვნოდა, ის ყურადღება ვერ დაგითმე, ვერ მოგეფერე, ვერ გადაგეფარე…”

სულისშემძვრელია ლია კვაშალის წერილიც, რომლითაც გიორგის ემშვიდობება:

„გუშინ… ფეხბურთს თამაშობდით გაოფლილები, დასვრილები…

გუშინ… იყო სტადიონიდან ძლიერი დარტყმის გამო ეზოში შემოგდებული და ფანჯრის მინას მოხვედრილი ბურთი…

გუშინ… ზღვაზე ერთად, გარუჯულები, იქედან მობრუნებულების მხიარული შეძახილებით მდინარეში კოდმედან ხტომა…

გუშინ… თხილის სახეკად წასულები და გვიან დაღლილი დაბრუნებულები…
გუშინ… ხუთივენი ველოსიპედებზე “ამხედრებულები” ლაშქრავდით სუფსიდან ხორეთამდე გზას…

გუშინ… ძველით ახალ წელს, კომენდანტის საათის დაწყებამდე ერთად შეკრებილებს ერთმანეთის სიყვარულში გათენდებოდათ…

სკოლის ბოლო ზარი, ეროვნულები… მაგრამ ზაფხულობით მაინც ერთად ყოფნა… ფლეშმობები, ტყუპების გაცილება, ხვევნა-კოცნა და სამომავლოდ ახალი იდეების გაცვლა-გამოცვლა…

თქვენი შეხვედრები შემცირდა… იყო უსაშველო მონატრება…
ეს და კიდევ ბევრი ლამაზი დღე, რომელსაც ვერ ამოშლით…


ეს ყველაფერი იყო გუშინ…
დღეს… იყო საღამომდე…

სიჩქარე, ძლიერი შეჯახება, მსხვრევის ხმა, სასწრაფო დახმარების გამაყრუებელი სირენა და… ტკივილი, უსაშველო ტკივილი ყვირილამდე…

შემდეგ დაიწყო ნამტირალევი თვალებით “გუშინ”-ის გახსენება, კადრების უკან გადახვევა… იმიტომ რომ, იმიტომ რომ _ “ხვალ” აღარ იყო…“ _ წერს ლია კვაშალი.

”გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას გიორგი გუჯაბიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.