„მეზობლებმა იპოვეს საკუთარ ეზოში, თოვლში ბეღურა ჩიტივით მკვდარი…“ _ ქართული ხალხური სიმღერების დიდოსტატი, რომელმაც ლანჩხუთს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა

|

Loading

ანსამბლი „ხელხვავი“, მარცხნიდან პირველი _ ანზორ ტუღუში

„ჰამლეტ გონაშვილთან, ომარ კელაპტრიშვილთან, გაიოზ არაბაშვილთან ერთად ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველ მომღერალთა პანთეონში“ _ ვისზე თქვა ეს სიტყვები ანზორ ერქომაიშვილმა

დღეს, ანსამბლ „ხელხვავის“ დამაარსებლის, ანზორ ტუღუშის დაბდების დღეა. 1940 წლის 26 ოქტომბერს სოფელ ნიგვზიანში დაიბადა და ორი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანლობდა მამათის სახალხო ანსამბლს, რომელსაც დიდი წარმატებები მოუტანა.

„ვისაც ახსოვს „რუსთავის“ გამოსვლები 70-იან წლებში, უთუოდ ემახსოვრება მისი სოლისტი, „კრიმანჭულის“ შესანიშნავი შემსრულებელი ანზორ ტუღუში, რომელიც ანსამბლის შემადგენლობაში მოვიდა დღიდან მისი დაარსებისა (1968 წ.). მას შემდეგ, მთელი 15 წლის მანძილზე, მან დიდი წვლილი შეიტანა „რუსთავის“ წარმატებაში, ანსამბლთან ერთად იმოგზაურა უცხოეთის მრავალ ქვეყანაში, სადაც მისი მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება მსმენელთა აღტაცებას იწვევდა“ _ ამბობდა ქართველი ხალხური სიმღერის მკვლევარი, ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.

მისივე თქმით, კომპოზიტორმა ოთარ თაქთაქიშვილმა თავის ცნობილ კანტატაში „გურული სიმღერები“ ანზორ ტუღუშის ხმისათვის სპეციალურად დაწერა ურთულესი პარტია, რომელიც „კრიმანჭულის“ ვირტუოზულ საშემსრულებლო ტექნიკაზე იყო აგებული.

„ეს კანტატა დიდი წარმატებით შესრულდა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. ამ წარმატებაში მის შემსრულებელთა შორის (დიდი გუნდი, სიმფონიური ორკესტრი და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი) ანზორ ტუღუშის პარტია მსმენელთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. დიდი დიაპაზონის ხმა, ლამაზი ტემბრი, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჟღერდა მაღალ რეგისტრში, უბადლო ტექნიკა, იმპროვიზაციის ამოუწურავი შესაძლებლობა, სიმღერების საფუძვლიანი ცოდნა, _ აი, ის თვისებები, რომელიც ანზორ ტუღუშს გურული სიმღერების იშვიათ შემსრულებელთა რიგებში აყენებდა“ _ ესეც „რუსთავი“ ლეგენდარული ხელმძღვანელის სიტყვებია.

ანზორ ტუღუშმა დაამთავრა ოზურგეთის „ძველი სიმღერა-გალობის შემსწავლელი სკოლა“, სადაც ცნობილი ლოტბარის ვლადიმერ ერქომაიშვილისაგან შეისწავლა გურული სიმღერა-საგალობლების იშვიათი ნიმუშები, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ასწავლიდა ბავშვებსა და მოზრდილებს.

იგი წლების განმავლობაში მღეროდა ოზურგეთის ცნობილ ანსამბლ „ელესაში“, სადაც მსმენელისა და ანსამბლის წევრების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

1973 წელს მამათში ანსამბლი ჩამოყალიბდა. ანზორ ტუღუში “რუსთავიდან” მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა “ხელხვავს”.

მას ლამაზი ტემბრის, ნარნარი და გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა, წკრიალა, ნაკადულივით მორაკრაკე, შთამბეჭდავი და განუმეორებელი. ზედმიწევნით და კარგად იცნობდა ქართულ ხალხურ სამუსიკო ფოლკლორს. იყო უძველესი გურული სიმღერების უბადლო მოცოდნე და შემსრულებელი. როგორც ლოტბარს, შეეძლო ყველა ხმა ემღერა, მაგრამ გამყივანის და კრიმანჭულის ვირტუოზულ შესრულებაში ვერავინ შეედრებოდა. კარგად იცოდა ხელთუქმნელი საუნჯის _ ქართული ხალხური სიმღერების ფენომენის საიდუმლოება, შრომობდა დაუღალავად.

მისი თანაკურსელები იყვნენ „ხელხვავის“ შემდეგი ლოტბარები _ დიმიტრი ხომერიკი და ბიძინა მჟავია, რომელიც ანსამბლის ამჟამინდელი ხელმძღვანელია. მათ ერთი სკოლა ჰქონდათ გავლილი. ყოველივემ კი ხელი შეუწყო „ხელხვავის“ წარმატებას.

ბატონი ანზორი უბრალო კაცის ყოფით ცხოვრობდა, თუმცა ცხოვრების მაღალ მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მშობლიური კუთხე ვერ მიატოვა და სიცოცხლის ბოლომდე ანსამბლის გვერდით იდგა.

იგი, 1993 წლის 30 იანვარს, 53 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მეზობლებმა იპოვეს საკუთარ ეზოში, თოვლში ბეღურა ჩიტივით მკვდარი. მისი სახელი მიენიჭა ანსამბლს, რომელსაც 20 წელი უძღვებოდა…

„გულმა ვეღარ გაუძლო. ანზორ ტუღუშმა ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი სიცოცხლე განვლო და ჰამლეტ გონაშვილთან, ომარ კელაპტრიშვილთან, გაიოზ არაბაშვილთან ერთად ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველ მომღერალთა პანთეონში“ _ წერდა ანზორ ერქომაიშვილი ადამიანზე, რომელსაც მან ქართული ხალხური სიმღერების დიდოსტატი უწოდა.

ასევე წაიკითხეთ: ნადური, კალოს ხელხვავი, ხასანბეგურა, აგიდელა, ორირა… მამათის ცნობილი ანსამბლი 50 წლისაა! ვინ დაარქვა სახელი „ხელხვავს“? 1973 წელს დაწყებული წარმატებებით ხვავრიელი ისტორია